U19. საქართველო-სომხეთი 4:0 - ქარბორბალა მეტოქის კართან

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა სომეხ თანატოლებთან მეორე ამხანაგური შეხვედრაც ჩაატარა და 4:0 გაიმარჯვა.

კახა კაჭარავას გაწვრთნილები უფრო დამაჯერებლად თამაშობდნენ, ვიდრე ორი დღისწინანადელ დაპირისპირებაში, რომელიც 1:0 მოიგეს. ეს იმის მიუხედავად, რომ ეროვნული ჩემპიონატის უმაღლესი და პირველი ლიგაში მოთამაშეები კლუბებს დაუბრუნდენ და ამჯერად ვერ ითამაშეს ლევან გეგეჭკორმა, ნიკა ჭანტურიამ, ნიკა სანდოხაძემ, გიორგი აბურჯანიამ, პაპუნა ფონიავამ, გიორგი ფანცულაიამ.

მაგრამ სომხების გუნდი ამ შემადგენლობამაც მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო. კაჭარავამ ნაკრები ამჯერად 4-4-1-1 ტაქტიკური სქემით ათამაშა, თუმცა, წინა მატჩისგან განსხვავებით, მეორე შემტევი ნიკა ახვლედიანი ოდნავ უკან იყო
დახეული.

შეხვედრა საქართველომ თავიდანვე აქტიურად დაიწყო და მეტოქის დაცვის სისუსტეებიც უცებ გამოჩნდა. პატარა აფეთქება და მეტოქე დაცვაში იბნეოდა. ანგარიშიც სწრაფად გაიხსნა: კუთხურიდან მოწოდებული ბურთი ახლო მანძილიდან კარში თავით ვაჟა მათიაშვილმა გააგზავნა - 1:0.

სომხებმა მწვავე კონტრშეტევით უპასუხეს, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა თავდამსხმელმა ზოჰრაბიანმა ნიკა შერმადინს ვერ აჯობა.

რამდენიმე წუთში იგივე ეპიზოდი სომხების კართან განმეორდა - ამჯერად სიზუსტე ავთანდილ ენდელაძეს დააკლდა.

ენდელაძემ შეცდომა მალე გამოასწორა, მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა პენალტი მოიპოვა, რომელიც ახვლედიანმა ზუსტად შეასრულა - 2:0.

ჩვენები შეტევაში დამაჯერებლად გამოიყურებოდნენ, მაგრამ ბოლო წუთზე ისევ მეკარე შერმადინმა გაიბრწყინა, რომნელმაც პირისპირ გასულ აივაზიანს აჯობა.

მეორე ნახევარშიც იგივე სურათი იყო: ქართველები უტევდნენ, სტუმრები კი იშვიათი, მაგრამ საკმაოდ მწვავე კონტრშეტევებით გვპასუხობდნენ.
სომხები ცდილობდნენ ანგარიშის შემცირებას, მაგრამ საკუთარ კარიდან ბურთი კიდევ ორჯერ გამოიტანეს: ნიკა კაჭარავამ საჯარიმოს სიახლოვიდან ძლიერად და ზუსტად დაარტყა - 3:0.

მალე კვლავ ამ ტანმაღალ თავდამსხმელს (198 სმ) მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბაჩანა არაბულს უპასა, რომელმაც ახლო მანძილიდან გაიტანა - 4:0.

შემდეგ მათ როლები გაცვალეს, ამჯერად არაბულმა კაჭარავას მისცა თავის გამოჩენის შანსი, მაგრამ ბურთი კარს ააცილა.

ბოლო წუთზე სომხებს პრესტიჟის გოლის გატანის საშუალება ჰქონდათ, მაგრამ პირისპირ დარჩენილი თავდამსხმელის წინააღმდეგ შერმადინმა კვლავ მშვენივრად ითამაშა. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ჩვენს დაცვაში კი ხარვეზები გამოჩნდა.

ეს მატჩზე დამსწრე აზერბაიჯანის 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ველი კასუმოვმაც აღნიშნა, რომლის გუნდიც კაჭარავას გაწვრთნილებს შემოდგომაზე შესარჩევ ციკლში დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის შეხვედრები 26 ოქტომბერს ეწყება: ტურნირს ხორვატია უმასპინძლებს და ბალკანელების გარდა, აზერბაიჯანისა და ისლანდიის ნაკრებები დაგვიპირისპირდებიან.

U-19. ამხანაგური მატჩი
22 აგვისტო. თბილისი. "ბასა". 400 მაყურებელი
საქართველო-სომხეთი 4:0
გოლი: 1:0 მათიაშვილი (6), 2:0 ახვლედიანი (23. პ), 3:0 კაჭარავა (51), 4:0 არაბული (63. კაჭარავას პასით).
საქართველო: შერმადინი - მთივლიშვილი, გადრანი, კახიძე, უბილავა - დიასამიძე, ლობჟანიძე, ღერკენაშვილი, ენდელაძე - ახვლედიანი - მათიაშვილი.
შეცვლაზე: ღაღანიძე, პაპუნაშვილი, არაბული, კაჭარავა, სამუშია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U-19. საქართველო-სომხეთი 1:0 - ქარს გატანებული მომენტები
სომხეთის ნაკრების მწვრთნელმა ქართველი ფეხბურთელები შეაქო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული