ტურნირის სადებიუტო შეხვედრაში გიორგი დევდარიანის გუნდი პოლონელ თანატოლებს შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში 3:2 დაამარცხა.
"Syrenka Cup". სტაროჟგრების სტადიონი
პოლონეთიU17 – საქართველოU17 2:3 (1:2)
გოლები: ტაბიძე (12), ზარანდია (25), ზავადა (40), შჟევჩიკი (67), გოროზია (70); მალანიამ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (52)
გაფრთხილება: ხორხელი, ზარანდია, სტრიჟეკი, შულაია
პოლონეთი U17: სტრიჟეკი, ბიელავსკი, ბედნარეკი, გრჟიბეკი (სჟარეკი 47), ბოჩნიევიჩი, გალეცკი (შჟევჩიკი 16), ბარტჟაკი, ტომჟაკი (სუჩანეკი 47), ზავადა, იძიკოვსკი (კოვალჩიკი 59),
მთ. მწვრთნელი - რობერტ ვოჟჩიკი
საქართველო U17: გოშაძე, გელაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, შულაია, მალანია (კაპ), თევზაძე, ზარანდია, ბერიძე (მესხი 55), ხორხელი (გოროზია 60), კერძევაძე
მთ. მწვრთნელი - გიორგი დევდარიანი
მიუხედავად მასპინძლის სტატუსისა, მთელი შეხვედრის განმავლობაში პოლონელთა გუნდი მდევრის როლში იყო - ანგარიშის მიხედვითაც და თამაშითაც.
ჩვენს კარში გატანილი გოლები კი დაცვის მცირედი მოდუნებისა და კონცენტრაციის დაკარგვის შედეგი იყო.
ტექნიკურად, ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქე აშკარად დაჩაგრეს. თავის ფლანგზე შეუჩერებელი იყო ზარანდია, რომელსაც პოლონელთა მწვრთნელი მთელი თამაშის განმავლობაში უცვლიდა მცველებს და ვერცერთი ვერ "მოარგო".
საიმედოდ გამოიყურებოდნენ საყრდენის პოზიციებზე მოთამაშე თევზაძე და მალანია. ბევრი "იმუშავა" ქართველთა გამოკვეთილმა ფორვარდმა - ილია კერძევაძემ.
პირველი გოლი გიორგი თევზაძის საჯარიმო დარტყმას მოჰყვა. ქართველთა საყრდენის დარტყმის შემდეგ ბურთი ძელმა აისხლიტა; დამატებაზე კი ყველას ჯემალ ტაბიძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა.
ამის შემდეგ ზარანდიამ გაილაღა. რამდენიმე სოლორეიდის შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა მეტოქის საჯარიმოში შედეგიანად "შეინავარდა" და მასპინძელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 2:0.
ზარანდიას ერთ-ერთ "სლალომს", წესით, პენალტიც უნდა მოჰყოლოდა, თუმცა მსაჯმა იმდენად აშკარად "ვერ დაინახა", რომ ქართველთა აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდა. ემოციების ვერმოთოკვისა და მსაჯთან შელაპარაკების გამო კი, ზარანდია მხოლოდ ყვითელ ბარათს გამორჩა.
პოლონელებმა ანგარიშის სხვაობა პირველ ტაიმშივე შეამცირეს. თავური დარტყმით გოლი ზავადამ გაიტანა. ტაიმი კი ჩვენი გამარჯვებით - 2:1 დასრულდა.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრებმა ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შექმნა. ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ კერძევაძეს, შეცვლაზე შემოსულ ცოტნე მესხსა და თენგო გოროზიას; 52-ე წუთზე კი თერთმეტმეტრიანის გამოყენება ზურა მალანიამ ვერ შეძლო.
გაფუჭებული პენალტის შემდეგ ჩვენი გუნდი, ცოტა არ იყოს, "აიჭრა", რითაც რამდენიმე წუთში პოლონელებმა ისარგებლეს და ანგარიში გაათანაბრეს. თუმცა, ორი საგოლე მომენტის ვერგამოყენების შემდეგ, გოროზიამ თავისი გოლის გატანა მაინც მოახერხა.
მესხის გამიზნული, შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა გამარჯვების მომტანი დარტყმა შეასრულა - 3:2 და საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გამარჯვებულის სტატუსით გავიდა.
ჩვენი ჯგუფის მეორე მატჩში ნორვეგიამ კვიპროსს პენალტების სერიაში მოუგო (9:8). ასე რომ, დევდარიანის გუნდი სწორედ ნორვეგიელებთან გამართავს ძალიან მნიშვნელოვან შეხვედრას, რომლის მოგებაც უკვე ტურნირის ფინალისტობას ნიშნავს.
ნორვეგიასთან მატჩი დრობინის სტადიონზე, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. ქართველ გულშემატკივარს კი, ტურნირის შედეგებისა და სიახლეების ნახვა "Syrenka Cup"- ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე შეუძლია - www.syrenkacup.plo.pl
როგორც ტურნირის ორგანიზატორები გვპირდებიან, 29 და 31 აგვისტოს მატჩების ხილვა ამ საიტზე, ლაივსტრიმინგის მეშვეობით იქნება შესაძლებელი.
gff.ge