* * *
პოლონეთი-საქართველო 2:3 (1:2)
საქართველო: გოშაძე - გელაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, შულაია - მალანია (კაპ), თევზაძე - ზარანდია, ბერიძე (55. მესხი), ხორხელი (60. გოროზია) - კერძევაძე
მთ. მწვრთნელი: გიორგი დევდარიანი
გოლები: 0:1 ტაბიძე (12), 0:2 ზარანდია (25), 1:2 ზავადა (40), 2:2 შჟევჩიკი (67), 2:3 გოროზია (70)
გამოუყენებელი პენალტი: მალანია (52)
გაფრთხილება: ხორხელი, ზარანდია, სტრიჟეკი, შულაია
ტურნირი ჩვენებისთვის წარმატებით
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ცნობით, მიუხედავად მასპინძლის სტატუსისა, პოლონელები მთელი შეხვედრის განმავლობაში მდევრის როლში იყვნენ - ანგარიშითაც და რაც მთავარია, თამაშითაც.
ჩვენს კარში გატანილი გოლები კი დაცვის მცირედი მოდუნებისა და კონცენტრაციის დაკარგვის შედეგი იყო.
ქართველმა ფეხბურთელებმა მეტოქე ტექნიკურად აშკარად დაჩაგრეს. თავის ფლანგზე შეუჩერებელი იყო ლუკა ზარანდია, რომელსაც პოლონელთა მწვრთნელი მთელი თამაშის განმავლობაში მეურვეებს უცვლიდა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს.
საიმედოდ გამოიყურებოდნენ საყრდენის პოზიციებზე მოთამაშე გიორგი თევზაძე და ზურაბ მალანია. ბევრი "იმუშავა" ქართველთა გამოკვეთილმა ფორვარდმა ილია კერძევაძემ.
პირველი გოლი თევზაძის საჯარიმო დარტყმას მოჰყვა. ბურთი ძელმა აისხლიტა, დამატებაზე ყველას ჯემალ ტაბიძემ დაასწრო და ანგარიში გახსნა - 0:1.
ამის შემდეგ ზარანდიამ გაილაღა. რამდენიმე სოლორეიდის შემდეგ ქართველი ნახევარმცველი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა და მასპინძელთა მეკარეს შანსი არ დაუტოვა - 0:2.
ამის შემდეგ იყო ეპიზოდი, როდესაც ქართველები მსაჯის გადაწყვეტილებამ აღაშფოთა: ზარანდიას ერთ-ერთი რეიდი მასპინძლებმა უხეშად შეაჩერეს და წესით, პენალტი უნდა დაენიშნა, თუმცა მსაჯმა აშკარა დარღვევაზე თვალი დახუჭა. ემოციების ვერმოთოკვისა და მსაჯთან შელაპარაკების გამო კი ზარანდიას ყვითელი ბარათი აუფრიალა.
პოლონელებმა ანგარიშის სხვაობა პირველ ტაიმშივე შეამცირეს. თავური დარტყმით გოლი ზავადამ გაიტანა - 1:2.
მეორე ნახევარში საქართველოს ნაკრებმა არაერთი საგოლე მომენტი შექმნა. ანგარიშის გაზრდა შეეძლოთ კერძევაძეს, შეცვლაზე შემოსულ ცოტნე მესხსა და თენგო გოროზიას; 52-ე წუთზე კი მალანიამ თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა.
ამან ჩვენი გუნდი არია, რითაც პოლონელებმა ისარგებლეს და რამდენიმე წუთში ანგარიში გაათანაბრეს - 2:2.
თუმცა, ორი საგოლე მომენტის ვერგამოყენების შემდეგ, გოროზიამ თავის გამოჩენა მაინც მოახერხა. მესხის შესანიშნავი გადაცემის შემდეგ ქართველი ნახევარმცველის დარტყმამ გამარჯვება მოგვიტანა - 3:2.
* * *
საქართველო-ნორვეგია 0:0 (4:3 პენალტებში)
საქართველო გოშაძე (კაპ), გელაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე, შულაია, ხარაიშვილი (მალანია 58), ჯაფიაშვილი (თევზაძე 26), ხორხელი, ბერიძე (მესხი 53), გოროზია (ზარანდია 31), ბარამიძე (კერძევაძე 29)
მთ.მწვრთნელი - გიორგი დევდარიანი
გოლები: პენალტების სერიაში - მესხი, ზარანდია, მალანია, თევზაძე
გაფრთხილება: იოახიმი, ელიასი, მარგველაშვილი, იან ტიჯანი, ხორხელი, გელაშვილი
საქართველოს ნაკრები შემდეგ ეტაპზე გავიდა და ტურნირზე გამარჯვებისთვის ბრძოლას აგრძელებს, სადაც 29 აგვისტოს ნორვეგიას შეხვდა.
სკანდინავიელებმა ჯგუფის მეორე მატჩში კვიპროსს პენალტების სერიაში სძლიეს (9:8).
ასე რომ, დევდარიანის გუნდი სწორედ ნორვეგიელებთან ატარებდა შეხვედრას, რომლის მოგებულიც ტურნირის ფინალში გადიოდა.
მატჩი დრობინის სტადიონზე 29 აგვისტოს, საღამოს გაიმართა. ძირითადი დრო 0:0 დასრულდა, პენალტების სერია კი პატარა "ჯვაროსნებმა" უკეთ შეასრულეს. გოლები გაიტანეს მესხმა, მალანიამ, ზარანდიამ და თევზაძემ. მეკარე გოშაძემ ერთი პენალტი მოიგერია. საქართველომ 4:3 გაიმარჯვა და ფინალში გავიდა.
31 აგვისტოს ჩვენს გუნდს დანია დაუპირისპირდება, რომელმაც უკრაინას 4:0 სძლია.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"