საქართველო-ესტონეთი 2:1 - ესტონეთი ლაშა პარუნაშვილმა დააჩოქა [VIDEO]

AutoSharing Option
ფოტო
6 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ესტონეთთან რთულ შეხვედრაში გაიმარჯვა და მესამე ადგილით ჩაამთავრა შესარჩევი ეტაპი.

მატჩის გმირი ლაშა პარუნაშვილი შეიქნა, რომელმაც გადამწყვეტი გოლი ლამაზი, შორეული დარტყმით გაიტანა.

ალექსანდრე ჩივაძემ 4-4-2 აირჩია, შემადგენლობის ცვლილებას განლაგების შეცვლაც მიაყოლა. იმ ფეხბურთელებს, რომლებიც მოედანზე იყვნენ, შეთამაშება აშკარად აკლდათ და ეს არც არის გასაკვირი - შემადგენლობა ხომ ექსპერიმენტული იყო.

შეთამაშების გარდა, გუნდს ეპიზოდებში კონცენტრაციაც აკლდა, ზოგიერთ ფეხბურთელს კი მოძრაობა უჭირდა.

როგორც უნდა იყოს, ჩივაძის გაწვრთნილმა გუნდმა ეს თამაში მოიგო, თუმცა მატჩის სიუჟეტი ისეთი გამოდგა, წაგებაც
შეეძლო.

ჩვენი ახალგაზრდების პირველი მწვავე შეტევა არჩილ ტვილდიანის ჩაუქობას მოჰყვა - მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა დავით სხირტლაძეს, "ორჰუსელი" შემტევი მახვილი კუთხიდან ურტყამდა და მცველმა დაუფარა.

ნახევარდაცვის მარცხენა ფლანგზე გამწესებული ნიკა ძალამიძე თამაშის გამწვავებას ცდილობდა და პირველ ტაიმში ეს არაერთხელ მოახერხა კიდეც.

სხირტლაძე ესტონელთა მეკარე მარკო მეერიტსის პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა სტუმართა კიპერმა კარგად ითამაშა და ბურთის მოგერიება მოახერხა. შორიახლო ჩვენებურთაგან არავინ გამოჩნდა ბურთის მოსახელთებლად.

მეერიტსმა საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა, რამდენჯერმე ითამაშა ლიბეროსავით. კარგად გამოიყურებოდა ესტონელთა კაპიტანი ჰენრი ანიერი, სწრაფი და ჯანიანი თავდამსხმელი ადვილი ამოსაკეტი არ გამოდგა.

Sportall.Geანგარიში ასე გაიხსნა: ირაკლი შეყილაძის პასით ძალამიძემ მარცხენა ფლანგზე მიიღო ბურთი, ლამის ნახევარი მოედანი გადასერა, მეკარესთან მარტო დარჩა და დარტყმაც უზადოდ შეასრულა.

სტუმრები გაშვებულმა გოლმა გაახელა. გამოჩნდა, რომ ესტონეთი იოლად წასაქცევი გუნდი არ ყოფილა. რაუნო ალიკო თითქმის პირისპირ აღმოჩნდა გიორგი ნადირაძესთან და არაზუსტად დაარტყა.

ესტონელებმა ბურთზე კონტროლი მოიპოვეს, ორჯერ ძალიან მწვავედ ჩააწოდეს კარის გასწვრივ. ჩვენს ნაკრებს მოედნის ცენტრში ნაპრალები გამოუჩნდა.

მარეკ კალიუმაემ, ფაქტობრივად, უპრობლემოდ გაიარა ჩვენი შუახაზი, საგოლე გადაცემაც შეასრულა და ალბერტ ტაარმა ხელსაყრელი პოზიციიდან ანგარიში გაათანაბრა.

ქართველ ახალგაზრდებს თამაში კარგად ვერ წაუვიდათ, თუმცა ისეც არ მომხდარა, რომ მეტოქეს გაელაღა. ძალამიძის პასით შეყილაძეს აღმოაჩნდა ბურთი ესტონელთა საჯარიმოში, თუმცა ცაციათი ზუსტად ვერ დაარტყა, ესტონელი ალიკუს დარტყმა კი ნადირაძემ გააუვნებლა.

ტაიმის მიწურულს ძალამიძემ თავბრუ დაახვია მეურვეს, კარის გასწვრივ გაგზავნა ბურთი, სადაც თანაგუნდელთაგან არავინ აღმოჩნდა.

შესვენების შემდეგ ჩივაძემ მოედანზე საჩხერის "ჩიხურას" ფეხმალი მარჯვენაფლანგელი დათო კირკიტაძე შეუშვა. ძალამიძე შუისკენ შეიწია, ლაშა ჩაფიძე მარჯვენა ფლანგიდან მარცხნივ გადავიდა. 4-4-2 4-3-3-ით გარდაიქმნა. ამან ჩვენი ნაკრების შუახაზი მაინც ვერ გააძლიერა. გამოჩნდა, რომ ნიკა კვეკვესკირი ოპტიმალური ფორმიდან საკმაოდ შორს არის.

კირკიტაძემ რამდენჯერმე მოახერხა ესტონელების ანერვიულება და დაძაბულობის შექმნა მეტოქის ნახევარზე. მისი დაწყებული მწვავე შეტევა ძალამიძემ გააგრძელა. დაგვირგვინება კი ჩაფიძეს მართებდა, მაგრამ კარგად ვერ დაუმიზნა ესტონელთა კარს.

სტუმრებმა მალე საგოლე მომენტი გაანიავეს - ჰენრი ანიერის ღონიერი თავური ხარიხამ აისხლიტა.

ქართველებმა თავურს თავურით უპასუხეს - ჩაფიძის ჩაწოდებულ ჯარიმას მამუკა კობახიძემ მიაყოლა არაზუსტი დარტყმა.

ალიკუ და ტაარი - ერთობ ხელსაყრელი სიტუაციიდან ნადირაძის კარის აღება ვერ მოახერხეს. ამას გარდა, საქართველოს ნაკრების მეკარეს ახლო თუ შორი დისტანციიდან არაერთხელ მოუხდა ბურთის მოგერიება. თავის მხრივ, კირკიტაძეს ჰქონდა რიგიანი შანსი.

Sportall.Geჩვენი ნაკრების ნახევარდაცვას ისევ შეექმნა პრობლემები და როგორც იქნა, ჩივაძემ მოედანზე ლაშა პარუნაშვილი შეუშვა. ცოტა უცნაურია, ჩივაძე სახელგანთქმულია მაღალი საფეხბურთო გემოვნებით; მან იცის კარგი ფეხბურთელის ფასი, მაგრამ პარუნაშვილს ახალგაზრდულ ნაკრებში აქამდე რატომღაც არ მისცა იმდენი სათამაშო დრო, რამდენიც სხვას.

ბოლო დროს ხშირად მომიწია "დინამოს" დუბლშემადგენლობის მატჩებზე დასწრება და კარგად ნახვა იმისა, თუ რა გაქანების ფეხბურთელია პარუნაშვილი. ის საქართველოს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდა. დაკვირვებული თვალისთვის ძალიან საინტერესო ფეხბურთელია, აზროვნების პრობლემა არ აქვს, სიტუაციას ჩინებულად გრძნობს...

პარუნაშვილის გოლი არ იყო შემთხვევითი, მან მეათედ წამებში კარგად გააანალიზა სიტუაცია და მეკარისთვის მოულოდნელად, ძლიერად და ზუსტად შეასრულა საგოლე დარტყმა.

ესტონეთმა მატჩის მიწურულსაც გაიბრძოლა, თუმცა ამის მეტი ვერაფერი შეძლო.

ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი. V ჯგუფი. ბოლო ტური
06.09. თბილისი, მ. მესხი. 3000 მაყურებელი
საქართველო-ესტონეთი 2:1 (იხილეთ ვიდეო) [ფოტორეპორტაჟი]
გოლები: 1:0 ძალამიძე (28, შეყილაძის პასით), 1:1 ტაარი (35, ანტონოვის პასით), 2:1 პარუნაშვილი (83)

საქართველო ესტონეთი
4-4-2 4-4-2
ნადირაძე მეერტისი
ტვილდიანი კალდოია
ს. კვირკველია კიიდრონი
კობახიძე მეტსი
თედ. გრიგალაშვილი ვილმამაგი
ჩაფიძე კალიუმაე
კვეკვესკირი ალიკუ
პაპავა ანტონოვი
ძალამიძე ჰენრი ანიერი
შეყილაძე ტაარი
სხირტლაძე ლუიგენდი

მწვრთნელები:
ა. ჩივაძე ფ. ბერნჰარდტი

46. შეყილაძე - კირკიტაძე
70. პაპავა - მუმლაძე
79. ძალამიძე - პარუნაშვილი
სათადარიგოები: მეშველიანი, გაგნიძე, დეკანოიძე, ფანცულაია

46. კალდოია - ვეისი
69. ალიკუ - სუბოტინი
76. ლუიგენდი - ჰანეს ანიერი
სათადარიგოები: ტოომი, იაჰიმოვიტსი, პერბე, რატელი

გაფრთხილება: პაპავა(44), სუბოტინი (77), კვეკვესკირი (90), სხირტლაძე (90+1), მეერტისი (90+1)

მსაჯი: ა. გაუზერი (ყაზახეთი)

შვეიცარია-ესპანეთი 0:0

სატურნირო მდგომარეობა

გუნდი წ  
1. ესპანეთი 7 6 1 0 21-2 19
2. შვეიცარია 7 4 2 1 12-4 14
3. საქართველო 8 3 1 4 8-19 10
4. ხორვატია 7 2 1 4 7-10 7
5. ესტონეთი 7 0 1 6 2-16 1

ბოლო ტური
10 სექტემბერი
ესპანეთი-ხორვატია
შვეიცარია-ესტონეთი

საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ყველა მატჩი შესარჩევ ციკლში
03.07.2011
ხორვატია-საქართველო 0-1 (იხილეთ ვრცლად)

01.09.2011
საქართველო-ესპანეთი 2-7 (იხილეთ ვრცლად)

05.09.2011
ესპანეთი-საქართველო 2:0 (იხილეთ ვრცლად)

07.10.2011
საქართველო-შვეიცარია 0:1 (იხილეთ ვრცლად)

10.11.2011
შვეიცარია-საქართველო 5:0 (იხილეთ ვრცლად)

05.06.2012
ესტონეთი-საქართველო 1:2 (იხილეთ ვრცლად)

15.08.2012
საქართველო-ხორვატია 1:1 (იხილეთ ვრცლად)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექსანდრე ჩივაძე: ახალგაზრდული ნაკრები სწორი გზით მიდის
მკითხველის კომენტარები / 4 /
ვინც სტადიონზე იყო, ყველამ ერთი და იგივე თქვა. ესტონეთი მაგრა ჯობდა ჩვენებს პირველ რიგში ტექნიკით.
ramo
11:32 07-09-2012
0
ჩივაძე კაცია!
anzora
11:46 07-09-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული