ლაშა პარუნაშვილი: არწაგება მიზანი არ არის, მუდამ ჩემპიონობაზე ვფიქრობ

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების დამრიგებელმა ალექსანდრე ჩივაძემ გუნდში შემდეგი ციკლისათვის გამოსადეგი მოთამაშეები იხმო და არც შემცდარა: საქართველოსა და ესტონეთის ახალგაზრდული ნაკრებების შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც ბურთი მოედანზე 11 წუთის წინ შემოსულმა ლაშა პარუნაშვილმა მიიღო.

თბილისის "დინამოს" 19 წლის ნახევარმცველმა ისე ძლიერად გაისროლა, ესტონელთა მეკარე მარკო მეერიტსსა და საერთოდ, სტუმრებს 30 მეტრიდან დარტყმულმა ხასიათი წაუხდინა - ბურთი "ცხრიანში" ჩაეშვა, მასპინძლებმა კი უპირატესობის შენარჩუნება მოახერხეს და გაიმარჯვეს.

ლაშა პარუნაშვილი საქართველოს 17 და 19-წლამდელების ნაკრების შეუცვლელი ფეხბურთელი იყო - პერსპექტიული მოთამაშე "ოლიმპის", "საბურთალოს", თემურ
ფოცხვერიასა
და გიორგი დევდარიანის "პროდუქტია".

ლაშა პარუნაშვილს ესტონეთთან მატჩზე, თბილისის "დინამოსა" და სამომავლო მიზნებზე ვესაუბრეთ.

- ესტონეთს ისეთი მანძილიდან გაუტანე, ზოგი ბურთს კარამდე ვერ მიაწვდენდა - მეკარე ცუდად იდგა თუ რატომ გარისკე?
- ასეთ დროს რისკი აუცილებელიც არის, მაგრამ იმ დროს კარგი მომენტი დავიჭირე, ახლოს არავინ იდგა, ძალიან დიდი სივრცე იყო, ბურთი გავისწორე და დავარტყი.

- გადამწყვეტი გოლის გატანა ყოველთვის სასიამოვნოა...
- რა თქმა უნდა, მაგრამ უფრო სასიამოვნო ისაა, ამ გოლით შენი გუნდი რომ იგებს. გულწრფელად ვამბობ და არა იმიტომ, რომ ასეა საჭირო. ფეხბურთელი გუნდისთვის უნდა იყოს.

ამ ციკლში საკუთარ მოედანზე ერთი შეხვედრა არ გვქონდა მოგებული და ამან კიდევ უფრო გაგვახარა. მართალია, მხოლოდ მესამეზე გავედით, მაგრამ გულშემატკივარი ბოლო შეხვედრაში მაინც გავახარეთ.

- დაახლოებით მსგავსი თქვი პრესკონფერენციაზეც - მესამე ადგილით აშკარად უკმაყოფილო ხარ იმ ჯგუფში, სადაც ესპანეთი და შვეიცარია იყვნენ. გიორგი დევდარიანის გავლენა დღემდე გეტყობა...
- ეს გავლენაც არ არის, ფეხბურთელად ჩამომაყალიბა და მაქსიმალიზმი ჩამინერგა. 17 და 19-წლამდელებში რომ ვთამაშობდით, ყოველთვის გვქონდა მიზანი, რომ დაგვეკავებინა პირველი ადგილი და არა ის, რომ არ წაგვეგო.

არწაგება მიზანი არ არის. მუდამ ჩემპიონობაზე ვფიქრობდით, ჯერ გუნდში, შემდეგ ნაკრებში. ვისთანაც არ უნდა მოვხვედრილიყავით, არ გვეშინოდა.

მაქსიმალიზმი მარტო მე კი არა, დევდარიანთან ნავარჯიშებ ყველა ფეხბურთელს აქვს.

მიხარია, ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძეც ასე რომ განგვაწყობს. დიდი ფეხბურთი უთამაშია და იცის, რა მოთხოვნების დაკმაყოფილება გვჭირდება და მოედანზე რა განწყობით უნდა გავიდეთ.

- სხვათა შორის, ჩივაძემ თქვა, რომ მეტოქეთა სიძლიერის მიუხედავად, შემდეგ ციკლში გასვლისთვის უნდა ვიბრძოლოთო...
- მეც ეს მხოლოდ გამახარებს. მესამე ადგილი ახლაც დავიკავეთ, რაც ვერაფრით დამაკმაყოფილებს. ჩივაძის მოსვლის შემდეგ შესაძლებლობის ლამის მაქსიმუმი გამოვწურეთ: ამხანაგურად ბელორუსს მოვუგეთ, ესტონეთს - გასვლაზე და სახლში და მხოლოდ ხორვატიასთან ვითამაშეთ ფრედ. შემდეგ ციკლში მაქსიმუმი პირველი ადგილი უნდა იყოს.

- მერე ამის რესურსი გვაქვს?
- რატომ არ გვაქვს? ჭანტურია და ყაზაიშვილი დაგვემატებიან და დარწმუნებული ვარ, ძალიან პერსპექტიული ნაკრები გვეყოლება. ეს ორი ფეხბურთელი გუნდისთვის დიდი ძალა არის. ეგაა, შეთამაშება გვჭირდება, თამაშამდე ორი დღით ადრე შეკრება არასაკმარისია.

- დევდარიანის დროს "დინამოს" ძირითადში თამაშობდი, ახლა აღარ ჩნდები...
- "დინამო 2"-ში სათამაშო პრაქტიკის მისაღებად გადამიყვანეს, მაგრამ ძირითადში ვვარჯიშობ. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია და ვერავინ ჩაერევა. თუმცა "დინამოში" იმიტომ არ მივსულვარ, მეორე გუნდში ვითამაშო. ჩემი მიზანი ძირითადში მოხვედრა და დამკვიდრებაა. მიმაჩნია, რომ ნორმალური ფეხბურთელი ასეც უნდა ფიქრობდეს.

P.S.
საქართველო-ესტონეთის მატჩს "დინამოს" მთავარი მწვრთნელი დუშან უჰრინი დაესწრო და პარუნაშვილს აკვირდებოდა. ჩვენი ინფორმაციით, ჩეხმა სპეციალისტმა 19 წლის ნახევარმცველის ძირითადში დაბრუნება გადაწყვიტა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
საქართველო-ესტონეთი 2:1 - ესტონეთი ლაშა პარუნაშვილმა დააჩოქა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული