19 და 17-წლამდელთა ნაკრებების ტესტი და სუპერგოლი "მცხეთა პარკზე"

AutoSharing Option
საქართველოს 19 და 17-წლამდელთა ნაკრები - ორივე გუნდს მალე ევროშესარჩევის მატჩები ელის, 9 ოქტომბერს კი ერთმანეთში ითამაშეს "მცხეთა პარკზე". შეხვედრა 19-წლამდელთა ნაკრებმა მოიგო - 2:1.

იმისდა მიუხედავად, რომ ეს ტესტ-მატჩი იყო, ორივე გუნდის ფეხბურთელებმა შეუპოვრად ითამაშეს. გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი 17-წლამდელთა ნაკრები მანამდეც იყო შეკრებაზე ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე".

დევდარიანმა, ფაქტობრივად, უძლიერეს შემადგენლობას მოუყარა თავი, კახა კაჭარავას 19-წლამდელებში კი ბევრი დებიუტანტი იყო, მწვრთნელმა არაერთი ფეხბურთელი გამოსცადა იმ მატჩში.

პირველი გოლი 19-წლამდელებმა გაიტანეს - ხარიხიდან ასხლეტილ ბურთზე ნიკა კაჭარავამ ითამაშა ხეირიანად.

ორმხრივი შეტევები იყო, უმცროსები უფროსებს არაფერს უთმობდნენ, თუმცა ამ ასაკში ორი წელი პატარა სხვაობა არ არის და მაინც იგრძნობოდა 19-წლამდელთა მცირე უპირატესობა.

ანგარიში ლუკა ზარანდიამ გაათანაბრა - ერთი მეტოქე ოსტატურად ჩამოიცილა და ხვეული დარტყმით ბურთი "ცხრიანში" გაახვია. ზარანდიამ მართლაც სუპერგოლი გაიტანა და ვნახოთ, როგორ მოახერხებს გუნდის ლიდერობას ევროშესარჩევის მატჩებში.

მეორე ტაიმი ახალი დაწყებული იყო, ნიკა დიასამიძემ წინ რომ გაიყვანა 19-წლამდელები და ამის შემდეგ ანგარიში აღარ შეცვლილა.

გუნდების შემადგენლობა ასეთი იყო:

19-წლამდელები:
მიქავა, ღაღანიძე, ჭანტურია, გურეშიძე, კალანდაძე, ქარდავა, სულთანიშვილი, დიასამიძე, მურცხვილაძე, კაჭარავა, არაბული.
შეცვლაზე შევიდნენ: თებიძე, ბარათელი, ფუტკარაძე, ქოჩლაძე, ღერკენაშვილი, ჩიგოევი.
17-წლამდელები: გოშაძე, შულაია, გელაშვილი, ტაბიძე, პატარკაციშვილი, მალანია, ხარაიშვილი, თევზაძე, ზარანდია, კერძევაძე, ხორხელი.
შეცვლაზე შევიდნენ: ქურდაძე, მესხი, ბერიძე, გოროზია, მარგველაშვილი, ბელიაშვილი.

მატჩის შემდეგ 19-წლამდელთა დამრიგებელმა კახა კაჭარავამ გვითხრა:
"ეს მატჩი თავისებური ტესტი იყო რამდენიმე ფეხბურთელისთვის, რომლებზეც რეკომენდაციები მივიღეთ. ნათლად გამოჩნდა, ამ მომენტისთვის ვინ არის მზად ნაკრებში სათამაშოდ.

ვერ გამოვიძახეთ ის ფეხბურთელები, უმაღლესი ლიგის დუბლშემადგენლობათა ჩემპიონატის წინა ტურში რომ ითამაშეს.

ხორვატიაში გამგზავრებამდე კიდევ ვაპირებთ საკონტროლო მატჩის თამაშს, სავარაუდოდ, ბოლნისის "სიონთან". ხორვატიაში 23 ოქტომბერს მივემგზავრებით და იქ წამსვლელთა ზუსტ სიას წინა დღეს დავადგენთ".


კაჭარავას ნაკრების მეტოქეები ხორვატიაში, მასპინძლების გარდა, აზერბაიჯანი და ისლანდია იქნებიან. ტურნირი 26-30 ოქტომბერს გაიმართება.

დევდარიანის ნაკრები კი მიმდინარე შეკრებას 12 ოქტომბერს დაასრულებს. ჩვენი 17-წლამდელები ევროშესარჩევს თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე ითამაშებენ 30 ოქტომბრიდან 4 ნოემბრამდე, მეტოქეები კი შოტლანდია, ლუქსემბურგი და უკრაინა იქნებიან.

დევდარიანის გუნდი ტურნირის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე გადავა შეკრებაზე. 12 ოქტომბერს 17-წლამდელები "დინამო თბილისის" დუბლებს გაეჯიბრებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული