15 ოქტომბერს ამავე სტადიონზე ჯერ დანიელებმა ივარჯიშეს, მერე კი ქართველმა 21-წლამდელებმა.
დანიელთა დამრიგებელმა პერ ჰოლმმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა:
"კარგი თამაშის მოლოდინში ვართ. ვიცი, რომ ქართველებს რიგიანი გუნდი ჰყავთ. რამდენიმე დღის წინ უკრაინას ვეთამაშეთ და უკმაყოფილო არ დავრჩენილვარ.
საქართველოში 19 ფეხბურთელით ჩამოვედით. ეს ის კონტინგენტია, დამდეგი შესარჩევისთვის რომ უნდა გამოვიყენოთ, თუმცა მათ ჯერ ამხანაგურ შეხვედრებში
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ალექსანდრე ჩივაძემაც საამმატჩოდ ისეთ ფეხბურთელებს უხმო, მომავალ ევროშესარჩევში რომ შეეძლებათ თამაში - 1992 წელს დაბადებულები და უმცროსები.
ვარჯიში დიდად დატვირთული არ ყოფილა, უფრო სახალისოს წააგავდა. ჩივაძე, ასე ვთქვათ, ატმოსფეროს მწვრთნელია და ეს მისი კოზირია. ვარჯიშის დაწყებამდე კი ჩივაძემ მასმედიისთვისაც მოიცალა:
- რაც ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელი გავხდი, მისია შევასრულეთ, ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით.
როცა გუნდი ჩავიბარე, ჯგუფიდან გასვლის შანსი აღარ იყო დარჩენილი. ახალი გუნდის შექმნა დავიწყეთ, მეტწილად 1992-93 წელს დაბადებული ფეხბურთელები ვათამაშეთ ოთხ შეხვედრაში.
დამდეგი შესარჩევისთვის უკვე 38 ფეხბურთელი გვეყოლება ნანახი საქმეში. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი სასელექციო სამუშაოები ჩავატარეთ.
- დანიასთან მატჩისთვის ახალი ფეხბურთელებიც გამოიძახეთ...
- ხუთი ახალი ფეხბურთელი გვყავს: მეკარე გაბრიელ თებიძე, მცველი გიორგი ჯგერენაია, თავდამსხმელი ირაკლი ქობალია და ნახევარმცველი თორნიკე სტეფნიაშვილი "ზიმბრუდან", ჩელებაძე პირველი ლიგის "შუქურადან". გვინდოდა კრასნოდარის "ყუბანის" ნახევარმცველის, კახა ხალვაშის გამოძახებაც, თუმცა ამ ეტაპზე ეს ვერ მოხერხდა.
- დანიასთან მატჩსაც, ალბათ, უფრო სასელექციო დანიშნულება აქვს...
- დავალება ასეთი იქნება: შედეგზე უნდა ვითამაშოთ. ვისაც ვათამაშებ, უნდა დაამტკიცოს, რომ ნაკრების ღირსია.
- მეტოქეზე რას იტყოდით?
- ახლახან უკრაინასთან 0:0 ითამაშეს. დანია კარგი საფეხბურთო ტრადიციების ქვეყანაა და განსწავლული გუნდი ეყოლებათ. აუცილებლად კარგ შედეგს უნდა მივაღწიოთ.
* * *
მატჩისწინა კომენტარი ჩვენი ახალგაზრდული ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ჭანტურიამაც გააკეთა:
"ძნელი მატჩი გველის, მაგრამ შინ ვთამაშობთ და მოსაგებად უნდა ვიბრძოლოთ. ოთხი მატჩი წაუგებლად ვითამაშეთ და ეს სასიამოვნო ტრადიცია არ უნდა დავარღვიოთ.
ახალგაზრდული ნაკრებისთვის სეზონის ბოლო შეხვედრაა და ეს წელიწადი კარგად უნდა დავასრულოთ".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"