U21. საქართველო-დანია 0:2 - სახლსა და სკოლაში ნასწავლი გაკვეთილი

AutoSharing Option
ფოტო
ოთხი წაუგებელი მატჩის შემდეგ ალექსანდრე ჩივაძის გაწვრთნილი საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 16 ოქტომბერს მეხუთე შეხვედრაში დამარცხდა - მეტოქემ პირწმინდად აჯობა ჩვენს ახალგაზრდებს.

ქართველებს კომბინაციური თამაში არ გამოუვიდათ, მხოლოდ გიორგი ჭანტურიას სოლორეიდები არაფრის მომტანი გამოდგა. დანიამ გუნდური თამაშით მოუმთავრა საქმე ჩვენს ახალგაზრდულ ნაკრებს.

მატჩის წინ ჩივაძემ გვითხრა კიდეც, დანია განსწავლული გუნდი იქნებაო და ზუსტად ასეც მოხდა.

საქართველოს ეს ნაკრები თითქოს იშტაზეც ვერ იყო 16 ოქტომბერს. შესაძლოა, ამხანაგური მატჩი ჯეროვანი მოტივაცია ვერ გამოდგა.

ლაშა პარუნაშვილმა ჯარიმა მოინაგრა, ნიკა კვეკვესკირის დარტყმა დანიელთა მეკარემ კუთხურზე
მოიგერია. ნაკუთხურალ ბურთზე მამუკა კობახიძის თავური არაზუსტი გამოდგა - დაწყებას თითქოს არა უშავდა, მაგრამ მერე დანიელებმა რამდენიმე მრავალსვლიანი კომბინაცია გაითამაშეს და კარგად გამოჩნდა, რომ რთული მოწინააღმდეგე გვყავდა.

ერთ-ერთი სწრაფი, სადა კომბინაციის შედეგად ჩვენს საჯარიმო მოედანში არეულობა შეიქმნა და მიკელ აგერმაც შანსი გამოიყენა - 0:1.

ჩივაძემ ჭანტურია უკანდახეულ შემტევად, თითქმის პლეიმეიკერად გაამწესა პირველ ტაიმში. ფლანგებიდან თამაში ვაკო ყაზაიშვილსა და ლაშა ჩაფიძეს უნდა გაემწვავებინათ, თუმცა ასე ვერ მოხდა. თამაშის წამყვანი ფეხბურთელი არ აღმოგვაჩნდა, გუნდურობით და დანიამ დაგვჯაბნა.

მეორე ტაიმში ბევრი არაფერი შეცვლილა, დანიელებმა სივრცეები კარგად გადაუკეტეს ჩვენებს. შორი და საშუალო დისტანციიდან რამდენჯერმე დაარტყეს ჩვენმა ნაკრებელებმა. გიორგი პაპავას და ჭანტურიას სიზუსტემ უმტყუნა.

ჭანტურიამ მარჯვენა ფლანგზე გადაინაცვლა და რამდენჯერმე გემრიელი დრიბლინგით მოგვჭრა თვალი, მახვილი კუთხიდან კარშიც დაარტყა და მეკარემ ფეხით მოიგერია ბურთი. გოლკიპერმა კვეკვესკირის ჯარიმაც არ შეუშვა კარში.

დანია კი კვლავაც მწყობრად თამაშობდა, თითქოს სახლში ნასწავლ გაკვეთილს სკოლაში ყვებოდა და მორიგი კომბინაციით 11-მეტრიანიც მოიპოვა - უგე ბეხთან ორთაბრძოლაში დავით ხოჭოლავა დაჯარიმდა. პენალტი თვითონ ბეხმა შეასრულა უნაკლოდ - 0:2.

მატჩის ბოლოს ჩვენი ნაკრები თითქოს გაშმაგდა, მეტი აგრესიით შეუტია მეტოქეს, მაგრამ დანია ვერც ამან გატეხა. ერთი ბურთის გაქვითვის შანსი მაინც გვქონდა, როცა ჯარიმიდან ჩაწოდებულ ბურთს ხოჭოლავამ დაჰკრა თავი და დანიელთა კიპერმა იაკუბ იენსენმა სასწაული ბურთი მოიგერია.

მატჩის ბოლოსვე იყო შეხლა-შემოხლა, რაც ორი გაძევებით დასრულდა.

ალექსანდრე ჩივაძემ კი შეხვედრის შემდეგ ეს გვითხრა: "ხუთი მატჩიდან არც ერთი არ გვითამაშია ერთი და იგივე შემადგენლობით. სასელექციო სამუშაოები ისევ გაგრძელდება.

ამ მარცხით ტრაგედია არ უნდა შევქმნათ. ძალიან სასარგებლო თამაში იყო. ასეთი შეხვედრები აუცილებელია, მხოლოდ ეროვნული ჩემპიონატით ვერ გავაკეთებთ დასკვნებს, სწორედ ასეთ მატჩებში ვლინდება ფეხბურთელის ოსტატობა".


U21. ამხანაგური მატჩი

16.10. მიხეილ მესხი. 1000 მაყურებელი
საქართველო - დანია 0:2 (ფოტორეპორტაჟი)
ფოფოტე0:1 აგერი (40), 0:2 ბეხი (67, პენალტით)

საქართველო დანია
4-4-1-1 4-3-3
ნადირაძე ი. იენსენი
ტვილდიანი რემერი
მ. კობახიძე დუმიჩი
კვეკვესკირი ლარსენი
თედ. გრიგალაშვილი კუოდსენი
ჩაფიძე პედერსენი
პაპავა ბეხი
პარუნაშვილი სემოუ
ყაზაიშვილი აგერი
ჭანტურია მენსანი
სხირტლაძე რიტერი

მწვრთნელი მწვრთნელი
ა. ჩივაძე პ. ჰოლმი

46. კობახიძე - ხოჭოლავა
46. თედ. გრიგალაშვილი - ჯგერენაია
46. პარუნაშვილი - სტეფნიაშვილი
46. ყაზაიშვილი - კირკიტაძე
72. სხირტლაძე - ქობალია
73. ჩაფიძე - ჩელებაძე
სათადარიგოები: თებიძე, გაგნიძე, ფანცულაია

46. მენსანი - მადსენი
60. დუმიჩი - რომერი
60. კუოდსენი - ლერაგერი
72. აგერი - გერტი
72. რიტერი - იარიდი
სათადარიგოები: დ. იანსენი, ნორუზი

გაფრთხილება: ჭანტურია (40)
გაძევება: ტვილდიანი (89), მადსენი (89)

მსაჯი: ა. არსენიანი (სომხეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული