19 წლამდელები - დღეს საბერძნეთით ვიწყებთ

AutoSharing Option
19-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩვენს ჯგუფში დღეს პირველი ტურის მატჩები ჩატარდება. ქართველი ჭაბუკები პორტუგალიაში შაბათს ჩაფრინდნენ. ვლადიმერ გუცაევს პირენეებზე 17 ფეხბურთელი ჰყავს, მათ შორის სამი - მეკარეა, რადგან დისკვალიფიკაციის გამო დავით ლეგაშვილი პირველ მატჩს გამოტოვებს. სანაკრებო შემადგენლობა ასეთია:

მეკარეები - მამუკა ნადირაძე (დინამო), დავით ლეგაშვილი (ნორჩი დინამოელი), გიორგი აზნიაშვილი (ოლიმპი);

მცველები - მამუკა კობახიძე (ზესტაფონი), საბა კვირკველია (ზენიტი 2, რუსეთი), ავთანდილ ბრაჭული (რუბინი 2, რუსეთი), ბაქარ მირცხულავა (ბენფიკა 2, პორტუგალია), ნიკა კვეკვესკირი, ნიკა აფაქიძე (ორივე ბაია), მინდია ფუტკარაძე
(ადელი), ირაკლი ხუჭუა (გაგრა);

ნახევარმცველები - თორნიკე ოქრიაშვილი (შახტარი 2, უკრაინა), გიორგი ჩელებაძე (ჩერნომორეცი, უკრაინა), ნიკა ძალამიძე (ცსკა მ, რუსეთი), ლევან ელიზბარაშვილი (ნორჩი დინამოელი);

თავდამსხმელები - გიორგი ჭანტურია (ვიტესი, ჰოლანდია), ლაშა ჩაფიძე (უკლუბოდ).

შეგახსენებთ, რომ წინასწარი შეთანხმებით, მალტასთან თამაშის შემდეგ ჭაბუკთა ნაკრებს ზუგდიდის "ბაიას" მცველი ნიკა კვეკვესკირი შეუერთდა. ჭაბუკთა ნაკრებს პორტუგალიაში უნდა დამატებოდა ჯანო ანანიძე, რომელიც ეროვნულ ნაკრებში დარჩა. თუმცა გასულ უქმეებზე გაცხადდა, რომ ანანიძე 19-წლამდელებს პორტუგალიაში არ დაემატება, არადა, ხუთშაბათს გამართულ პრესკონფერენციაზე გუცაევმა "სპარტაკის" მწვრთნელ ვალერი კარპინთან შეთანხმების თაობაზე ილაპარაკა, რის თანახმადაც ჯანოს ჭაბუკთა ნაკრებში უნდა ეთამაშა. ჩვენი ინფორმაციით, "სპარტაკმა" შეთანხმება დაარღვია და 13 ოქტომბრისთვის ანანიძეს გუნდში ყოფნა მოსთხოვა, შესაბამისად, ლატვიასთან მატჩის შემდეგ ჯანო რიგიდან მოსკოვს მიაშურებს. სიტყვამ მოიტანა და, 10 ოქტომბერს ანანიძე 18 წლის გახდა.

ჩვენი ჯგუფის კალენდარი კი ასეთია:

11 ოქტომბერი
საბერძნეთი-საქართველო
პორტუგალია-აზერბაიჯანი

13 ოქტომბერი
საბერძნეთი-აზერბაიჯანი
საქართველო-პორტუგალია

16 ოქტომბერი
პორტუგალია-საბერძნეთი
აზერბაიჯანი-საქართველო

დღეს, საქართველოსა და საბერძნეთის 19-წლამდელთა ნაკრებებს შორის მატჩი პორტუგალიის ქალაქ ფერეირაში "ესტადიო და ნორაზე" ჩვენი დროით 19 საათზე დაიწყება. შეხვედრას სერბი მსაჯები გაუძღვებიან. არბიტრი მილორად მაჟიჩი იქნება.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული