ბოლო ტურის წინ შოტლანდიელები ქართველებს ერთი ქულით უსწრებდნენ და შესაბამისად, გიორგი დევდარიანის გუნდს მიზნის მისაღწევად გამარჯვება ესაჭიროებოდა.
საბედნიეროდ, ამ ამოცანას თავი ჩვენმა 17-წლამდელებმა ღირსეულად გაართვეს და ბრიტანელებს წარმატების შანსი არ დაუტოვეს.
ქართველებს დაწინაურება პირველივე წუთზე შეეძლოთ, მაგრამ მეკარესთან პირისპირ გასულმა ლუკა ზარანდიამ მეტოქის მეკარეს ვერ აჯობა.
თავიდანვე უნდა ვთქვათ, რომ დუბლის ავტორი ზარანდია აშკარად გამორჩეული
მე-10 წუთზე ზარანდიამ ილია კერძევაძე გაიყვანა შოტლანდიელ კიპერთან ერთი-ერთზე. კერძევაძე მეკარეს კი გასცდა, მაგრამ მახვილი კუთხიდან ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა.
აშკარა იყო, რომ გოლი მწიფდებოდა და ტრიბუნაზე შეკრებილმა პუბლიკამ მალე გაიხარა - აკაკი შულაიას ჩაწოდებულს ზარანდია გამოეხმაურა და თავისი გუნდი ზუსტი თავურით დააწინაურა.
შესვენებამდე მეტოქეებმა თითო მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტი გაცვალეს.
მატჩის მეორე ნახევარი შოტლანდიელებმა აქტიურად დაიწყეს და ანგარიშის გათანაბრების რეალური შანსიც მიეცათ.
მეტოქის კაპიტნის, ლაიამ ჰენდერსონის დარტყმას ჩვენი მცველი გადაეღობა.
სტუმრები ამის შემდეგაც ცდილობდნენ შეხვედრის მსვლელობაში გარდატეხის შეტანას, მაგრამ 64-ე წუთზე სიტუაცია მათთვის უიმედო გახდა.
თენგიზ გოროზიამ ჯარიმა საკმაოდ შორი მანძილიდან დაარტყა. საქართველოს ნაკრების ნახევარმცველს მცირე რიკოშეტიც წაეხმარა და ბურთი შოტლანდიელთა კარის ბადეში აღმოჩნდა.
ამის შემდეგ გამოსარჩევი იყო რობი მუირჰედის, დენიელ სტონისა და გიორგი ხარაიშვილის არაზუსტი დარტყმები.
საქართველოს ნაკრების მეკარემ ოთო გოშაძემ კი, რომელმაც მატჩი დაზიანებითა და შეხვეული თავით ჩაამთავრა, სტონის არ გაატანინა.
მსაჯმა შეხვედრის ძირითად დროს 6 წუთი დაამატა და შეტევით გართულ შოტლანდიელებს ქართველთა კონტრიერიში გამოეპარათ.
კერძევაძე მოწინააღმდეგის მცველს გასცდა, მისი დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე კი ყველას ზარანდიამ დაასწრო და მატჩს ლოგიკური წერტილი დაუსვა.
ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპისკენ პირველი ნაბიჯი გადადგმულია, მაგრამ სამწვრთნელო შტაბიც აღიარებს და ჩვენც ასე ვფიქრობთ, რომ საქართველოს ნაკრების თამაშის ხარისხი უკეთესის სურვილს ტოვებს.
ელიტრაუნდამდე ამ საკითხის მოსაგვარებლად დროც არის და პოტენციალიც.
იმედია, ჩვენს გუნდს საელიტრაუნდოდ ხელს არაფერი შეუშლის და მზადების პროცესი მაღალ დონეზე წარიმართება.
მატჩის შემდეგ
გიორგი დევდარიანი (საქართველო):
"დაძაბულ მატჩს ველოდი და ასეც მოხდა. ჩემმა ფეხბურთელებმა მოედნის ყველა გოჯისთვის თავდადებულად იბრძოლეს, სამწვრთნელო შტაბის ყველა დავალება შეასრულეს და საკმაოდ ძლიერ მეტოქეს ღირსეულად სძლიეს.
ჩვენი თამაში იდეალურისგან შორსაა. უფრო ხარისხიანი ფეხბურთის მისაღწევად მეტი დრო და სათანადო პირობები გვესაჭიროება.
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. ფედერაციამ ესპანურ ტურნირზე გასამგზავრებელი თანხა გამოგვიყო, მაგრამ სხვა მიზეზების გამო ეს ვარიანტი ჩაგვეშალა და მნიშვნელოვანი საერთაშორისო პრაქტიკა მოგვაკლდა.
შემიძლია ვთქვა, რომ ეს ამ ტურნირზე ჩვენი საუკეთესო მატჩი იყო. გვქონდა გაუთვალისწინებელი პრობლემები, რაც იოლი გადასაჭრელი არ იყო.
აქამდე სამი თავდამსხმელით ვთამაშობდით, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი დაშავდა და იძულებულნი გავხდით, ორფორვარდიან ტაქტიკაზე გადავსულიყავით. მსგავს გადანაცვლებებთან შეგუება დიდ გუნდებსაც უჭირთ და ჩვენთვისაც ძნელი იყო.
დიდი მადლობა ჩვენს ქომაგებს, რომლებიც მთელი ტურნირის განმავლობაში ერთგულად გვედგნენ მხარში. მათ საწვრთნელი ბაზიდან სტადიონამდე ბიჭების გამოცილება სურდათ, მაგრამ ავუხსენი, რომ ეს ფაქტი ფეხბურთელთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე დადებითად არ იმოქმედებდა.
მადლობა ჩემს კოლეგებს - გაიოზ დარსაძეს, გია ცეცაძეს, თემურ შალამბერიძეს, ნოდარ აკობიას, გელა შეყილაძეს და სხვებს. მათ ჩვენი გუნდის განვლილ მატჩებს ანალიზი გაუკეთეს და მნიშვნელოვანი ინფორმაცია მომაწოდეს, რაც თამაშის ხარისხის გამოსწორებაში დიდად დაგვეხმარა.
ელიტრაუნდშიც მაქსიმალური წარმატებისთვის ვიბრძოლებთ. ამჟამინდელი ხარისხი იქ გამარჯვებისთვის საკმარისი არ იქნება და ეს კარგად გვესმის. პროგრესისთვის დიდი მუშაობა გვმართებს და ამისთვის მზად ვართ".
დინ გორე (შოტლანდია):
"ძალიან დიდი მადლობა ქართველებს ასეთი თბილი მასპინძლობისთვის. თბილისური ტურნირი ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეპიზოდია.
ელიტრაუნდში გასვლის შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და დაველოდებით, მოვხვდებით თუ არა საუკეთესო მესამეადგილოსანთა შორის. საქართველოს ნაკრებმა კი ღირსეულად გაიმარჯვა და წარმატების შანსი ელიტრაუნდშიც ექნება".
ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატი. შესარჩევი ტურნირი
4.11. თბილისი. მ. მესხი. 1 500 მაყურებელი
საქართველო-შოტლანდია 3:0 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 1:0 ზარანდია (17. შულაიას პასით), 2:0 გოროზია (64), 3:0 ზარანდია (80)
საქართველო შოტლანდია
4-4-2 4-4-2
გოშაძე კელი
გელაშვილი სტონი
მარგველაშვილი სინამონი
ტაბიძე ბოროვმენი
შულაია უოტერსი
მალანია ჰენდერსონი
გოროზია ველში
თევზაძე დონელი
ხარაიშვილი მაკმულანი
ზარანდია ჰარპერი
კერძევაძე მუირჰედი
მწვრთნელები:
გ. დევდარიანი დ. გორე
საქართველო
80. კერძევაძე - მესხი
სათადარიგოები: ქურდაძე, ჩაბრაძე, ველიაშვილი, ლაშხია, პატარკაციშვილი
შოტლანდია
41. ჰარპერი - ბირსი
59. ჰენდერსონი - სტორი
80. მაკმულანი - სუტარი
სათადარიგოები: ჰარტი, მაკმანი, მაკმანუსი, ნილი
გაფრთხილება: გოროზია (65), გელაშვილი (65), სინამონი (80)
არბიტრი: ი. სტოიანოვი (ბულგარეთი)
* * *
უკრაინა-ლუქსემბურგი 6:0
გოლები: 1:0 ლუკიანჩუკი (29), 2:0 კოვალენკო (32), 3:0 ზინჩენკო (34), 4:0 არენდარუკი (39), 5:0 ლუჩკევიჩი (60), 6:0 პოლიუხანიჩი (73)
როგორც მოსალოდნელი იყო, უკრაინელებმა "ბასაზე" გამანადგურებელი ანგარიშით სძლიეს ლუქსემბურგელებს და დამსახურებულად დაიკავეს ჯგუფში პირველი ადგილი. ელიტრაუნდის საგზური უკრაინისა და საქართველოს ნაკრებებმა მოიპოვეს.
ა | გუნდი | თ | მ | ფ | წ | ბ | ქ |
1 | უკრაინა | 3 | 2 | 1 | 0 | 9-1 | 7 |
2 | საქართველო | 3 | 2 | 0 | 1 | 7-4 | 6 |
3 | შოტლანდია | 3 | 1 | 1 | 1 | 5-5 | 4 |
4 | ლუქსემბურგი | 3 | 0 | 0 | 3 | 3-14 | 0 |
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა ლუქსემბურგი დაამარცხა
საქართველო-უკრაინა 1:3 - მარცხი, რომელსაც ვერ გავექცეოდით [VIDEO]