გადამწყვეტ შეხვედრაში ჩვენმა თინეიჯერებმა შოტლანდია 3:0 დაამარცხეს. ორი გოლი ლუკა ზარანდიამ გაიტანა.
ზარანდია მანამდეც გამორჩეული გახლდათ ამ ნაკრებში, რომელმაც ევროშესარჩევამდე აზერბაიჯანის და პოლონეთის საერთაშორისო ტურნირებში ითამაშა და ორივეგან ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად ზარანდია დაასახელეს.
ზარანდია 35-ე საფეხბურთო კლუბის აღზრდილია. ჯერ ტანვარჯიშზე დადიოდა, 10 წლიდან კი - ფეხბურთზე.
ის გარემარბია, ცაციაა, კარგი დრიბლინგი აქვს და ამავე დროს, საგოლე ალღოთიც არის დაჯილდოებული.
ჩვენი მეორე რესპონდენტი კი საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების
სამი წლის წინ "ფონდი არველაძის" ორგანიზებითა და დაფინანსებით ქართველი მოზარდები ამსტერდამის საერთაშორისო ტურნირზე გაემგზავრნენ, სადაც ევროპული გრანდების ბავშვთა გუნდებიც თამაშობდნენ. გოშაძე იქ ტურნირის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს.
ის "საბურთალოს" აღზრდილია. აღსანიშნავია, რომ გოშაძეს ახლახან, ოქტომბერში შეუსრულდა 15 წელი...
- როგორ ემზადებოდით შოტლანდიასთან თამაშისთვის? ეს ხომ გადამწყვეტი მატჩი იყო...
ლუკა: რა შეცდომებიც დავუშვით წინა მატჩებში უკრაინასთან და ლუქსემბურგთან, მათ გამოსწორებაზე ვმუშაობდით. თამაშიდან თამაშამდე ვუმატებდით.
პირველ რიგში, მეორე სართულზე ბრძოლა, დაცვაში პოზიციური თამაში უნდა გამოგვესწორებინა.
ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ძალების აღდგენაც მოვახერხეთ და შოტლანდიელებს დიდი უპირატესობით ვაჯობეთ.
- შესარჩევის პირველი შეხვედრა უკრაინასთან 1:3 წააგეთ. ფაქტია, რომ მოწინააღმდეგემ გაჯობათ...
ლუკა: ზედმეტად თავდაჯერებულები ვიყავით. ტურნირის დაწყებამდე ნაკრების ერთ-ერთმა საკვანძო ფეხბურთელმა ხორხელმა ტრავმა მიიღო.
4-3-3 სქემით ვთამაშობდით, ხორხელს მარცხენა გარემარბის პოზიცია ეკავა. მისი ტრავმის შემდეგ 4-4-2-ზე გადავეწყვეთ და ასე უცბად რომ მოგვიწია გადაწყობა, ამანაც შეგვიშალა ხელი.
აღარ იყო იმის საშუალება, რომ ახალი სისტემით საკონტროლო შეხვედრები ჩაგვეტარებინა.
უკრაინასთან მატჩში თავი იჩინა ჩვენმა გამოუცდელობამაც. თბილისში ქართველი გულშემატკივრის თვალწინ ვთამაშობდით და რომ წავაგეთ, ამან ძალიან იმოქმედა ჩვენზე.
- ცაცია ხარ და მარჯვენა გარემარბად თამაშობ. როცა კარის გასწვრივ ჩაწოდების მომენტი დგება, დისკომფორტს არ გრძნობ?
ლუკა: მარჯვნიდან თამაში მირჩევნია, რადგან ცაციათი კარგად შევდივარ ცენტრისკენ, დასარტყმელ პოზიციაზე.
ნაკრების მწვრთნელმა ცენტრფორვარდად კერძევაძე გაამწესა, მე კი, მისი გადაწყვეტილებით, თავისუფალი თავდამსხმელი ვიყავი.
მარჯვნიდან ჩაწოდება არ მიჭირს, თუმცა ჩაწოდებაზე უფრო კარში დარტყმაზე ვარ კონცენტრირებული.
- ყველაზე უფრო მაინც რის ხარჯზე მოახერხეთ შოტლანდიელების დაჯაბნა?
ლუკა: მაღალი კონცენტრაცია და ბრძოლა, დაცვამაც გამოასწორა შეცდომები. წინა ორ შეხვედრაში ოთხი გოლი ჩაწოდებების შედეგად გაგვიტანეს. ვიმუშავეთ ამ ნაკლის გამოსწორებაზე და შედეგიც მივიღეთ.
- არნემის "ვიტესში" რომ უნდა წასულიყავი, "ლელო" ამაზე მანამდეც იუწყებოდა. კონკრეტულად ხომ არ იცი, როდის უნდა წახვიდე ჰოლანდიაში?
ლუკა: "ვიტესში" რომ წავალ, გადაწყვეტილი ამბავია; როდის მოხდება ეს, ჯერ ზუსტად არ ვიცი. "ვიტესში" ალბათ ნაკრებში ჩემს თანაგუნდელთან, ცოტნე მესხთან ერთად წავალ.
- პირველ რიგში, შოტლანდიასთან მიღებულ ტრავმაზე გკითხავ. როგორ ფიქრობ, მეტოქემ განზრახ ხომ არ ითამაშა უხეშად?
ოთო: ჩაწოდებულ ბურთზე გამოვედი და მეტოქე ბუცის ქაცვებით დამეჯახა სახეზე. სათამაშო ეპიზოდი იყო, შოტლანდიელს განზრახ არ მოუყენებია ტრავმა.
ორი ნაკერი დამადეს, ათი დღის შემდეგ შევძლებ ვარჯიშის დაწყებას.
- გამოსვლაზე თამაში განსაკუთრებით რთულია...
ოთო: ამ კომპონენტზე საგანგებოდ ვვარჯიშობ როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში.
- საერთაშორისო გამოცდილება რომ მიიღეთ ევროშესარჩევის პირველი ეტაპით, ეგ გასაგებია. კონკრეტულად მაინც რა შეგძინა ამ მატჩებმა?
ოთო: ამ თამაშებმა დაგვანახეს, რომ სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს, რომ მხოლოდ თავდადების, ბრძოლის ხარჯზე შეიძლება მნიშვნელოვანი წარმატების მიღწევა.
რომ არა გამოუცდელობა, სავსებით შესაძლებელი იყო, რომ უკრაინასთან არ წაგვეგო. მეტოქეებიდან ყველაზე კარგი გუნდი სწორედ უკრაინას ჰყავდა.
- პირველი საერთაშორისო გამოცდილება სამი წლის წინ მიიღე...
ოთო: ამსტერდამში მაშინ ისეთი გრანდებიდან იყვნენ ჩამოსულები ბავშვთა გუნდები, როგორებიც "აიაქსი", მილანის "ინტერი", "ჩელსი" და "ანდერლეხტი" არიან. ტურნირის საუკეთესო მეკარედ კი ერთი გუნდიდან ორი დაგვასახელეს - მე და ნიკა ადეიშვილი, რომელმაც წელის პრობლემების გამო თავი დაანება ფეხბურთის თამაშს. რა თქმა უნდა, იმ ტურნირისგანაც სასარგებლო გამოცდილება მივიღე.
- საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების ამ წარმატებას გიორგი დევდარიანი ხელმძღვანელობდა...
ლუკა: უკრაინასთან პირველი მატჩი რომ წავაგეთ, მკაცრი საყვედურების ნაცვლად გიორგი დევდარიანი გვამხნევებდა...
ოთო: დევდარიანმა ფეხბურთელებთან მიდგომა იცის, გასახდელში საყვედურები მართლა არ მიგვიღია. წინ კიდევ ორი თამაში გვქონდა და მწვრთნელიც ამას ითვალისწინებდა, შეცდომებზე მიგვითითებდა და მათ გამოსასწორებლად ვმუშაობდით.
- ანუ დადებითმა მუხტმაც მნიშვნელოვნად განაპირობა ჩვენი ნაკრების მომდევნო ეტაპზე გასვლა...
ლუკა: ნაკრებში არაჩვეულებრივი სიტუაცია იყო შექმნილი, გასახდელში მამუკა ჩარკვიანის ცნობილ სიმღერას ვუსმენდით ხელიხელგადახვეულები; რა თქმა უნდა, ლოცვასაც ვკითხულობდით.
ოთო: ამ ყველაფრით ისეთი დადებითი მუხტი იქმნებოდა, რომ მოედანზე გასულებს ყველანაირი დაძაბულობა მოხსნილი გვქონდა.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
საქართველო-შოტლანდია 3:0 - პირველი ნაბიჯი ევროპისკენ [VIDEO]
საქართველო-ლუქსემბურგი 3:1 - როგორ უნდა მოვუგოთ ამ თამაშით შოტლანდიას? [VIDEO]
საქართველო-უკრაინა 1:3 - მარცხი, რომელსაც ვერ გავექცეოდით [VIDEO]