ოთო გოშაძე: ჭრილობები შესახედავად არის ცუდი, თორემ ახლა აღარ მტკივა

AutoSharing Option
ფეხბურთელ ოთო გოშაძის ფოტოებმა გასულ კვირას ინტერნეტსივრცე მოიარა. საქართველოს 17-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრების მეკარეს მოწინააღმდეგე გუნდის ფეხბურთელმა სახე დაუზიანა - მეკარეს, რომელიც ბურთის აღებას ცდილობდა, სახეში ბუცი მოხვდა და წარბი და სახის ნაწილი გადაუსკდა.

თამაში რამდენიმე წუთით გაჩერდა, ოთოს სახე დაუმუშავეს, ჭრილობები გადაუხვიეს, თუმცა მან თამაშიდან გამოთიშვაზე უარი თქვა. საბოლოოდ კი, შოტლანდიასთან არც ერთი ბურთი არ გაუშვია, ნაკრებმა ეს შეხვედრა ანგარიშით 3:0 დაასრულა და ევროპის ჩემპიონატის მორიგ ეტაპზე გავიდა.

მას შემდეგ, რაც თამაში დასრულდა, ოთო ექიმების ხელში აღმოჩნდა. მას სახის ჭრილობები
გაუკერეს, რაც საკმაოდ მტკივნეული აღმოჩნდა. 15 წლის ფეხბურთელი, როგორც ჩვენ მიერ გადაღებულ ფოტოში ჩანს, ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოჯანმრთელებული, თუმცა ბევრად უკეთესად გრძნობს თავს.

ოთო მომღერალ ნათია პერანიძის შვილია და თავადაც მომღერალი შეყვარებული ჰყავს. ფეხბურთელს პირადსა და ფეხბურთზე ვესაუბრეთ.

- მეორე ტაიმის დასაწყისში ბურთი განაპირა მხარეს იყო. მოწინააღმდეგემ დაარტყა, ბურთს ჩავუწექი, დავასწარი თავდამსხმელს, მაგრამ მისი რკინის "შიპები" პირდაპირ სახეში მომხვდა. თვალი გადარჩა, უბრალოდ, სისხლჩაქცევა მაქვს. წარბზე ნაკერები მადევს, თვალს ქვევით კი ნაკერები არ დამჭირდა, თუმცა ისიც გადახსნილი მქონდა.

ოთხი წუთის განმავლობაში გაჩერდა თამაში, რა დროსაც ექიმებმა ისარგებლეს და ჭრილობები გადამიხვიეს. იმ დროს, როდესაც ეს ამბავი მოხდა, ჩვენ შოტლანდიასთან 1:0-ს ვიგებდით, საბოლოოდ კი, თამაში 3:0 დასრულდა.

- შენთვის ეს, ალბათ, ყველაზე მძიმე თამაში იყო...
- არა მხოლოდ ჩემთვის, ყველა მოთამაშისთვის. ეს ჩვენთვის პირველი ევროპა იყო. ვნერვიულობდით იმის გამოც, რომ თამაში თბილისში ტარდებოდა და გულშემატკივრების წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობდით.

ლუქსემბურგთან გამარჯვების მერე ხასიათზე მოვედით და შოტლანდიასთან დიდი მოტივაციით გავედით სათამაშოდ. ვიცოდით, რომ შოტლანდიას კარგი ნაკრები ჰყავს. ამიტომაც ვარჯიშის წინა დღეებში უფრო მეტად ჩვენს მინუსებზე გავაკეთეთ აქცენტი. დაცვის შეცდომები გამოსწორდა, რაც პირველი თამაშისას გამოიკვეთა. ამის შედეგად დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ და შემდეგ ეტაპზე გავედით.

რაც შეეხება ჩემი სახის დაზიანებას, ეს ფეხბურთია და ყველაფერია მოსალოდნელი, თუმცა კარგია, რომ შეხვედრა ამ შედეგით დასრულდა.

- ექიმები რას გეუბნებიან?
- არაფერი პრობლემა არ მაქვს. მალე ნაკერებს მოვიხსნი. მანამდე ვარჯიში არ შეიძლება, რადგან ბურთი იმავე ადგილას არ უნდა მომხვდეს, ჭრილობები რომ არ გაიხსნას.

- ძლიერი ტკივილი გქონდა?
- დავინახე, რომ რაღაც მომხვდა, მაგრამ თავიდან ტკივილს ვერ ვგრძნობდი. მერე თანდათან ტკივილი ვიგრძენი, მაგრამ არ მინდოდა მოედნის დატოვება. გადამწყვეტი მატჩი იყო და არ მსურდა ამ მატჩის გამოტოვება.

- საქართველოს ნაკრების მეკარეებს რა გჭირთ ასეთი? გიორგი ლორიაც ხომ დაშავდა ესპანეთთან თამაშისას?
- (იცინის) საერთოდ, ტრავმები მქონია, ხან კოჭი მიტრიალდებოდა, ხან - მუხლი. ამ თამაშამდე საკმაო დრო უტრავმოდ გავატარე და ზუსტად წინა დღეს ვთქვი, რამდენი ხანია, არაფერი დამიშავებია-მეთქი.

მე თვითონ დავიწყევლე საკუთარი თავი (იცინის). უბრალოდ, შესახედავად არის ცუდი ეს ჭრილობები, თორემ ახლა საერთოდ აღარ მტკივა.

ყველაზე მეტად მეტკინა, ჭრილობა რომ გამიკერეს თამაშის შემდეგ, გასახდელში.

Sportall.Ge- სოციალურ ქსელებში შენი ფოტო რომ გავრცელდა, როგორ მიიღე ეს ამბავი?
- ძალიან გამიხარდა. ჩემმა მეგობრებმა დადეს ეს ფოტო. ყველას ესიამოვნება, როცა მხარდაჭერას იგრძნობს.

ყველას ვურჩევ და მეც ასე მგონია, რომ თავში არაფერი არ უნდა აგივარდეს და პატარა წარმატებით არ უნდა დაკმაყოფილდე.

ჩემს მწვრთნელებთანაც ვილაპარაკე. ისინიც მიიჩნევენ, რომ როცა პატარა სახელს მოიპოვებ, ამით არ უნდა გათამამდე. ფოტოები რომ დავინახე "ფეისბუქზე", ძალიან მესიამოვნა.

- თაყვანისმცემლები მომრავლდნენ?
- ბევრმა დამამატა ამის შემდეგ და მომწერა, მომილოცა.

- შეყვარებული გყავს თუ ჯერ ისევ ელოდები დიდ გრძნობას?
- მოლოდინის რეჟიმში არ ვარ, რადგან ჩემს ცხოვრებაში არის ადამიანი. შეყვარებული ვარ. სახელსა და გვარს ვერ გაგიმხელთ. ის სულ გვერდით მიდგას. თამაშზეც იყო. რასაკვირველია, რომ დაინახა, დავშავდი, ძალიან განიცადა. ჩემი ოჯახის წევრებიც იქ იყვნენ.

- როგორი გოგონაა?
- მომღერალია.

- ცნობილი?
- ალბათ, იცნობთ, მაგრამ ვინაობას არ დავასახელებ (იღიმება). ერთმანეთი საერთო მეგობრების წრეში გავიცანით. ზაფხულში, აგარაკზე შევხვდით ერთმანეთს. იქ დაიწყო ჩვენი ურთიერთობა.

- მოგწონს, რომ მღერის?
- ძალიან მომწონს, რადგან დედაჩემიც მომღერალია, ნათია პერანიძე. დედაჩემმა რომ გაიგო, ძალიან გაუხარდა, რადგან ჩემი შეყვარებულის სიმღერა მოსმენილი ჰქონდა და ძალიან მოსწონს. სიმღერა თავადაც მიყვარს, მაგრამ რადგან არ გამომივიდა, ვფიქრობდი, იქნებ ჩემი მეგობარი გოგონა მაინც მღეროდეს-მეთქი და გამიმართლა (იცინის).

- ნათია შენს სპორტსმენობას როგორ უყურებს?
- დიდად არ არის ფეხბურთში ჩახედული. როცა ძირითადი თამაშებია, დადის და მგულშემატკივრობს.

- რომელია შენი საყვარელი სიმღერა მისი რეპერტუარიდან?
- დედაჩემის სიმღერებიდან ყველაზე მეტად მიყვარს "იეზიდი".

- ახლა ის მითხარი, ფეხბურთის თამაში როდის დაიწყე?
- 6 წლიდან ვთამაშობ. ძალიან მინდოდა ფეხბურთის თამაში. ჩემი მშობლები უარზე იყვნენ, უნდოდათ, სწავლისთვის მიმეხედა. რომ არ გავჩერდი, მამამ, თაზო გოშაძემ შემიყვანა ფეხბურთზე. მამა გარდაცვლილია...

თავიდან ერთი წელი თავდამსხმელი ვიყავი. ერთ დღეს, ერთ-ერთ თამაშზე მწვრთნელმა კარში ჩამაყენა, რადგან ძალიან მინდოდა მეკარეობა. არც ერთი ბურთი არ გამიშვია და მას მერე კარში ჩავდექი. შემდეგ ამიყვანეს მწვრთნელი, ლევან ჩულუხაძე, რომელიც უკვე 8 წელია, ჩემი მწვრთნელია და ყველაფერი მან მასწავლა, რაც დღეს ვიცი.

არველაძის ფონდმა გააკეთა ნაკრები. პირველი ტურნირი ამსტერდამში გვქონდა. მაშინ 11 წლის ვიყავი. ევროპაში 11-წლიანთა ნაკრებები მაშინ არ არსებობდა, ამიტომ კლუბებს ვეთამაშებოდით. "ჩელსი", "აიაქსი", "ინტერი" და სხვანი ასპარეზობდნენ. მე და ჩემი მეგობარი, ასევე მეკარე ნიკუშა ადეიშვილი ვიყავით ერთად და ორივე იმ ტურნირის საუკეთესო მეკარე გავხდით.

შემდეგ ფედერაციის ეგიდით შეიქმნა 13-წლამდელთა ნაკრები. რიგაში ტურნირი მოვიგეთ, ლატვიაშიც გამარჯვება მოვიპოვეთ. ამის მერე 17-წლამდელთა ნაკრებში გამომიძახეს, აზერბაიჯანში მოვიგეთ, პოლონეთში კი ტურნირის ფინალში დანიასთან თამაშისას მსაჯმა გამაგდო. საბოლოოდ, დავმარცხდით. ერთი-ერთზე გამოსულ ფეხბურთელს დავეჯახე და ამის გამო გამომაგდეს (იცინის). ბევრს ვვარჯიშობდით და ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებამ შედეგი გამოიღო.

- შენი ოცნება რა არის?
- საერთოდ, მე "ჩელსის" ვგულშემატკივრობ, ბავშვობიდან ამ გუნდის ფანი ვარ და მინდა, იქ ვითამაშო, თუმცა ჯერ უცხოეთში წასასვლელად პატარა ვარ. აქ ვივარჯიშებ და როცა ასაკი შემიწყობს ხელს, 17-18 წლისა გავემგზავრები საზღვარგარეთ.

ჩემი ძმა ჰოლანდიაში ცხოვრობს. ის 21 წლისაა და ჰოლანდიის მოქალაქეა. ასე რომ, ვგეგმავ იქ გამგზავრებას, თუმცა უკეთესი შემოთავაზება თუ მექნება, დავფიქრდები.

- მისაბაძი ფეხბურთელი გყავს?
- მინდა ვგავდე იკერ კასილიასს. მსოფლიოს ყველაზე სტაბილური და მაგარი მეკარეა.

ნინო მურღულია
ჟურნალი "რეიტინგი"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ოთო, როგორც ფეხბურთის ფანი გგულშემატკივრობ შენ, მაგრამ განსაკუთრებული სიხარული მაქვს ,როცა ჩემი პატარა გვარის წარმომადგენელი უკვე სახელოვანი ფეხბურთელია, მომეწონა რომ წერ ჯერ ყველაფერი წინ არისო. ბევრი სამუშაო და ბევრი სიხარული გელის უფალმა ღმერთმა დაგლოცოს, სულ გამარჯვებებით გევლოს. ოთო 9 დეკემბერს სამების ტაძარში ვიკრიბებით გოშაძეების გვარის დასალოცად იმედია მოხვალ გაგვიცნობ ბიძაშვილებს. ღმერთმა ნათელში გიმყოფოს მამის სული. ბევრჯერ გაგეხარებინოს დედიკო შენი დიდი წარმატებებით!
gizog
18:39 12-11-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული