კობა ჟორჟიკაშვილი: ქართველებში არის ნიჭი, გვჭირდება გუნდურობა

AutoSharing Option
კობა ჟორჟიკაშვილს სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებშიც უმუშავია და საქართველოს არაერთ მოწინავე კლუბშიც. ერთი სიტყვით, ის საკმაოდ გამოცდილი და საინტერესო სპეციალისტია.

მას ახალგაზრდულ ფეხბურთზე ვესაუბრეთ. თემა, ზოგადად, საინტერესოა და, ჟორჟიკაშვილთან ზოგადის გარდა, კონკრეტულზეც ვილაპარაკეთ.

ამჯერად არ დავუსვით კითხვები საქართველოს ეროვნულ ნაკრებზე, რადგან არცთუ დიდი ხნის წინ მას ამ თემაზე უკვე ჩამოვართვით ინტერვიუ...

- საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მაისში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ითამაშა; ახლახან ევროშესარჩევის ეტაპი დაძლიეს 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებმა. ყოველივე ეს რამდენად მიუთითებს იმაზე, რომ ახალგაზრდულ ფეხბურთში წინსვლა გვაქვს?
- ახალგაზრდულ ასაკში სხვადასხვა
მიზეზის გამო ვაღწევთ გარკვეულ წარმატებებს. საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს ადრეც ჰქონდათ მსგავსი მიღწევები, ახლა კი უკეთესი პირობებია, რაც, რა თქმა უნდა, მისასალმებელია.

დღესდღეობით უკვე არის იმის საშუალება, რომ ასაკობრივმა ნაკრებმა რამდენიმეკვირიანი შეკრება მოაწყოს და მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო ტურნირებში. ეს ყველაფერი ხელს უწყობს ფეხბურთელის ზრდას.

ერთხელ, როცა 19-წლამდელთა ნაკრებში ვმუშაობდი, კახა კალაძემ თანაგუნდელი ვერ იცნო და სახელით ვერ მიმართა მოედანზე... ახლა ასეთი პრობლემის წინაშე ჩვენი ნაკრებები აღარ არიან.

ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ ევროპაში 17 წლის ასაკიდან იწყება ფეხბურთელის გადასვლა პროფესიულ რელსებზე - ფიზიკური და ტაქტიკური მომზადება უკვე დიდი დოზით მიეწოდება მოთამაშეს. ქართველებს ხელს გვიწყობს ნიჭი, დრიბლინგის თანდაყოლილი უნარი. გიორგი დევდარიანის გაწვრთნილმა 17-წლამდელებმაც მეტწილად ამის ხარჯზე მიაღწიეს წარმატებას ახლახან თბილისში გამართულ ევროშესარჩევში.

თუ გახსოვთ დევდარიანის გაწვრთნილი უწინდელი 17-წლამდელთა ნაკრები, იქაც გამორჩეული ინდივიდუალისტები იყვნენ - მაგალითად, გიორგი ჭანტურია.

ასაკის მატებასთან ერთად კი გუნდური თამაში კიდევ უფრო წინა პლანზე გამოდის. ევროპელები ამ მხრივ ჩვენზე სწრაფად ვითარდებიან და ამიტომაც, ასაკის მატებასთან ერთად, ჩვენს ნაკრებებს კარგი შედეგის მიღწევა უძნელდებათ.

დააკვირდით, 21-წლამდელთა ნაკრებში ჭანტურია ისე ვეღარ ბრწყინავს, როგორც ამას 17-წლამდელთა ნაკრებში აკეთებდა.

- ანუ იმის თქმა გსურთ, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი თავის კლუბში სათანადოდ ვერ ვითარდება?
- 17 წლის ფეხბურთელი პროფესიულ კლუბში რომ მიდის, უნდა ჰქონდეს განვითარების ინდივიდუალური პროგრამა, სავარჯიშო პირობები, კარგი მოედანი, სატრენაჟორო დარბაზი. ამ ყველაფრის საშუალება კი უმეტეს ქართულ კლუბებში არ არის.

ბევრ ქართულ კლუბს არ ჰყავს ფიზმომზადების კვალიფიციური მწვრთნელი და ხშირად ამ პოზიციას მთავარი მწვრთნელი ითავსებს. უმეტეს ქართულ კლუბებს არ ჰყავთ ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების ისეთი ხელმძღვანელი, რომელიც მართლა საფუძვლიანად გააკეთებს ამ საქმეს.

- 17-წლამდელთა ნაკრებმა შესარჩევი ეტაპი თბილისში ითამაშა და მატჩებს თქვენც ესწრებოდით. რომელ ფეხბურთელებს გამოარჩევდით დევდარიანის გაწვრთნილი ნაკრებიდან?
- ზარანდიას, რომელსაც სხვა ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელების მსგავსად, აქვს დრიბლინგის უნარი, ბურთის მიღების შემდეგ მოვლენების განვითარება უკვე მის ხელშია. ამ ნიჭიერ ფეხბურთელს ჯერ უჭირს გუნდური მოქმედებები დაცვით ფაზაში.

რა თქმა უნდა, კარგია, რომ ზარანდია არნემის "ვიტესში" მიდის - მას იქ ხელს შეუწყობენ გუნდური თვისებების გამომუშავებაში.

17-წლამდელთა ნაკრებში ნიჭით გამორჩეულია მესხიც, რომელსაც ფიზიკური კონდიციების გაუმჯობესება მართებს. კარგად წარმოაჩინა თავი ხარაიშვილმა, მომეწონა მეკარე გოშაძეც.

- კახა კაჭარავას გაწვრთნილ 19-წლამდელთა ნაკრების ფეხბურთელებზეც ვთქვათ...
- ინდივიდუალურმა თამაშმა აქაც დიდად განაპირობა წარმატება, გადამწყვეტი გოლები არაბულმა გაიტანა. ჰუფნაგელი უკვე განსწავლული ფეხბურთელია, პოზიციურად კარგად თამაშობს, იცის, თუ რატომ ღებულობს ამა თუ იმ გადაწყვეტილებას, მაგრამ ფეთქებადი ძალა ნაკლებად აქვს; ოღონდ, მიუხედავად ამისა, სწორი განვითარების შემთხვევაში კარგ ფეხბურთს ითამაშებს.

სამუშია, ფანცულაია, მარკოზაშვილი - საკმაოდ კარგი ფეხბურთელები არიან. შესანიშნავ ცენტრალურ მცველად უნდა ჩამოყალიბდეს სანდოხაძე; საინტერესო თავდამსხმელია კაჭარავა და უფრო მოძრავი რომ იყოს, კარგი იქნებოდა.

- ასაკობრივი და ეროვნული ნაკრებები ერთიან სისტემაში - როგორ ფიქრობთ, ამის გაკეთება აუცილებელია?
- ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ასეა, ზოგან კი - არა. უნდა მოვამზადოთ ისეთი ფეხბურთელები, ყველა სისტემას რომ მოერგებიან. ერთიან სისტემაში მოქცევის საშუალება დღეს ჩვენთან არ არის, რადგან ნაკრებებში გრძელვადიან პროექტებზე არ კეთდება გათვლა; შედეგს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, ვიდრე ინდივიდის გაზრდას.

ბავშვთა ფეხბურთშიც ასე უნდა იყოს - შედეგზე უფრო ინდივიდის გაზრდაა მნიშვნელოვანი.

- გიორგი ჭანტურიაზე ცალკე ჩაგეკითხებით - როგორ ატყობთ, მას არ უნდა მიეცეს თავის გამოჩენის შანსი ეროვნულ ნაკრებში?
- მან ახალგაზრდულ ნაკრებში სტაბილურად კარგი თამაშით უნდა მისცეს ეროვნული ნაკრების მწვრთნელს იმის საშუალება, რომ გამოიძახოს.

- დაბოლოს, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატში რა პოზიტიურ ტენდენციებს ხედავთ?
- დაძაბულობამ მოიმატა, მაგრამ ეს ხარისხს არ ნიშნავს. პოზიტიურია, რომ ბევრი კარგი ქართველი ფეხბურთელი დაბრუნდა საქართველოში, რაც გორის "დილამ" გააკეთა.

რაც შეიძლება, მეტი ფული უნდა გაჩნდეს ქართულ ფეხბურთში. მეტი გასამრჯელო უნდა ჰქონდეს არა მხოლოდ ფეხბურთელს, არამედ ფეხბურთში დასაქმებულ ყველა ადამიანს თქვენი, ჟურნალისტების ჩათვლით. სხვანაირად წინსვლაზე ლაპარაკი უადგილოა.

კარგია, რომ რამდენიმე ხარისხიანი საფეხბურთო მინდორი გაჩნდა.

რაც შეეხება ნეგატივს: ვერ ვხედავ განვითარების პროგრამებს, ერთეული გამონაკლისების გარდა, ჩვენს კლუბებში არ მიდის გეგმაზომიერი, სწორი მუშაობა ახალგაზრდა ფეხბურთელებთან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
რუსთავის "მეტალურგში" კობა ჟორჟიკაშვილს გიორგი ყიფიანი შეცვლის
კობა კორჟიკაშვილი რუსთავის "მეტალურგიდან" მიდის
კობა ჟორჟიკაშვილი: გამოჩნდება, რამდენად სწორი იყო ჩემი გაშვების გადაწყვეტილება
კობა ჟორჟიკაშვილი: საქართველოს ნაკრებს არც შედეგი აქვს და არც სანახაობა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული