კახა კაჭარავა: საქართველოს ნაკრებს სამ ტურნირში იწვევენ

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ხორვატიაში გამართული ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ციკლი წარმატებით დასძლია.

კახა კაჭარავას გაწვრთნილებმა ტურნირი არადამაჯერებლად დაიწყეს: მასპინძელ ხორვატიასთან 0:2 დამარცხდნენ, აზერბაიჯანთან კი მხოლოდ ფრეს (1:1) დასჯერდნენ.

ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ტურში საქართველოს ისლანდიასთან მხოლოდ მოგება აწყობდა და საბედნიეროდ, ბაჩო არაბულის დუბლით 2:0 გაიმარჯვა და ელიტრაუნდში გავიდა.

26 ნოემბერს შესარჩევი ციკლის ყველა ჯგუფური ტურნირი დასრულდა და ელიტრაუნდის 25 მონაწილე, ანუ ჩვენი ყველა პოტენციური მეტოქე გამოვლინდა.

ჯგუფი 1: ავსტრია, ბულგარეთი
ჯგუფი 2: დანია, კვიპროსი
ჯგუფი 3: ჰოლანდია, პოლონეთი
ჯგუფი 4: ჩეხეთი,
საბერძნეთი
ჯგუფი 5: გერმანია, ირლანდია
ჯგუფი 6: საფრანგეთი, პორტუგალია
ჯგუფი 7: ბელგია, იტალია
ჯგუფი 8: ბოსნია, ნორვეგია, სლოვაკეთი*
ჯგუფი 9: შოტლანდია, შვეიცარია
ჯგუფი 10: რუსეთი, შვედეთი
ჯგუფი 11: ხორვატია, საქართველო
ჯგუფი 12: ინგლისი, უკრაინა

8 ჯგუფში, პირველ-მეორე ადგილებზე გასული ბოსნიისა და ნორვეგიის მსგავსად, სლოვაკეთმაც 6 ქულა დააგროვა, მაგრამ ბურთების უარესი სხვაობის გამო მესამე ადგილზე გავიდა. ამის მიუხედავად, ელიტრაუნდში მაინც მოხვდა, რადგან შესარჩევი ციკლის ჯგუფებში საუკეთესო მესამეადგილოსანი აღმოჩნდა.

ელიტრაუნდში დასახელებულ 25 გუნდს კიდევ სამი დაემატება: ამ ეტაპზე უკონკურსოდ მოხვდნენ წინა გათამაშების ჩემპიონი ესპანეთი, აგრეთვე, სერბეთი და თურქეთი. ეს 28 გუნდი 7 ჯგუფში გადანაწილდება და ფინალური ეტაპის შვიდ მონაწილეს გაარკვევენ, სადაც მხოლოდ გამარჯვებულები მოხვდებიან.

ევროპის ჩემპიონატს კი 2013 წლის 20 ივნისიდან 1 აგვისტომდე ლიტვა უმასპინძლებს - თავად მასპინძელი ლიტვა ელიტრაუნდის გამარჯვებულებს ფინალურ სტადიაზე შეუერთდება.

ელიტრაუნდის ჯგუფების კენჭისყრა 5 დეკემბერს ნიონში გაიმართება და შვიდივე მინი-ტურნირის მასპინძლის ვინაობა გაირკვევა.

* * *
როგორ მოემზადება საქართველოს ნაკრები ტურნირისთვის, ამის შესახებ გუნდის მთავარი მწვრთნელი კახა კაჭარავა გველაპარაკა:

- გუნდი სად და როდის მოემზადება, ეს კენჭისყრის შედეგებზეა დამოკიდებული. შესაძლოა, ელიტრაუნდს საქართველომ უმასპინძლოს. ჩვენი ფეხბურთის ფედერაციას ამის დიდი სურვილი აქვს და უეფას გადაწყვეტილებას დაველოდებით. უეფას პასუხზეა დამოკიდებული, მომზადების როგორ გეგმას შევადგენთ.

ელიტრაუნდის მატჩები მაისის პირველ რიცხვებში დაიწყება. ერთი შეხედვით, მოსამზადებლად დრო გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ, ყველაფერი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული: მოთამაშეთა ნაწილი უმაღლესი და პირველი ლიგის კლუბებში თამაშობენ, ზოგს უპრობლემოდ უშვებენ, მცირე ნაწილი კი ამას ვერ ახერხებს, რადგან ჩვენი კანდიდატები უკვე ძირითად შემადგენლობაში თამაშობენ, ან მთავარ გუნდში ვარჯიშობენ და კლუბებისაც მესმის.

ასე რომ, ხელისშემშლელი მხოლოდ ეს შეიძლება გახდეს. თუმცა კლუბები მაქსიმალურად ცდილობენ ნაკრების ინტერესების გათვალისწინებას.

მაგალითად, მარტვილის "მერანიდან" ფონიავა და გეგეჭკორი რომ მივიწვიეთ, კლუბმა ნაკრების ინტერესი საკუთარზე მაღლა დააყენა. მადლობა მეთქმის იგივე "დინამოს", "ბაიას", "ზესტაფონის", "ტორპედოს", "ლოკომოტივის" მისამართით.

- რომელიმე ტურნირში მონაწილეობას თუ გეგმავთ?
- მიწვევები გვაქვს კვიპროსის, პორტუგალიისა და ავსტრიის საერთაშორისო ოთხთა ტურნირებზე - ეს უკანასკნელი 22-30 მარტს გაიმართება, მაგრამ ორგანიზატორებს პასუხს კენჭისყრის შემდეგ ვეტყვით.

იმ ტურნირზე არ ვითამაშებთ, სადაც ჩვენი რომელიმე მეტოქე იასპარეზებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

კახა კაჭარავა: ნაკრებში ყველა ჩემი შვილია...
ბაჩო არაბული იანვარს ელოდება: იმედია, უცხოეთში წავალ
საქართველო-ისლანდია 2:0 - საქართველო ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდშია!
საქართველო-აზერბაიჯანი 1:1 - ფრე და დარჩენილი იმედი
ხორვატია-საქართველო 2:0 - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები მასპინძლებთან დამარცხდა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული