ტურნირს ბელგია 2013 წლის გაზაფხულზე უმასპინძლებს - თამაშები 24, 26 და 29 მაისს ჩატარდება.
კახა კაჭარავა 19-წლამდელთა მომზადების გეგმებზე გველაპარაკა და მეტოქეები შეაფასა.
- ინგლისი, შოტლანდია, ბელგია - ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით და შეიძლება ითქვას, არ გაგვიმართლა.
- რას ვიზამთ, ელიტრაუნდში სუსტი გუნდები ვერ ხვდებიან და ასეთ მეტოქეებს არც ველოდით. ისე, საგანგაშო მდგომარეობაც არ არის: 17-წლამდელთა ნაკრებს გაცილებით
პირიქით, ძლიერი მეტოქეები მახარებს, რადგან ჩვენი მოთამაშეები გამოცდილებას ასეთი დონის საერთაშორისო შეხვედრებში იღებენ, რაც მათ წინსვლასა და პროგრესში დაეხმარებათ. ასაკობრივი ნაკრებების მთავარი ამოცანა კი სწორედ ესაა.
- ალბათ, მეტოქეებზე ინფორმაციას ჯერ არ ფლობთ.
- ინგლისის მატჩების ვიდეოჩანაწერებს ლიტველები მოგვაწვდიან, სადაც შესარჩევ ეტაპს უმასპინძლეს. ინგლისის ამ თაობას კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელები ევროპის შესარჩევზე თბილისში დაუპირისპირდნენ.
ბრიტანელებს "ლივერპულისა" და "ჩელსის" მოთამაშეები ჰყავთ. მაგალითად, ლივერპულელმა რაჰიმ სტერლინგმა პრემიერლიგაში წლეულს 14 შეხვედრა ჩაატარა - მან თბილისში შესარჩევ ტურნირზეც ითამაშა. ახლა ვნახავ, ორი წლის შემდეგ ვინ რა პროგრესი განიცადა.
დანარჩენ მეტოქეებზეც ინფორმაციას ნელ-ნელა შევაგროვებთ.
- კენჭისყრამდე ბრძანეთ, რომ მიწვევები გაქვთ კვიპროსის, პორტუგალიისა და ავსტრიის საერთაშორისო ოთხთა ტურნირებზე. თუ გადაწყვიტეთ, სად ითამაშებთ?
- კენჭისყრის შემდეგ ზვიად სიჭინავა და რეზო არველაძე დამიკავშირდნენ და ვთქვით, რომ 2013 წლის დასაწყისსა და გაზაფხულზე პორტუგალიისა და კვიპროსის საერთაშორისო ტურნირებზე გავემგზავრებით, მაისის ბოლოს კი სერბეთში მოვემზადებით და 19-20 მაისს ამ ქვეყნის ნაკრებთან ორ ამხანაგურ შეხვედრას ჩავატარებთ. ბელგიაში სწორედ ბალკანეთიდან ჩავალთ.
ანუ დაახლოებით 8 ამხანაგურ მატჩს ჩავატარებთ. ეს ძალიან მახარებს, რადგან ჩვენი ჩემპიონატი მაინც "მატყუარა" ტურნირია. გგონია, რომ ფეხბურთელები იზრდებიან, მაგრამ საერთაშორისო სარბიელზე რომ გავდივართ, სისწრაფე და კიდევ ბევრი რამ არ გვყოფნის, ან მიუჩვევლები არიან.
მაგალითად, ხორვატიაში შესარჩევი ციკლის პირველ ტურში მასპინძლებთან გაგვიჭირდა, მაგრამ ბიჭებმა ტემპს ალღო აუღეს და მერე და მერე თამაში გავაუმჯობესეთ.
იმის თქმა მსურს, რომ ოფიციალურ თამაშებამდე უცხო გარემოსთან ადაპტაცია და მაღალი დონის მეტოქეებთან მაღალ ტემპში ხშირი სპარინგი აუცილებელია. ეს გუნდსაც ზრდის და თითოეულ მოთამაშესაც.
- ასეთი ძლიერი ჯგუფიდან გასვლის შანსზე ლაპარაკი ძალიან რთულია.
- რა თქმა უნდა, ურთულეს ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ უნდა შევძლოთ და ამხანაგურ შეხვედრებსა და საერთაშორისო ტურნირებზე გუნდი უკეთ შევათამაშოთ.
სწორი ფეხბურთის თამაშსა და მაღალ ტემპთან შეჩვევას დრო სჭირდება, უცებ არაფერი გამოვა, მაგრამ უიმედოდ არ ვართ.
კახა კაჭარავა: ბევრი თამაში გვექნება (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
17 და 19-წლამდელთა წილისყრა: ფორტუნამ დაგვინდო, ჯერი ჩვენს ჭაბუკებზეა
კახა კაჭარავა: საქართველოს ნაკრებს სამ ტურნირში იწვევენ
კახა კაჭარავა: ნაკრებში ყველა ჩემი შვილია...
ბაჩო არაბული იანვარს ელოდება: იმედია, უცხოეთში წავალ