ინფრასტრუქტურულ და სხვა მიმდინარე თუ განხორციელებულ პროექტებთან ერთად, ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორისო ასპარეზზე გამოსვლის შეფასება და იმ შედეგების გაანალიზება, რომელსაც ჩვენმა გუნდებმა მიაღწიეს.
გთავაზობთ ვრცელ ინტერვიუს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავასთან, რომლის ხელმძღვანელობითაც, ჩვენმა ასაკობრივმა ნაკრებმა მძიმე ბრძოლაში მოიპოვა ელიტრაუნდის საგზური და მომავალი წლის მაისის ბოლოს ჯგუფში შოტლანდიის, ინგლისისა და ბელგიის ნაკრებებთან ერთად იბრძოლებს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად.
"უპირველესად, მინდა ვთქვა, რომ 2012 წელს ჩვენი პროგრამა-მინიმუმი
გუნდმა არაერთი შეკრება გაიარა და ბევრი ფეხბურთელი გამოვცადეთ. საბოლოოდ რა შემადგენლობაც ავირჩიეთ და ვისაც დავეყრდენით, გამოჩნდა, რომ სწორი არჩევანი გაგვიკეთებია, რადგან ამ ბიჭების დამსახურებაა, რომ ჩვენ ელიტრაუნდში ვითამაშებთ.
მოსამზადებელ ეტაპზე ჩვენ ოთხი ამხანაგური თამაში გავმართეთ, რაც ძალიან გამოგვადგა და გუნდის ჩამოყალიბების პროცესში დიდი როლი შეასრულა.
მინდა გითხრათ, რომ მოსამზადებელმა ეტაპმაც და ელიტრაუნდის შესარჩევმა მატჩებმაც ნათლად დაგვანახა ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, რაზეც ბევრი სამუშაო გვექნება.
მით უმეტეს, რომ საკმაოდ ძლიერ გუნდებთან ერთად მოვხვდით ჯგუფში და წინ ურთულესი მატჩები გველის. მოკლედ, ჩემი 9-თვიანი მუშაობა რომ შევაჯამოთ, საერთო ჯამში, კმაყოფილი ვარ" - ამბობს კაჭარავა.
- უფრო რომ დავკონკრეტდეთ: თუ შეგიძლიათ გვითხრათ, მოსამზადებელ ეტაპზე დაახლოებით რა რაოდენობის ფეხბურთელი გასინჯეთ?
- მოსამზადებელ პერიოდში თვეში დაახლოებით 60 ფეხბურთელს ვსინჯავდით. დავდიოდით თამაშებზე, ვითვალისწინებდით გუნდების მწვრთნელებისა და სელექციონერების რეკომენდაციებს.
კონკრეტული თამაშის ან ტურნირის წინ კი ვარჩევდით მოთამაშეებს, რომლებიც იმ კონკრეტული მომენტისთვის უკეთ იყვნენ მზად. შედეგად, ტესტ-მატჩებსა თუ სხვადასხვა ტურნირზე არაერთ ახალგაზრდას მოუწია ნაკრებში თამაში.
ასე მოვიქეცით შესარჩევი ციკლის დაწყებამდეც და საბოლოოდ უკეთ მომზადებული ბირთვი წავიყვანეთ ხორვატიაში.
საერთო ჯამში, ალბათ, დაახლოებით 300-დან 500 ფეხბურთელამდე გაისინჯა, როგორც ადგილობრივები, ისე უცხოეთში მოთამაშეები.
ვინც ამ ეტაპზე ნაკრებში ვერ მოხვდა, მათზე მუდმივ დაკვირვებას ვაგრძელებთ, რადგან ეს ისეთი ასაკია, რომ ნებისმიერმა შეიძლება მოუმატოს, ან პირიქით - მოუკლოს. ასე რომ, ნაკრების ყველა ახლანდელი თუ სავარაუდო კანდიდატი ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშაა.
- მოდით, ასე ვთქვათ, რა დაგაკლდათ მოსამზადებელ პერიოდში და რის გამოსწორებას ისურვებდით სამომავლოდ?
- თუ სურვილზეა, უპირველესად, იმას ვისურვებდი, რომ კლუბებში უკეთ მიმდინარეობდეს ფეხბურთელებთან ინდივიდუალური მუშაობა, რომ მოთამაშეები ნაკრებში კარგად მომზადებულები მოდიოდნენ. ყველას თავისებურად უნდა მიუდგე...
პირდაპირ გეტყვით - ამ ბავშვებს ბევრი ისეთი რამ აქვთ სასწავლი, რასაც ჩვენ ნაკრებში ვერ ვასწავლით...
ნაკრებში ტაქტიკური მუშაობა უნდა მიმდინარეობდეს და ჩვენ დროს არ უნდა ვკარგავდეთ ელემენტარულ საკითხებზე.
შეიძლება, მე სურვილი მქონდეს, რომ უფრო მეტი შეკრება გაგვეკეთებინა, თუმცა ბიჭები გუნდებში თამაშობენ და უეფას დღეები თუ არ არის, მათ არ გამოუშვებენ... მე არავის ვადანაშაულებ, მით უმეტეს, რომ ჩვენს კლუბებს დღესდღეობით არ აქვთ ისეთი დიდი ფინანსური შესაძლებლობები, ყველა ფეხბურთელთან ინდივიდუალურად იმუშაონ.
გასათვალისწინებელია კვებისა და ვიტამინიზაციის პრობლემებიც. და რაც ძალიან პრობლემატურია, ესაა ზოგადი განათლების თემა.
მე იმას კი არ ვამბობ, რომ დადგნენ და ენციკლოპედიები იკითხონ. ელემენტარულ საფეხბურთო განათლებაზე მაქვს საუბარი, როცა კარგად იცი თამაშის წესები და ამ მხრივ, მოედანზე ვერავინ დაგჩაგრავს და მოგატყუებს. ეს ძალიან კარგად გამოჩნდა ხორვატიაში, სადაც სამ თამაშში 12 ყვითელი და 4 წითელი ბარათი მივიღეთ. არც ერთი წითელი ბარათი განსაკუთრებული უხეშობის ან ჩხუბის გამო არ მიგვიღია.
ოთხივე საფეხბურთო წესებისა და ენის უცოდინრობის "დამსახურება" იყო. მაგალითად, მსაჯმა ჩვენი მოთამაშე გააფრთხილა, ჯარიმა სასტვენის გარეშე არ დაარტყაო და სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა, რომ ამან მაინც დაარტყა... აი, ასეთ რამეზე მაქვს საუბარი.
განსაკუთრებით მინდა ხაზი გავუსვა დისციპლინის საკითხს, რომელსაც მე უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ და ძალიან ყურადღებამისაქცევია. საფეხბურთო დისციპლინა სულ სხვა რამაა.
ეს არ ნიშნავს, რომ მოხვიდე მოწესრიგებული, წვერგაპარსული და ხმა არ ამოიღო. ძნელია, როცა ბავშვი სხვანაირადაა მიჩვეული; მერე მოდის შენთან შეკრებაზე და ერთ კვირაში გინდა, რომ სანაკრებო რეჟიმში ჩააყენო და "შენსკენ შემოაბრუნო"...
შეიძლება, მეც დავაკელი რაღაც. ისე არავინ გაიგოს, თითქოს ხელს სულ სხვისკენ ვიშვერ. სამომავლოდ, ძალიან მინდა, რომ შეკრებების დროს ფეხბურთელებს ლექცია-შეხვედრა მოვუწყო მსაჯებთან, სხვადასხვა სპეციალისტთან, რომ მიმდინარე სიახლეების საქმის კურსში იყვნენ. ამ მეთოდით ვმუშაობდი თბილისის "დინამოში" და საკმაოდ საინტერესოც იყო.
- და რაც შეეხება ფეხბურთის ფედერაციას, რა მიმართულებით ისურვებდით მეტ ყურადღებასა და ჩართულობას?
- ფედერაციის მოვალეობაა, თავის ნაკრებებს შეუქმნას სათანადო მოსამზადებელი პირობები. ფედერაცია ნაკრებებს ფეხბურთელებს ვერ გაუზრდის...
მან უნდა იზრუნოს გუნდებისა და სამწვრთნელო შტაბების კომფორტულ მუშაობაზე, კარგ მოსამზადებელ პირობებზე, სასარგებლო ტურნირებისა და ტესტ-მატჩების ორგანიზებაზე.
ბოლო წლების განმავლობაში, ორი ასაკობრივი ნაკრები სტაბილურად რომ გადის ელიტრაუნდში, ეს შედეგი ასე "ერთი შებერვით" არ მოსულა; ერთობლივი მუშაობით ჩაეყარა ამ ყველაფერს საფუძველი.
ახალგაზრდული ნაკრებების წარმატებებით თუ ვიმსჯელებთ, აშკარაა, რომ სწორ გზაზე ვდგავართ, მაგრამ ამ ყველაფერს შენარჩუნება უნდა და მეტი მუშაობა.
ნელ-ნელა მოთხოვნებიც იზრდება; ელიტრაუნდებს რომ გავუშინაურდით, გულშემატკივარი უკვე ევროპის ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე გასვლას ითხოვს და ეს ლოგიკურიცაა. ჩემი აზრით, ფედერაციამ აღებული ტემპი უნდა შეინარჩუნოს და ასაკობრივ ნაკრებებს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს.
ძალიან მინდა, მედიამაც დააფასოს ეს ახალგაზრდა ბიჭები, რადგან მათ უნდა იგრძნონ, რომ ყურადღებას აქცევენ, მათ თამაშებსა და შედეგებს ყველა იგებს და ა.შ. როცა იგრძნობენ, რომ თავიანთ ქვეყანას, ქართულ ფეხბურთს სჭირდებიან, მეტი პასუხისმგებლობის გრძნობა ექნებათ.
- ანუ მედიის მხრიდან უყურადღებობას გულისხმობთ?
- უყურადღებობას არა, მეტ ყურადღებას... ავიღოთ ჩემი გუნდის ფეხბურთელები, მაგალითად, არაბული, სამუშია, სანდოხაძე, კაკაბაძე, ფანცულაია და სხვები - მათი აზრიც უნდა მოისმინოს საზოგადოებამ.
გულშემატკივარმა უნდა იცოდეს, რას ფიქრობენ ეს ბიჭები, როგორ ხედავენ მომავალს. მათი აზრი ძალიან მნიშვნელოვანი და გასათვალისწინებელია. ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ მათ სტიმული მივცეთ.
- ახლა მომავალ ელიტრაუნდზეც ვისაუბროთ. როგორ შეაფასებთ კენჭისყრის შედეგებს და რა მოლოდინი გაქვთ?
- იმას თქმა არ უნდა, რომ რთული ჯგუფია, მაგრამ დღესდღეობით ფეხბურთი განვითარების ისეთ ეტაპზეა, რომ ვერ იტყვი, ვინმესთან თამაში და ბრძოლა არ შეიძლებაო.
მე ისეთი ფეხბურთელი არ მჭირდება, რომელიც ყურებს ჩამოყრის და ცხვირს წინასწარ ჩამოუშვებს იმის გამო, რომ ჯგუფში ინგლისი, შოტლანდია და ბელგია გვყავს. რეალობიდან უნდა გამოვიდეთ და ზუსტად დავსახოთ პრიორიტეტები - რა გვინდა, საით მივდივართ.
ვიმეორებ, თამაში ყველასთან შეიძლება და ეს ყველაზე უკეთ ვასილ მაისურაძის 17-წლამდელთა ნაკრებმა დაგვანახა, როცა გასული წლის მაისში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდნენ და ნახევარფინალიც ითამაშეს.
არავის ეგონოს, რომ ჩვენ ბელგიაში მოვალეობის მოხდის მიზნით წავალთ. იქნება ბრძოლა, ყველასთან! ამას გპირდებით.
ახლა, მთავარია, მოსამზადებელ პერიოდში რაც შეიძლება მეტი ტესტ-მატჩი ვითამაშოთ ძლიერ გუნდებთან, რომ ჩვენი დონე შევამოწმოთ, შევაფასოთ და გამოცდილება მივიღოთ.
- მოსამზადებელი ეტაპის მონახაზი უკვე დაგეგმილი გაქვთ?
- უპირველესად, მინდა, კლუბებს დაველაპარაკოთ, რომ საჭიროების შემთხვევაში (და ეს საჭიროება აუცილებლად იქნება) ნაკრების ფეხბურთელები, უეფას დღეების გარდა, სხვა დროსაც გაათავისუფლონ, რომ ელიტრაუნდამდე ჩასატარებელი სამუშაოების მაქსიმუმი მოვასწროთ.
თუ ის მოთამაშეები არ მეყოლება, რომლებსაც ნაკრების ბირთვად მივიჩნევ, აბა, მაშინ რად გვინდა ეს შეკრებები და ამხანაგურები?!
ფედერაციამ უკვე დაგეგმა ჩვენთვის ძალიან სასარგებლო და საინტერესო შეკრებები და ტურნირები.
მაგალითად, მოლაპარაკება მიმდინარეობს პორტუგალიის ტურნირზე; თემურ ქეცბაიას უშუალო კონსულტაციებით, კვიპროსზეც ვგეგმავთ ამხანაგური მატჩების გამართვას; წინასწარ არ მინდა საუბარი, მაგრამ დღეებს რომ შევათანხმებთ, ესეც 100 პროცენტით იქნება გადაწყვეტილი.
დასკვნით საწვრთნელ შეკრებას კი გაზაფხულზე სერბეთში გავივლით, სადაც ადგილობრივ ნაკრებს ვეთამაშებით და შემდეგ პირდაპირ წავალთ ბელგიაში. ეს ვარიანტი ჩემთვის აბსოლუტურად მისაღებია, რადგან გუნდს ადაპტაციის პრობლემა, ფაქტობრივად, მოეხსნება.
- ამ ეტაპზე არსებობს მოთამაშეების ძირითადი ბირთვი, ვისზეც გუნდის თამაშისა და ზოგადად, სტრატეგიის აწყობას გეგმავთ?
- რა თქმა უნდა. სახელებს და გვარებს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ არის 5-6 ფეხბურთელი, ვისაც ძირითადი შემადგენლობის ბირთვად მოვიაზრებ.
ვიმეორებ, ვინც მოცემული მომენტისთვის უკეთ იქნება მზად, იმ მოთამაშეებს დავეყრდნობით. შანსებზე საუბარი ძალიან ძნელია, მაგრამ მე ამ ბიჭების იმედი მაქვს. ყველამ ერთად უნდა განვაწყოთ ისინი საბრძოლველად.
ბოლომდე უნდა გააცნობიერონ, რომ ისინი მხოლოდ გუნდის კი არა, თავისი ქვეყნის სახელსა და ღირსებას იცავენ. ნიჭიერი ბიჭები არიან და იციან, თუ რამდენს ნიშნავს მონდომება. სწორედ ამ ბრძოლამ და მონდომებამ გაგვიყვანა ელიტრაუნდში.
gff.ge
ასევე იხილეთ:
ზუგდიდი-ზესტაფონი 0:3 - კახა კაჭარავამ მეორე მატჩიც მოიგო [VIDEO]
კახა კაჭარავა: "ზესტაფონს" ჯერ საკუთარი თავის რწმენა უნდა დავუბრუნო
კახა კაჭარავა: ...პირიქით, ელიტრაუნდის უმძიმეს ჯგუფში მოხვედრა მახარებს