"დღეს სისტემა და ამ სისტემისგან შექმნილი დიდი მანქანა დავამარცხეთ. ეს ყველაფერი სიყვარულით და თავდადებით გავაკეთეთ. თავიდანვე მქონდა იმედი, რომ არ წავაგებდით და ბიჭებს ვუთხარი კიდეც. ბოლომდე ბრძოლამ შედეგი მოიტანა..."
იმ დროიდან, როდესაც ინგლისელმა მეზღვაურებმა ფოთელები და მერე მთელი საქართველოც ბურთის გორებით გადარიეს, არასოდეს არც ერთი ქართული კლუბი თუ ნაკრები ევროპის საუკეთესოთა შორის არ მოხვედრილა.
ეს 41 წლის ვასილ მაისურაძემ შეძლო, რომლის
ვასილ მაისურაძე 2012 წლის ქართული ფეხბურთის უდავოდ ყველაზე დიდი სიხარულის შემოქმედია...
"ლელოსთან" ინტერვიუში ახალგაზრდა მწვრთნელი განვლილ გზას, წარმატების მიზეზებსა და სხვა საინტერესო ამბებს იხსენებს.
მეც არ მსიამოვნებს...
- ერთ მშვენიერ დღეს ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოსმედალოსანი ნაკრების მწვრთნელად გაიღვიძეთ. არადა, დანიშვნის შემდეგ დარდობდით, 1995 წელს შობადობის დაბალი მაჩვენებელი სანაკრებო კონტინგენტზეც აისახაო.
- მართლაც ასე იყო. ომების გამო ქვეყანაში გაჭირვება იყო, რაც დემოგრაფიულ მდგომარეობაზე აისახა. ფეხბურთელების დიდი არჩევანი არ გვქონდა. იმ მშვენიერ დღემდე ბევრი მძიმე დღე და ვითარება გამოვიარეთ და ჩვენს თავზე მართლაც ბევრმა ქარტეხილმა გადაიარა. იყო ურთულესი პრობლემები და წინააღმდეგობები, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ფედერაციაც ბოლომდე მენდო და მწვრთნელთა შტაბის შრომით, თავდადებითა და პატიოსნებით შედეგს მივაღწიეთ.
- პატიოსნება ახსენეთ. ქართულ ფეხბურთში, სადაც პროტექციონიზმი და "ჩემიან-შენიანი" დღემდე ძალაშია, ეს ძალიან ბევრს ნიშნავს. მაგრამ პატარა ქვეყანაში ძნელია, დაწუნებული მოთამაშის მამა დაარწმუნო, რომ მისი შვილი მესი არ არის. გამიგია, რომ ამის გამო მეგობარი გაგინაწყენდათ.
- მწვრთნელობას იმიტომაც განდობენ, რომ ეს ყველაფერი დაალაგო. ჩემთვისაც არ არის სასიამოვნო, მეგობრის, კოლეგისა და ახლობლის შვილზე უარის თქმა რომ მიწევს, მაგრამ საკუთარ თავთან მართალი უნდა იყო.
რუმინელი საფეხბურთო დრაკულა
- 2013 წელს 19-წლამდელთა ნაკრების შესარჩევში ისევ ჰოლანდია შეგხვდათ. იმედია, უეფა მატიუს ავრამის გამოგზავნითაც არ "დაგვასაჩუქრებს" - რუმინელმა არბიტრმა ევროპის ჩემპიონატზე ნახევარფინალში ნიკა ჭანტურია გაგვიგდო და ალბათ, წლის ყველაზე კოშმარულ მოგონებად დაგრჩათ.
- ის უსამართლოდ არა მხოლოდ ჭანტურიას გაგდების დროს მოგვექცა; ჰოლანდიელთა პირველი გოლიც 100-პროცენტიანი თამაშგარედან ჩათვალა.
- არ გქონდათ განცდა, რომ ევროპელებისთვის საქართველოს ნაკრები დაახლოებით ასე იყო - "შვილო, ვის დაეკარგეთ?"
- (იცინის) თავიდან კი, მაგრამ ელიტრაუნდში ინგლისი, ესპანეთი და უკრაინა რომ ჩავტოვეთ, პატივისცემით განეწყვნენ.
სლოვენიაში უკვე სახელით ჩავედით და ერთმანეთს ხელით ანიშნებდნენ, აი, ესენი არიანო. მერე ევროპაზე ჯგუფში საფრანგეთი ჩავტოვეთ და მათმა მწვრთნელმა პრესკონფერენციაზე აღტაცება ვერ დამალა.
- ინგლისთან მოგების შემდეგ თქვით, ჩვენ სისტემა დავამარცხეთო, მაგრამ თავად თქვენ სისტემას არ წარმოადგენდით.
- სამწუხაროდ, ასეა. უცნობ ფაქტს გეტყვით: მიხეილ მესხის სტადიონის ოთხივე ტრიბუნაზე ინგლისელთა მწვრთნელს ჰყავდა ასისტენტები გადამცემებით, რომლებიც აცნობებდნენ, ვინ, როგორ და რამდენად სასარგებლოდ მოქმედებდა, მოძრაობდა, პოზიციურად ვინ ცდებოდა... ორი მათგანი საქართველოს აკვირდებოდა, ორიც - ინგლისს. ეს არის გამართული სისტემა.
- ერთი მხრივ, ეს კარგია, მაგრამ, მეორე მხრივ, ფეხბურთელს ყველაფრის კარნახი იმპროვიზაციისგან დაცლილ "ზომბად" არ აქცევს? ფეხბურთში ყველაზე კარგი ამბები იმპროვიზაციის დროს ხდება. ვერც ერთი სპეციალისტი წინასწარ ვერ გამოიცნობდა, დარციმელია ქუსლით შედევრ გადაცემას რომ გაუკეთებდა პაპუნაშვილს.
- უდავოა, რომ დარციმელია-პაპუნაშვილმა მაგარი გოლი "გამოაცხვეს" და ასეთ შეტევას სქემებით ვერ დაუდგები, მაგრამ ინფორმაციების დამუშავება და ანალიზი ისევ იმპროვიზაციას უწყობს ხელს. უბრალოდ, ყველაფერს მაღალ დონეზე სწავლობენ. დარწმუნებული ვარ, ისიც კარგად შეისწავლეს, ჩვენთან რატომ დამარცხდნენ და ამას სამომავლოდ გაითვალისწინებენ.
მეექვსე გრძნობა
- თბილისში ძალიან ვნერვიულობდი. ასეთ ნაკრებებს შენი გუნდი თბილისში, ზღვა ხალხის წინაშე რომ ხვდება, მოგებას ითხოვენ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ყოფილა. თან გინდა დაამტკიცო. ადვილი ნამდვილად არ არის.
- ასეთი ემოციებით შეუძლებელია, ყველაფერი წინასწარ დაწერილი თუნდაც რამდენიმე სქემის მიხედვით გადაწყვიტოთ. ამ დროს უკვე ყველაფერი მწვრთნელის იმპროვიზაციაზეა დამოკიდებული.
- რა თქმა უნდა! ყველაფრის დაგეგმვა წარმოუდგენელია! სხვათა შორის, ჩვენთან მატჩის წინა დღესაც არ იცოდა ფეხბურთელმა, შემადგენლობაში ითამაშებდა თუ არა.
იმდენად დიდი წნეხი იყო, ბიჭები ყველა წვრილმანსა და სიტყვას ძალიან განიცდიდნენ და გვეშინოდა, თამაშამდე არ "გადამწვარიყვნენ". ბავშვები თითოეულ სიტყვასა და ბგერასაც კი იჭერენ. რამდენიმე დაითრგუნა იმის გამო, ინგლისსა და ესპანეთს რომ ვხვდებოდით.
ყოფილა შემთხვევა, მოედანზე მოთელვის დროს გადაგვიწყვეტია, ვის ეთამაშა. რომ გვეგონა, მზად იყო, სახეზე სხვა რამ ეწერა და პირიქით. ასეთ დონეზე მნიშვნელოვანია თითოეული წუთი და წამიც კი. აქ უკვე სქემები გვერდზეა და წინ მოდის ის, რაც მწვრთნელს უნდა ჰქონდეს.
ალბათ, სწორედ ეს არის მეექვსე გრძნობა.
ნიკალაევიჩის სასმელი
- ანეკდოტად დადის, გამარჯვებით გახარებულმა როგორ მიმართეთ ისლანდიასთან მოგების შემდეგ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, რომელსაც მაშინ ყველა შიშით ელაპარაკებოდა - "ნიკალაევიჩ, ხომ არ დავლიოთო".
- ეს მე არ მითქვამს. ალექსანდრე ჩივაძის სიტყვები მომაწერეს. პრეზიდენტმა ვიწრო წრე სავახშმოდ მიგვიწვია და ჩივაძე ისეთი გახარებული იყო, შინაურულად მიმართა.
- ასეთ დროს გამარჯვებულთან პრეზიდენტის რანგიც მეორეხარისხოვანი ხდება.
- ცხადია, ყველა გახარებული ვიყავით და იუმორს წინ არაფერი დაუდგებოდა. სუფრაზე და ნებისმიერ გარემოში ეს კარგია. მოედანზეც შეუძლებელია, სულ სერიოზული იყო, ასე გუნდსაც დაძაბავ. თუმცა, სიმართლე გითხრათ, ყოველთვის, ყველა ვითარებაში ვცდილობ, მწვრთნელის ჩარჩოებიდან არ გავიდე.
ბენდელაზე გაძლიერებული შიმშილის გრძნობა
- კარიერა ნაადრევად დაასრულეთ...
- 28 წლის ვიყავი, როდესაც "ტორპედოდან" "სიონში" გადავედი. 2001 წელს ბუცებიც ჩამოვკიდე.
- გარდა იმისა, რომ ფეხბურთი გენატრებოდათ, ელემენტარულად, ხელფასს ვერ იღებდით. რამ გაიძულათ დარჩენილიყავით ფეხბურთში, რომელიც საქართველოში სულაც არ იყო პერსპექტიული და ფინანსურად მომხიბვლელი სფერო, მით უფრო, მაშინ?
- ეს მხოლოდ სიყვარულის, იმედისა და ვალდებულების გამო გავაკეთე. 2003 წლიდან "დინამოში" სელექციონერად ვმუშაობდი და მწვრთნელების სერიოზული ნაკლებობა შევნიშნე. პრობლემა იყო კვალიფიკაციაც, მიდგომაც და რაოდენობაც. ჩვენნაირ ქვეყანას 3-4-ჯერ მეტი მწვრთნელი უნდა ჰყავდეს.
- თქვენში მწვრთნელის ნიჭი ვინ შენიშნა, ან ამ გადაწყვეტილებაზე ვინმემ მოახდინა გავლენა?
- ეს "ბენდელას თასზე" მოხდა. ძალიან მაგარი ტურნირი იყო, ბევრი ცნობილი ფეხბურთელი თამაშობდა: მუჯირი, დემეტრაძე, კობიაშვილი, კალაძე, იაშვილი, ანჩაბაძე, უმცროსი ვიტალი დარასელია.
მაშინ ჩემი უბნის გუნდი, "ნაძალადევი" შევკრიბეთ და ჩვენმა ფეხბურთელმა, გიორგი მოსულიშვილმა და ბიჭებმა მთხოვეს, კარგად ვთამაშობთ, მაგრამ უმწვრთნელოდ მოგების შანსი არ გვაქვს, გუნდი მოედანზე შენ გაიყვანე და დავალებები მოგვეციო.
ჩემპიონები გავხდით და ჩემი თავი მწვრთნელად მაშინ დავინახე. "დინამოში" სელექციონერად მისული მწვრთნელობაზე უკვე ფიქრობდი. მინდოდა, ფეხბურთს "ხელით" შევხებოდი. დავიწყე და მერე მივხვდი, რომ შიგნიდან ფეხბურთი სულ სხვაგვარია. საფეხბურთო პროცესში უამრავი უცნობი ნიუანსი შევნიშნე, ფეხბურთელები და მოვლენები უფრო საღად შევაფასე.
- მწვრთნელობა სტრესთან დაკავშირებული საქმეა. ამ დროს მშვიდად ვერ იაზროვნებ. ანუ რა თვისება არის თქვენს საქმეში მნიშვნელოვანი?
- რამდენიმე წლის წინათ ინგლისში გამოკითხვა ჩაატარეს, მწვრთნელისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, დიდი ფეხბურთელობა, ტაქტიკური თუ ზოგადი განათლება... პირველ ადგილზე პიროვნული თვისებები გავიდა.
ცოდნა და ტაქტიკა-თეორია ბევრს ნიშნავს, მაგრამ პიროვნული თვისებების გარეშე ყველაფერი წყალში ჩაგეყრება. ყველაფერი ადამიანებთან ურთიერთობებით იწყება. თუ ძლიერი და მყარი არ ხარ, პირველივე პრობლემაზე წაიქცევი.
- ვიცი, რომ თქვენი თაობის გამორჩეული ფეხბურთელი იყავით, მაგრამ ჯანმრთელობამ თამაშის საშუალება არ მოგცათ. ასე მგონია, რომ მწვრთნელობას დიდი ფეხბურთის შიმშილით იწყებენ.
- ესეც არის და სურვილიც, რომ შენი სიტყვა თქვა. ეს სწორად შენიშნეთ, ეს ფაქტორი ჩემში არის. ამ შიმშილით ყოველდღე სიახლეს ეძებ, იზრდები და ვითარდები. ასეთი შინაგანი ჭიდილით მომიწია ესპანეთ-ინგლის-უკრაინა-საფრანგეთთან თამაშები.
ბარსელონა!
- მწვრთნელი, გუნდი და საფეხბურთო ფილოსოფია, რომელმაც თქვენზე ყველაზე დიდ გავლენა მოახდინა...
- "ბარსელონა"! ასეთი გუნდი მსოფლიოს ფეხბურთის ისტორიაში არ ყოფილა. ამ გუნდის მწვრთნელიც, ფილოსოფიაც და მოთამაშეებიც ჩემთვის მისაბაძები არიან.
- "ბარსელონას" დღევანდელი კონცეფციის ავტორის, იოჰან კრუიფისა და ქართული ფეხბურთის მეტრის, ანდრო ჟორდანიას მოსაზრებები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს, ორივე უნივერსალიზმის წინააღმდეგია და მიიჩნევენ, რომ ეს ფეხბურთში ინდივიდუალიზმსა და შემოქმედებას კლავს.
- მე არ ვარ უნივერსალიზმის კატეგორიული მოწინააღმდეგე. "ბარსელონაში" ეს და გუნდურობა ერთმანეთთან კატეგორიულად არის შერწყმული. კატალონიური გუნდი არის სიმაღლე, რომელზეც ორიენტირი უნდა აიღო და მისგან ბევრი ისწავლო.
ჩვენი ბიჭები უცხოეთში რომ მიდიან, უნივერსალიზმზე მეტად, გუნდურობის, სხვებთან ურთიერთობისა და გარემოსთან ადაპტაციის პრობლემა ექმნებათ.
- "ბარსელონას" მიბაძვა ყველას უნდა და სწორედ ეს არის საფრთხე - ოცნებასა და რეალობას შორის ზღვარის გავლება ყველას არ ეხერხება. მოთამაშეებიდან გამომდინარე, შესაძლოა, გუნდს მისი საპირისპირო ფეხბურთი ათამაშო.
- მაგრამ ორიენტირად მაინც "ბარსელონა" უნდა გქონდეს, რათა მოთამაშეებმა და მწვრთნელებმა ვიცოდეთ, საქმე როგორ დონეზე უნდა ვაკეთოთ, რომ მარტივად თამაშშია გენიალურობა, რომ წლების განმავლობაში სტაბილურად მაღალ დონეზე თამაშია კლასის განმსაზღვრელი.
ქართველები ამისკენ უნდა მივდიოდეთ, რადგან ნახევარი წელიწადი ვფაფხურობთ და მერე ვიკარგებით, თორემ "ბარსელონასავით" სხვა ვერავინ რომ ვერ ითამაშებს, სადავო არც არის.
- რას ისურვებდით და გვისურვებდით დამდეგ, 2013 წელს?
- ყოფილიყოს სიკეთისა და სიხარულის მომტანი, ჩვენს კლუბებსა და ნაკრებებს კი საუკეთესოთა შორის დამკვიდრებას ვუსურვებდი.
მთავრობის მიმართ ჩემი თხოვნა იქნება, ფეხბურთს ფინანსურად დაეხმარონ, რადგან ეს ჰაერივით სჭირდება. თუ ხანგრძლივი პროექტი განხორციელდება, შესაძლოა, მერე ბიუჯეტში ერთ-ერთ მსხვილ გადამხდელადაც მოგვევლინოს.
და რაც მთავარია, ფეხბურთს შეუძლია ხალხსა და ქვეყანასა ისეთი სიხარული მიანიჭოს, რასაც სხვა ვერ მოახერხებს.
ასევე იხილეთ:
"ლელოს" სტუმარი ვასილ მაისურაძე - წარმატების ფორმულა
ვასილ მაისურაძე: დღეს ყველაზე მეტად გუნდურობა გვჭირდება
ჰოლანდია-საქართველო 2:0 - მადლობა ყველაფრისთვის! [+VIDEO]
ახალი ფურცელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში, წინ 13 მაისია! [+VIDEO]
საფრანგეთი-საქართველო 1:1 - სენსაციამდე 13 წუთი დაგვაკლდა [+VIDEO]
U17. ევროპის ჩემპიონატი: დასანანი 0:1 გერმანიასთან [+VIDEO]