გიორგი ნერგაძე - სამხრეთ აფრიკაში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელი

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი სამხრეთ აფრიკაშიც თამაშობს. გიორგი ნერგაძე გულშემატკივარმა ქუთაისის "ტორპედოდან" გაიცნო, მერე ეს შუახაზელი "დინამო თბილისში" მიიწვიეს, ახლა კი იოჰანესბურგის "მოროკა სვოლოუვზის" მოთამაშეა.

ნერგაძე ცენტრალური ნახევარმცველია, ტექნიკური და ალღოიანი, 30 წლის გახლავთ და სამხრეთ აფრიკიდან
წასვლას ჯერ არ აპირებს.

გახსოვთ რაინერ ცობელი? 70-იანი წლების მიუნხენის "ბაიერნის" ფეხბურთელი, რომელიც ერთი პერიოდი "დინამო თბილისის" მთავარი მწვრთნელი იყო, შემდეგ სამხრეთ აფრიკას მიაშურა და ცოტა ხნის მერე ნერგაძეც თან წაიყვანა.

"სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატი საკმაოდ კარგი დონისაა, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ბევრად უკეთესია, პირობებითაც კმაყოფილი ვარ",
- გვითხრა ნერგაძემ, რომელიც შვებულებას საქართველოში ატარებს.

Sportall.Geფეხბურთი სოციალური ფენომენია, სამხრეთ აფრიკაში კი სოციალური ასპექტები განსაკუთრებულადაა განსაზღვრული მიუხედავად იმისა, რომ იქ აპარტეიდის რეჟიმი აღარ არის.

"სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში ფეხბურთს მეტწილად შავკანიანები და მულატები თამაშობენ, თუმცა ფეხბურთი არც თეთრებისთვის არის უცხო, ჩვენს გუნდში ოთხი თეთრკანიანი ვართ.

რაც შეეხება გულშემატკივრებს, ფეხბურთი მკვეთრად უფრო შავკანიანების სპორტია, თეთრებს კი ფეხბურთზე უფრო რაგბი უყვართ",
- განგვიმარტა ნერგაძემ.

წინა სეზონში "მოროკა სვოლოუვზი" აფრიკის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა, ახლა კი თექვსმეტგუნდა ლიგაში მე-11 ადგილზეა.

"სეზონი კარგად დავიწყეთ, ოქტომბერში თასიც მოვიგეთ, მერე კი ისე მოხდა, რომ ჩემპიონატში ვეღარ ვიგებდით თამაშებს, ჩავარდნა გვქონდა. ვფიქრობ, სეზონის მეორე ეტაპზე ჩვენს გუნდში ყველაფერი დალაგდება", - იმედიანადაა ნერგაძე.

და რატომ გამოდგა სამხრეთ აფრიკაში წასვლა მიმზიდველი ჩვენებურისთვის? ჯამაგირი ერთია, მაგრამ იმასაც ხომ გააჩნია, სად მიდიხარ, როგორ გარემოში.

"ცობელი "დინამოდან" რომ წავიდა, დამირეკა და "მოროკა სვოლოუვზში" გადასვლა შემომთავაზა, მაშინ ის იყო ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი. ეს ის დრო იყო, როცა სამხრეთ აფრიკა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობისთვის ემზადებოდა.

ორწლიან კონტარქტს მოვაწერე ხელი, შარშან ზაფხულში კი ხელმეორედ გავაფორმე ამ კლუბთან კონტრაქტი.

სამხრეთ აფრიკაში სწრაფ, ტექნიკურ ფეხბურთს თამაშობენ, ბურთის თრევა იქ არ უყვართ, ერთი-ორი შეხებით აკეთებენ ყველაფერს",
- გვითხრა ნერგაძემ.

"მოროკა სვოლოუვზი" იოჰანესბურგის გუნდია და ნერგაძის თქმით, ამ ქალაქში ქართველები არ ცხოვრობენ, ჩვენებურები თურმე მხოლოდ პრეტორიაში არიან.

ნერგაძეს უხარია, რომ სამხრეთ აფრიკაში ახლახან საქართველოს საელჩო გაიხსნა, იქ რომ ჩავალ, ჩვენს საელჩოს აუცილებლად დავუკავშირდებიო.

"სამხრეთ აფრიკაში ისეთი ჩემპიონატია, ძლიერი ყოველთვის ვერ ახერხებს სუსტის დამარცხებას, ყველა გუნდს ყველასთან შეუძლია წარმატების მიღწევა.

ჩემპიონატის მატჩებზე საშუალოდ 10-15 ათასი ქომაგი დადის, არის თამაშები, რომელსაც 90 ათასი გულშემატკივარი ესწრება.

კლიმატი ნორმალურია, 35-ზე მაღლა ტემპერატურა არ ადის. მოკლედ, იქ თამაში სასიამოვნოა".


და რატომ არ შეიძლება, რომ სამხრეთ აფრიკაში სტაბილურად მოთამაშე ფეხბურთელს სანაკრებო შანსი მისცენ?

"ნაკრების ხელმძღვანელობამ საკუთარი საქმისა თვითონ იცის, მოხარული ვიქნები, თუ ჩემით დაინტერესდებიან, იქაურ ჩემპიონატს საქართველოსას ვერც კი შევადარებ, არ ვიცი, ჩვენ სად ვართ..."

ნერგაძე საყრდენი ნახევარმცველია, თუმცა, როცა გუნდის ცენტრალური მცველი ტრავმირებულია ან დისკვალიფიცირებული, ჩვენებური "მოროკა სვოლოუვზის" დაცვის ცენტრს ამაგრებს.

ნერგაძემ მიმდინარე სეზონში სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის ყველა მატჩი ითამაშა.

არ ვიცი, ჩვენ სად ვართ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
არ იცი სად ვართ? სად და იმის იქეთ მხოლოდ მოძრაობაშეზღუდული ადამიანები თამაშობენ!
guja_kakhadze
14:35 06-01-2013
0

სიახლეები პოპულარული