გია ცეცაძე: ჩვენ საკუთარი ძალების რწმენა გვაკლია და ეს არის ყველაფრის თავი

AutoSharing Option
კახა კაჭარავამ ქვეყნის ჩემპიონი "ზესტაფონი" დეკემბერში ჩაიბარა და საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა.

ორიოდე დღის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების მწვრთნელების საგანგებო, გაფართოებულ შეხვედრაზე შევიტყვეთ, რომ 19-წლამდელების გაწვრთნა გია ცეცაძეს მიანდეს, რომელსაც ელიტრაუნდში ზაზა ბაკურაძე, თემურ ლორთქიფანიძე და გრიგოლ ჭანტურია დაეხმარებიან.

ცეცაძის კანდიდატურა, წესით, არავის უნდა გაკვირვებოდა - გორის "დილაში" ჯერ კიდევ მთავარ მწვრთნელად მუშაობის პერიოდში მის გუნდს მაყურებელი ჰყავდა, რადგან შინ თუ გარეთ გუნდი აზრიან, შემოქმედებით და ჯიგრიან ფეხბურთს აჩვენებდა.

მერე "დილაში"
თემურ შალამბერიძის
ასისტენტად მუშაობდა და გუნდმა ევროპის ლიგის პლეიოფამდე გააღწია.

- ასაკობრივ ნაკრებში დანიშვნა სასიხარულოც არის და საპასუხისმგებლოც...
- ეს პასუხისმგებლობა არ მაშინებს და მჯერა, რომ ფეხბურთელებთან და ჩემს შტაბთან ერთად საქმეს გავაკეთებთ და ქართველ ხალხს კიდევ ერთ პატარა სიხარულს მოვუტანთ.

სხვათა შორის, ნაკრების ამ თაობას კარგად ვიცნობ. მაგალითად, ბაჩანა არაბული და კიდევ რამდენიმე ჩემთან იზრდებოდა, სხვებსაც კარგად ვიცნობ.

კახა კაჭარავას მუშაობის დროსაც ამ ბავშვებს ვარჯიშებსა და თამაშებზე სულ ვაკვირდებოდი. ასე რომ, ინფორმაცია მაქვს, ვინ რას წარმოადგენს. სხვათა შორის, სულაც არ ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ ჩემს ნაკრებში ნიჭიერი თაობა არ არის.

- ბირთვი შენარჩუნდება თუ სიახლეები იქნება?
- ბირთვის შეცვლა სისულელე იქნება, ახალ ფეხბურთელებს ვერ შევქმნით, თუმცა ცვლილებები ყოველთვის და ყველა ნაკრებშია და გამორიცხული არც ჩვენს შემთხვევაშია. უფრო სათამაშო სქემა შეიცვლება.

- ელიტრაუნდში გასული ქართული ნაკრებების უმრავლესობა პრაგმატულად, დაცვიდან თამაშობდა. თქვენი "დილაში" მუშაობიდან კი ის უნდა დავასკვნათ, რომ მხოლოდ შემტევი ფეხბურთი გიყვართ. არადა, მიიჩნევენ, რომ დაბალ დონეზე მყოფი ქართული ფეხბურთისთვის ეს დამღუპველია.
- მე ასე სულაც არ მივიჩნევ. გიორგი დევდარიანი 17 და 19-წლამდელთა ნაკრებებში აქცენტს შეტევაზე აკეთებდა და წარუმატებელი გუნდი ჰყავდა?

სხვათა შორის, მინახავს თამაში, სადაც ე.წ. მეორე ნომერი გუნდი დომინირებდა, მაგრამ ბურთს საკუთარ მოედანზე ათამაშებდა, ანუ თავის დაცვას ბურთის ფლობით ცდილობდა. გააჩნია მეტოქეს, საკუთარი შესაძლებლობებიც სწორად უნდა შეაფასო, მაგრამ ფილოსოფია ერთია - ფეხბურთში კარგად, სწორად და დროულად უნდა შეუტიო, მხოლოდ დაცვაში ჯდომით შედეგს ვერასოდეს მიაღწევ.

საერთოდ, ჩვენ საკუთარი ძალების რწმენა გვაკლია, საკუთარ შესაძლებლობებსაც ვერ ვაფასებთ და ეს არის ყველაფრის თავი და თავი.

მაგრამ ვასილ მაისურაძის ჩინებულმა გუნდმა დაამტკიცა, რომ ქართველებს მაღალ დონეზე თამაში და წარმატების მიღწევა შეუძლიათ. ადრე ეს რეზო გაგუას, ვახტანგ კოპალეიშვილის, კობა ჟორჟიკაშვილისა და გიორგი დევდარიანის ნაკრებებმა დაამტკიცეს.

საქართველოში სულ იყვნენ ნიჭიერი თაობები. მთავარია, სასურველ კალაპოტში მოვაქციოთ. აბა, ესპანეთსა და ინგლისს შესარჩევ ჯგუფში რომ ჩატოვებ, ევროპის ჩემპიონატზე კი საფრანგეთს, მეტი რა უნდა მოახერხოს პატარა საქართველომ?

არ დაგვავიწყდეს, ვასილ მაისურაძის წარმატების დროს არავინ ახსენებს უკრაინას, რომელიც ინგლისისა და ესპანეთის ჩრდილში მოხვდა, თორემ ძლიერი საფეხბურთო ქვეყანაა, მისი პირობები ჩვენ არც დაგვესიზმრება.

- 19-წლამდელებს ელიტრაუნდში ინგლისი, შოტლანდია და ბელგია შეგხვდათ - არც ერთია საჩუქარი...
- საჩუქარი ჩვენც არ ვიქნებით და ვიმეორებ, ვასილ მაისურაძის ნაკრებმა ჩვენს მოთამაშეებსა და მწვრთნელებში დიდი მუხტი გააღვიძა. შანსი გვაქვს და რატომ უნდა ვიფიქროთ ცუდზე და არა კარგზე? მთელმა ევროპამ დაინახა, რომ საქართველო ხელწამოსაკრავი არ არის.

მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ქართველებს ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელები გვყავს, მაგრამ 19 წლამდე იზრდებიან და მერე იკარგებიან.

სხვათა შორის, თემურ ქეცბაიასთან შეხვედრაზე ამ თემაზე საინტერესო ლაპარაკი გვქონდა. თემურის იდეაა, რომ საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის კლუბების შემადგენლობაში აუცილებლად ითამაშოს ორმა 21-წლამდელმა ფეხბურთელმა, ახალგაზრდები რომ გავზარდოთ. მათ სკამზე კიდევ ერთი ან ორი ამ ასაკის ფეხბურთელი მოჰყვება, რადგან უცხოელს თადარიგში ვერ დასვამ.

დღეს ბევრი ნიჭიერი მოთამაშე ასაკოვანი უცხოელების ჩრდილში ხვდება და გასაქანი არ აქვს. მეც მირჩევნია, რომ ქართველმა ნიჭიერმა ახალგაზრდამ ითამაშოს, რაც ისევ ჩვენი ნაკრების მომავალს წაადგება.

- უმაღლესი ლიგის 12 გუნდში 24 ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა გეგულებათ?
- თითო გუნდში 3-4 ძალიან ნიჭიერი მართლაც მოიძებნება. ხოლო იმ კლუბებს, სადაც ახალგაზრდების გაზრდაზე არ ფიქრობდნენ, ახლა ამაზე დაფიქრება და შესაბამისი მოქმედება მოუწევთ.

- მაისურაძის 17-წლამდელები ახსენეთ. არის ცდუნება, ნიჭიერი თაობა მიიწვიოთ, მაგრამ მაინც ერთი წლით პატარები არიან, რაც ბავშვებში ბევრს ნიშნავს.
- ბევრს ნიშნავს, მაგრამ სხვაობა 15 და 16 წელს შორის უფრო საგრძნობია, ვიდრე 17 და 18 წლის ბიჭებს შორის. მაისურაძის თაობამ თავი კარგად წარმოაჩინა და მათი გამოუყენებლობა უფრო ცუდი იქნება.

- რატომღაც არის მოსაზრება, როდესაც ფედერაცია ნაკრებში მწვრთნელს ნიშნავს, პირობას მხოლოდ ის უყენებს. საინტერესოა, კონტრაქტი როგორ გააფორმეთ, რამე მოითხოვეთ?
- ეს ორმხრივი შეთანხმებაა და მწვრთნელიც თავის სამუშაო პირობას ითხოვს. სხვათა შორის, კახა კაჭარავამ და ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ ნაკრების მომზადების ისეთი სამუშაო გეგმა დამახვედრეს, ვიფიქრე, ჩემი დაწერილია-მეთქი.

მაისამდე ლამის ყველა თვეში 2-2 გასვლითი თამაშია დაგეგმილი. ეს მხოლოდ თებერვალში ვერ ხერხდება, რადგან მოთამაშეთა დიდი ნაწილი თავის კლუბში შეკრებაზე იქნება.

მარტის დასაწყისში თბილისში პატარა შეკრება გვექნება და შუა რიცხვებში პოლონეთში იმ ქვეყნის 19-წლამდელებთან ვითამაშებთ. აპრილში ორი თამაში კვიპროსში გველის, მაისში კი სერბეთში ამ ქვეყნის 19-წლამდელებთან და კიდევ ერთ გუნდთან. იქიდან გავემგზავრებით ბელგიაში, სადაცელიტ რაუნდის თამაშები გაიმართება.

სხვათა შორის, ნიკა ჩხეიძისგან ძალიან კარგი ამბავი შევიტყვე. თურმე, ფედერაციამ "ვაისკაუტის" პროგრამა შეიძინა, რომლითაც ნებისმიერ ვიდეომასალას მიიღებ, ვინ სად ითამაშა ოფიციალურად თუ ამხანაგურად.

მთლიან თამაშებს ვუყურებ, ცალკეულ მოთამაშეებზეც შეიძლება ინფორმაციის მოპოვება და მათი მინუს-პლუსების გარკვევა. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. მეტოქეს თუ არ იცნობ, ეს იგივეა, ბორბლის გარეშე მანქანის გატარება მოინდომო. ჩანაწერის დამალვა კი გამორიცხულია, რადგან ფეირ პლეის პრინციპით, ეს არ შეიძლება.

გია ცეცაძე: საკუთარი თავის უნდა ვირწმუნოთ (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

თემურ ქეცბაია სფფ-ში გამართულ შეხვედრაზე საინტერესო იდეით გამოვიდა
გია ცეცაძე: მიხარია, გორის "დილას" ასეთი ხალხი რომ კურირებს
მკითხველის კომენტარები / 1 /
საკუთარი თავის რომ ირწმუნო მთავარი მწვრთნელი უნდა იყოს კარგი ფსიქოლოგი, ან იმ სახეობაში კარგად ჩახედული ფსიქოლოგი უნდა მუშაობდეს ნაკრებთან. ამ ინტერვიუს შემდეგ მჯერა, რომ U19 სერიოზულ შედეგს გვაჩვენებს!
guja_kakhadze
15:10 15-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული