საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკში პირველი ვარჯიში გამართა

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები გუნდი უკვე მინსკში იმყოფება და წლის პირველი ტურნირისთვის ემზადება.

გიორგი დევდარიანი და მისი გუნდი ბელარუსის დედაქალაქში 20 იანვარს, გამთენიას ჩავიდა და სასტუმრო "იუბილეინი"-ში დაბინავდა. ამავე სასტუმროში ცხოვრობენ ბელგიისა და ლიტვის ნაკრებებიც.

ჩვენმა ნაკრებმა პირველი ვარჯიში უკვე გამართა მინსკის საფეხბურთო მანეჟში, რომელიც ტრადიციულად ამ საერთაშორისო ტურნირის მასპინძელია.

გიორგი დევდარიანის განკარგულებაში შემდეგი 18 ფეხბურთელია:

მეკარეები: ოთო გოშაძე, ბექა ქურდაძე (ორივე "საბურთალო")
მცველები: აკაკი შულაია ("მერანი", მარტვილი), ზურაბ გელაშვილი ("ტორპედო", ქუთაისი), ნიკა ველიაშვილი, გაგი მარგველაშვილი, ჯემალ ტაბიძე (ყველა "საბურთალო")
ნახევარმცველები:
ზურაბ მალანია ("ბაია", ზუგდიდი), გიორგი თევზაძე, გიორგი ხარაიშვილი, ირაკლი რუხაძე (ყველა "საბურთალო"), თენგიზ გოროზია ("დინამო" თბილისი), გიორგი ბერიძე ("ჩიხურა", საჩხერე)
თავდამსხმელები: ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი", თბილისი), ილია კერძევაძე ("ჩიხურა", საჩხერე), დემურ კანდელაკი ("ტორპედო", ქუთაისი), გრიგოლ ჩაბრაძე ("საბურთალო"), რომან ჭანტურია ("ემპოლი", იტალია)

პირველმა ვარჯიშმა, დაახლოებით, საათნახევარს გასტანა. ფეხბურთელები ბოლომდე დაიტვირთნენ. კმაყოფილი ჩანდა გუნდის მთავარი მწვრთნელიც.

"ნამგზავრების კვალობაზე, ყველა მშვენივრად დაიტვირთა - კარგი ვარჯიში გამოვიდა. რაც მთავარია, ყველა ჯანმრთელადაა. ახლა, კარგად უნდა დაისვენონ, რომ ხვალინდელ მატჩს სრულყოფილად მომზადებულები და ძალებაღდგენილები შეხვდნენ.

გარდა იმისა, რომ პირველი მატჩის მოგებას დიდი ფსიქოლოგიური დატვირთვა აქვს, ჩემთვის მნიშვნელოვანია გავაკეთო ანალიზი, თუ რამდენად გაიზარდა ეს გუნდი გასულ წელს ბელგიასთან განცდილი ცუდი მარცხის შემდეგ და განვითარების რა საფეხურზე ვართ ახლა.

ასე რომ, ხვალინდელ დღეს მოუთმენლად ველით მეც და ბიჭებიც"
- განაცხადა სფფ-ის ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში გიორგი დევდარიანმა.

შეგახსენებთ, რომ მინსკის საერთაშორისო ტურნირი 21 იანვარს დაიწყება. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე კი, ბელგიის გუნდი იქნება. ჩვენი მატჩი თბილისის დროით 15:50 წუთიდან დაიწყება. შემდეგ კი, ტურნირის გახსნის ოფიციალური, საზეიმო ცერემონიაც გაიმართება.

სასიამოვნოა, რომ ვარჯიშზე მისულებს ძალზე თბილად შეგვხვდნენ ადგილობრივები. მათ უმრავლესობას მშვენივრად ახსოვს გასულ წელს ვასილ მაისურაძის 17-წლამდე ნაკრების თამაში და როგორც გვითხრეს, მოუთმენლად ელოდებიან ტურნირის დაწყებას და ქართველების მოედანზე გამოჩენას.

ვარჯიშზე ჩვენი ფეხბურთელების გასამხნევებლად მოვიდნენ მინსკის ქართველთა სათვისტომოს წარმომადგენლებიც, რომლებიც ტურნირის ყველა თამაშს ოჯახებთან ერთად დაესწრებიან და ჩვენს ბიჭებს ქართულ გულშემატკივრობასაც არ მოაკლებენ.

gff.ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ. მთავარია საქმეს პროფესიონალურად მიუდგნენ, თავისი ფეხბურთი ითამაშონ ყოველგვარი დაძაბულობის გარეშე. ამ ასაკში კარგი მწვრთნელის ხელში ყველას უნდა ვაჯობოთ.
gogimama
23:54 20-01-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული