ქართველ 17-წლამდელთა შანსები

AutoSharing Option
ეს ფრე ნამდვილად გვაწყობდა, რადგან ელიტრაუნდში გასვლისთვის ბრძოლაში ჩვენმა ორივე მოწინააღმდეგემ ქულები დაკარგა. ჯგუფიდან გასვლისთვის დასკვნით მატჩში მეტოქე შვედეთთან ახლა ფრეც ხელს გვაძლევს. თუმცა ჩვენი 17-წლამდელები ფრის მოსაპოვებლად არ უნდა გავიდნენ მოედანზე, თორემ ქულის მოპოვება შეიძლება გაგვიჭირდეს.

დასკვნით ტურამდე ჯერ კიდევ დროა და ვნახოთ თუ რა მოხდა გუშინ ვაკეში.

ჯერ მატჩის მსვლელობაზე ვთქვათ, მერე კი შაბათის მატჩში ჩვენს მეტოქე შვედეთზე მოგახსენებთ. თავიდანვე აღვნიშნავთ, რომ ეს მატჩში მოსაწყენი იყო, რადგან მეტოქეები თვალსასეიროს ვერაფერს ქმნიდნენ მოედანზე. მომენტების თვალსაზრისით მეორე ტაიმი პირველს სჯობდა.

თამაში ნელ ტემპში დაიწყო და ასევე ჩამთავრდა. თამაში ძირითადად მოედნის ცენტრში მიმდინარეობდა. თუ რომელიმე მეტოქე იმარჯვებდა და მოწინაღმდეგის კარისკენ დაიძრებოდა, მისი შეტევა საჯარიმოს მისადგგომებთან იფუშებოდა. საწყის 40 წუთში სულ ორი მომენტი ღირდა ჩასანიშნად. 21-ე წუთზე პოლონელები დაცვაში შეცდნენ და მათ მეკარეს რომ არ ემარჯვა სკანდინავიელები ანგარიშსაც გახსნიდნენ. ესპლინგის დარტყმული მეკარე ფრანცკოვიაკმა შორს მოიგერია, ბურთი ლინდგრენს მიუვიდა, მაგრამ პოლონელთა გოლკიპერმა მის დარტყმულსაც შესაშური რეაქცია შეაგება. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე შვედების მეკარე გამოსვლაზე თამაშისას შეცდა, ბურთი საბოლოოს ბიელს მიუვიდა და ეფექტურად უკუდარტყმით სცადა ბურთის გატანა, მაგრამ ააცილა.

მეორე ნახევარი შვედებმა მეტოქეზე უკეთ დაიწყეს, მაგრამ ხეირიანი ვერაფერი შექმნეს. ერთი ეგ იყო, სკანდინავიელებმა კინაღამ ავტოგოლით იხეირეს. 52-ე წუთზე ჩრდილოელთა შეტევისას კეძიორამ უხერხულად მოიგერია ბურთი, კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ გადარჩნენ. როგორც აღმოჩნდა, ამან პოლონელები გაახელა, რადგან მატჩის ბოლო 15 წუთის განმავლობაში მარცინ დორნას გუნდი მოწინააღმდეგეზე უკეთ გამოიყურებოდა. მათ სამი ხელსაყრელი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ვერცერთით იხეირეს. ჯერ იყო და მაკრატელათი ბიელის დარტყმული ასცდა მიზანს, მერე ვრონსკის პასით ზელინსკიმ მახვილი კუთხიდან კარგად დაარტყა, მაგრამ ამჯერად შვედების მეკარე მიულერმა იმარჯვა. ბოლოს კი კობილიანსკი მარჯვნიდან სახიფათოდ შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში, მაგრამ მისი დარტყმისას ბურთი კარის ბადეს გარედან მოხვდა.

ახლა დაპირებისამებრ მეტოქე შვედეთზე ვთქვათ. როგორც ჩანს შვედეთის 17-წლამდელთა ნაკრების თავკაც როლანდ ლარსონს შეცვლები არ უყვარს. ინგლისთან სასტარტო მატჩში მან მხოლოდ ერთი შეცვლა გააკეთა. ლიმიტირებული სამი შეცვლა მან გუშინაც არ გამოიყენა - მხოლოდ ორი ფეხბურთელი შეიყვანა მოედანზე... აღსანიშნავია ისიც, რომ შვედებს პოლონელებზე უკეთესი გუნდი ნამდვილად არ ჰყავთ. ყოველ შემთხვევაში, გუშინდელმა მატჩმა ასეთი შტაბეჭდილება დაგვიტოვა. სკანდინავიელთა ორივე მატჩის მხილველმა, ფეხბურთის სპეციალისტებმა ისიც აღნიშნეს, რომ შვედეთი ინგლისელთა წინააღმდეგ უკეთესად გამოიყურებოდა. არც ის არის გამორიცხული, რომ ინგლისელებთან ბრძოლის შემდეგ როლანდ ლარსონის გუნდს ძალები აღარ ეყო და საქართველოსთან მატჩში უკეთ წარმოჩნდება. სხვა თუ არაფერი, ელიტრაუნდში მოხვედრისთვის ქართველებთან თამაში სკანდინავიელებისთვის ბოლო შანსია, მათ მოგების გარდა სხვა შედეგი ხელს არ აძლევთ.

მაინც რა დონის გუნდი ჰყავს ლარსონს? შვედეთის ნაკრები მაღალი კლასის ფეხბურთელებით არ გამოირჩევა. რომელიმე სათამაშო რგოლის გამორჩევაც ჭირს. უფრო შეკრული გუნდის შთაბეჭდილება სტოვებს, რომელიც უნდა გატეხო და საამისოდ სწრაფი გოლი, ალბათ, ყველაზე ეფექტური საუალება იქება. მეტოქე ტიპიურ სკანდინავიურ სტილში თამაშობს, ფლანგები აქტიურობენ და საჯარიმოში მაღალ ბურთებს აწვდიან. წინა ხაზზე შვედებიდან ფრედრიკ ესპლინგმა და ვიქტორ სიოდერსტრიომმა დაგვამახსოვრეს თავი. ლინუს სიობერგი ბევრს მოძრაობდა და პოლონელებს მოსვენებას არ აძლევდა. ერთი სიტყვით, ჩვენს 17-წლამდელებს დასკვნით ტურში შვედების ძლევა შეუძლიათ. მთავარია მოედანზე ფრის მოსაპოვებლად არ გავიდნენ.


20.10. თბილისი. მიხეილ მესხი. 70 მაყურებელი
პოლონეთი 0
შვედეთი 0

პოლონეთი შვედეთი
4-4-1-1 4-4-2
ფრანცკოვიაკი მიულერი
კეძიორა აუგუსტინსონი
რადეჩკი ბლუმკვისტი
ვიტი ფორსელი
ფლისი ლარსონი
ურიგა ლინდგრენი
ბიელი პივოვსკი
ბუდეკი ოვუსუ
ზელინსკი ესპლინგი
ვრონსკი სიობერგი
ბაგინსკი სიოდერსტრიომი
მწვრთნელი მწვრთნელი
მ. დორნა რ. ლარსონი

პოლონეთი
67. ვრონსკი - დიტკო
70. ზელინსკი - კობილიანსკი
76. ბუდეკი - ნოვაკი
სათადარიგოები: სმუგი, ლეგერსკი, დანკოვსკი, ვილკი

შვედეთი
33. ლინდგრენი - ტიბლინგი
67. ესპლინგი - ჟივანოვიჩი
სათადარიგოები: სტარლანდერი, იესპერ ანდერსონი, იოჰან ანდერსონი, სტელი, ისლამოვიჩი

გაფრთხილება: ბაგინსკი (9), რადეცკი (37), ლარსონი (55)
არბიტრი: ანატოლი ვიშნიჩენკო (ყაზახეთი)


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული