დროის სიმცირის გამო ამ მატჩის მიმოხილვა ვერ შემოგთავაზეთ, ამიტომაც მოედანზე განვითარებული მოვლენების შესახებ დღეს გიამბობთ. თავიდან კი იმას აღვნიშნავთ, რომ ქართველმა 17-წლამდელებმა ბელორუს თანატოლებს შარშანდელ ტურნირზეც აჯობეს.
ეს შეხვედრა ჩვენმა გუნდმა გაცილებით უკეთ ჩაატარა, ვიდრე პირველ ტურში ბელგიასთან. სფფ-ის ვებგვერდის ცნობით, ქართველებმა ბელორუსები, უპირველესად, ბურთის ფლობით დაჯაბნეს.
გარკვეული ცვლილებები იყო გიორგი დევდარიანის გუნდის სასტარტო შემადგენლობაშიც და ტაქტიკაშიც. როგორც მოედანზე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, ამ სიახლეებმა გაამართლა და
მაღალ დონეზე ჩაატარა მატჩი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გამწესებულმა ილია კერძევაძემ; ახალ ამპლუაში, მარჯვენა მცველად კარგად წარმოაჩინა თავი გიორგი თევზაძემ; მეტოქის მცველებს ტრადიციულად დიდ უსიამოვნებებს უქმნიდა ლუკა ზარანდია; უკეთ გამოიყურებოდნენ ცენტრალური მცველები, ტაბიძე და მარგველაშვილი; კარგი შთაბეჭდილება დატოვა შეცვლაზე შესულმა რომან ჭანტურიამ...
მთელი შეხვედრის განმავლობაში მასპინძლებმა მხოლოდ ერთი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს. ასე რომ, წინა მატჩისგან განსხვავებით, საქართველოს ნაკრების მეკარე ოთო გოშაძეს საქმე არ ჰქონია. სამაგიეროდ, იგი საგოლე გადაცემის ავტორი გახდა. მეორე გოლი ზარანდიამ სწორედ მისი გამოზომილი პასით გაიტანა.
პირველი გოლი კი ბელორუსთა საჯარიმოში შექმნილ არეულობას მოჰყვა, რითაც კერძევაძემ ისარგებლა. ხუთ წუთში კი მალანიამ თერთმეტმეტრიანი არაზუსტად დაარტყა.
აქვე დავამატებთ, რომ კერძევაძემ და ზარანდიამ ერთიმეორეზე ეფექტური გოლები გაიტანეს...
როგორც ნამატჩევს გიორგი დევდარიანმა აღნიშნა, მან რამდენიმე პრობლემურ პოზიციაზე ახალი ფეხბურთელი აღმოაჩინა.
23 იანვარს მინსკის ტურნირზე დასვენების დღე იყო და დევდარიანმა გუნდი მსუბუქად ავარჯიშა. 24 იანვარს კი გაირკვევა, შეძლებს თუ არა საქართველოს ნაკრები ფინალში გასვლას. თბილისის დროით 16 საათსა და 40 წუთზე საქართველო-ლიტვა იწყება.
ფინალში გასასვლელად ბალტიელთა სოლიდური სხვაობით დამარცხება და ბელორუსის ბელგიასთან გამარჯვება გვჭირდება.
ჩვენი ჯგუფის სატურნირო მდგომარეობასაც შეგახსენებთ:
22.01. მინსკი, საფეხბურთო მანეჟი
ბელორუსი-საქართველო 0:2 (0:1)
გოლები: 0:1 კერძევაძე (20), 0:2 ზარანდია (75)
ბელორუსი: შერბიცკი, კოსტიუშკინი, ლეშკო, პავლოვეცი, შიბუნი, ვალინეცი, ბურალკინი (55. კიიკო), კოსტიუჩიკი (78. ტარაკანოვი), დედოვეცი (13. ბოგუში), სოროკინი, შევჩენკო
მწვრთნელი: ვ. გონჩარენკო
საქართველო: გოშაძე, გელაშვილი, მარგველაშვილი, ტაბიძე (71. გოროზია), თევზაძე, მალანია, ხარაიშვილი, კერძევაძე, რუხაძე (55. ჩაბრაძე), ზარანდია, კანდელაკი (47. რ. ჭანტურია)
მწვრთნელი: გ. დევდარიანი
გაფრთხილება: რუხაძე, გელაშვილი, მალანია, კოსტიუშკინი
26-ე წუთზე მალანიამ ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი (ააცილა)
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბელგია 2 2 0 0 4-2 6
2. საქართველო 2 1 0 1 4-3 3
3. ბელორუსი 2 1 0 1 3-2 3
4. ლიტვა 2 0 0 2 0-4 0
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ქართველმა 17-წლამდელებმა მასპინძელ ბელორუსებს შანსი არ დაუტოვეს
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა მინსკის ტურნირი მარცხით დაიწყო