31 იანვარს U21-ის ევროშესარჩევის მეტოქეები გაირკვევა

AutoSharing Option
31 იანვარს, შვეიცარიის ქალაქ ნიონში გასამართ წილისყრაზე საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების 2013-15 წლების ევროშესარჩევის მეტოქეები გაირკვევა.

ტრადიციულად, ჯგუფური ეტაპის კენჭისყრას უეფას შტაბბინა უმასპინძლებს. პროცედურაზე დასასწრებად და მომავალ მეტოქეებთან საქმიანი შეხვედრების გასამართად 30 იანვარს, გამთენიისას, შვეიცარიაში გაემგზავრნენ სფფ-ის ტექნიკური დირექტორი - ნიკოლოზ ჩხეიძე და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე.

წილისყრაში მონაწილეობას 52 ქვეყნის ნაკრები გუნდები მიიღებენ, რომლებიც საბოლოოდ ათ შესარჩევ ჯგუფში (2 ექვსგუნდიანი და 8 ხუთგუნდიანი ჯგუფები) გადანაწილდებიან.

შეგახსენებთ, რომ უეფას აღმასკომის გადაწყვეტილების თანახმად, ერთ ჯგუფში ვერ მოხვდებიან
საქართველოსა და რუსეთის ნაკრები გუნდები. იგივე წესი ვრცელდება აზერბაიჯანისა და სომხეთის შემთხვევაშიც.

საქართველო მეოთხე კალათაშია განთესილი ბოსნია-ჰერცეგოვინას, პოლონეთის, ისლანდიის, მოლდოვას, ირლანდიის, ბულგარეთის, კვიპროსის, მაკედონიისა და ლატვიის ნაკრებებთან ერთად.

შესარჩევი ეტაპის კალენდრის სათამაშო დღეებად უეფას შემდეგი სავარაუდო თარიღები აქვს შერჩეული:

2013 წელი: 22 და 26 მარტი; 7 - 11 ივნისი; 6 - 10 სექტემბერი; 11 - 15 ოქტომბერი; 15 - 19 ნოემბერი

2014 წელი: 3 და 9 სექტემბერი; პლეი-ოფის დღეები - 8 და 14 ოქტომბერი

შეგახსენებთ, რომ ევროპის მე-20, 2015 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ჩეხეთი უმასპინძლებს.

gbf.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული