U21. წილისყრა: გრანდებიდან მხოლოდ ჰოლანდია გვერგო

AutoSharing Option
31 იანვარს უეფას შტაბბინაში ევროპის 21-წლამდელთა 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის წილისყრა გაიმართა. საქართველოს ნაკრები, რომელიც მეოთხე კალათაში იყო განთესილი, რიგით მესამე ჯგუფში მოხვდა და მეტოქეებად ჰოლანდია, შოტლანდია, სლოვაკეთი და ლუქსემბურგი ერგო.

შეგვიძლია ვთქვათ, რომ წილისყრის შედეგები ჩვენთვის საკმაოდ ნორმალურია. პირველი კალათიდან ჰოლანდია კი გვერგო, მაგრამ ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, იქ სულ სახელოვანი ქვეყნები იყვნენ.

წინა ციკლთან შედარებით, როცა მეტოქეებად ესპანეთი და შვეიცარია გვყავდა, ამ ჯგუფში თუნდაც მეორე ადგილისთვის ბრძოლა რეალურად მოჩანს.

მეორე კალათიდან ალექსანდრე ჩივაძის გუნდის მოწინააღმდეგე შოტლანდიის მაგივრად, შეიძლებოდა,
პორტუგალია ყოფილიყო.

2015 წელს ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპს ჩეხეთი უმასპინძლებს, რომელიც, რა თქმა უნდა, საკვალიფიკაციო ციკლისგან თავისუფალია.

ჩეხეთის საგზურს ავტომატურად ვერავინ მოიპოვებს - ათი ჯგუფის გამარჯვებული და ოთხი საუკეთესო მეორეადგილოსანი შვიდ საპლეიოფო წყვილს შექმნიან და ფინალურ ეტაპზე ამ წყვილების გამარჯვებულები იასპარეზებენ.

გადავხედოთ ყველა ჯგუფის შემადგენლობას:

I ჯგუფი: ინგლისი, უელსი, ფინეთი, მოლდოვა, ლიტვა, სან მარინო
II ჯგუფი: რუსეთი, დანია, სლოვენია, ბულგარეთი, ანდორა, ესტონეთი
III ჯგუფი: ჰოლანდია, შოტლანდია, სლოვაკეთი, საქართველო, ლუქსემბურგი
IV ჯგუფი: ესპანეთი, ავსტრია, უნგრეთი, ბოსნია, ალბანეთი
V ჯგუფი: შვეიცარია, უკრაინა, ხორვატია, ლატვია, ლიხტენშტაინი
VI ჯგუფი: გერმანია, რუმინეთი, ჩერნოგორია, ირლანდია, ფარერები
VII ჯგუფი: შვედეთი, თურქეთი, საბერძნეთი, პოლონეთი, მალტა
VIII ჯგუფი: ისრაელი, პორტუგალია, ნორვეგია, მაკედონია, აზერბაიჯანი
IX ჯგუფი: იტალია, სერბეთი, ბელგია, კვიპროსი, ჩრდილოეთ ირლანდია
X ჯგუფი: საფრანგეთი, ბელორუსი, სომხეთი, ისლანდია, ყაზახეთი

თავიდანვე გარკვეული იყო, რომ რუსეთისა და საქართველოს ნაკრებები ერთ ჯგუფში არ უნდა მოხვედრილიყვნენ.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ალექსანდრე ჩივაძე და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩხეიძე ნიონში არიან და მეტოქე ქვეყნების ფედერაციების წარმომადგენლებთან კალენდარზე მსჯელობენ.

შესარჩევი ტურნირი ამა წლის 22 მარტს იწყება და 2014 წლის 9 სექტემბერს სრულდება. პლეი ოფები 2014 წლის ოქტომბერში გაიმართება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული