მთავარია, ჩვენმა სკანდინავიელებთან არ წააგონ და ჯგუფიდან გასვლა განაღდებული აქვთ. შესაძლოა, ელიტრაუნდში მარცხის შემთხვევაშიც მოვხვდეთ, მაგრამ ეს ალბათობაა და ამ ვარიანტის განხილვაც არ გვინდა - მით უმეტეს მას მერე, რაც ინგლისთან ფრეს მივაღწიეთ. როგორც გავიგეთ, ამ ვარიანტს ჩვენი გუნდის
გუშინ, მეტოქე გუნდებმა მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართეს. 14 საათისთვის, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე შვედმა ჭაბუკებმა ივარჯიშეს. მერე კი მოედანზე ჩვენი გუნდი გამოჩნდა. ორივე წვრთნა ტაქტიკური ხასიათისა იყო. ქართველ ბიჭებს მონდომება აშკარად ეტყობოდათ.
"გუნდში საბრძოლო განწყობაა, დასკვნითი მატჩისთვის დანაკლისის გარეშე, სრული შემადგენლობით ვემზადებით. ელიტრაუნდში გასვლის ჩინებული შანსი გვაქვს და ჩანაფიქრი უნდა განვახორციელოთ. შვედეთის წინა ორი მატჩის ჩანაწერი ვნახეთ, მათ ვარჯიშებსაც მივადევნეთ თვალი და მეტოქეზე საკმაო ინფორმაციას ვფლობთ. შვედეთს ჯერ მხოლოდ ქულა აქვს, მაგრამ პოლონეთზე ნაკლები დონის გუნდი არ არის. მართალია, ელიტრაუნდში გასვლისთვის ფრეც საკმარისი იქნება, მაგრამ ამაზე არ ვფიქრობთ. ფეხბურთელებს ფსიქოლოგიურად მოგებისთვის ვამზადებ. ეს რთული იქნება, მაგრამ უნდა შევძლოთ. ახლა მოდუნების დრო არ არის. პირიქით, კარგად დაწყებული საქმე ჯგუფიდან გასვლით უნდა დაგვირგვინოთ", - "ლელოსთან" საუბარში აღნიშნა საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა კობა ჟორჟიკაშვილმა.
...და რა ხდება მეტოქის ბანაკში? პოლონეთთან მეორე ტურის შეხვედრა, მხარის ტრავმის გამო გამოტოვა შვედების ერთ-ერთმა ლიდერმა, თავდამსხმელმა დინო ისლამოვიჩმა. ჩვენი ინფორმაციით, იგი ახლა უკეთ გრძნობს თავს და დიდი შანსია, დღეს ჩვენი გუნდის წინააღმდეგ ითამაშოს. თუმცა მის დამატებას არც უარყოფს და არც ადასტრებს სკანდინავიელთა გუნდის მწვრთნელი:
"დინო ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ძალაა და მისი არყოფნა პოლონეთთან მატჩში დაგვეტყო კიდეც. თბილისში მხოლოდ მონაწილეობისთვის არ ჩამოვსულვართ. პოლონელებთან ფრემ ელიტრაუნდში მოხვედრისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი მოგვცა. საქართველოსთან მატჩი ჩვენთვის ბოლო შანსია, რომელიც უნდა გამოვიყენოთ. ჯგუფიდან გასასვლელად მხოლოდ მოგება გვჭირდება, რაც იოლი არ არის. მით უმეტეს, ტურნირის მასპინძლის წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. მეტოქის სასარგებლოდ არაერთი ფაქტორია. თუმცა ერთ მატჩში გაბრწყინება ყველას შეუძლია და ეს უნდა მოვახერხოთ. მჯერა ჩემი გუნდი შაბათს ბევრად უკეთ ითამაშებს, ვიდრე წინა ორ ტურში", - აღნიშნა შვედეთის ნაკრების თავკაცმა როლანდ ლარსონმა.
მატჩები დღეს, 15 საათზე დაიწყება. საქართველო-შვედეთს ეროვნული სტადიონი უმასპინძლებს, ინგლისი-პოლონეთს - "მიხეილ მესხი". ჩვენი ნაკრების თამაშის პირდაპირ ტელერეპორტაჟი ტელეკომპანია "მზეზე" შეგიძლიათ იხილოთ. არბიტრი მაკედონიელი გორან სპირკოვსკია.
თ მ ფ წ ბ ქ
1. ინგლისი 2 1 1 0 4-1 4
2. საქართველო 2 1 1 0 3-2 4
3. პოლონეთი 2 0 1 1 1-2 1
4. შვედეთი 2 0 1 1 0-3 1
ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"