6 თებერვალს, ეროვნული ნაკრებების პარალელურად, ახალგაზრდულების ამხანაგურებიც გაიმართა და ალექსანდრე ჩივაძის გუნდის მეტოქეებმაც ითამაშეს.
ჰოლანდიელი 21-წლამდელები ისრაელს ესტუმრნენ და 0:3 განადგურდნენ. დაგვეთანხმებით, მოულოდნელი შედეგია, ჰოლანდიის ნაკრები ხომ ჩვენი ჯგუფის ფავორიტია. ამ შედეგმა კი დაგვანახა, რომ ახალგაზრდა "ნარინჯისფერებთან" წარმატებისთვის ბრძოლა შეიძლება და იმედია, ჩვენი გუნდი ამას მოახერხებს.
შოტლანდიის ახალგაზრდული ნაკრები სტუმრად საბერძნეთს დაუზავდა - 1:1. ბერძნები მე-12 წუთზე დაწინაურდნენ,
ასევე გასვლითი შეხვედრა ჩაატარა სლოვაკეთმა და შვეიცარიას 1:0 მოუგო. ეს შედეგიც მოულოდნელობად უნდა შევაფასოთ, რადგან შვეიცარიელი 21-წლამდელები თავის ასაკში ყოველთვის საუკეთესოთა შორის არიან, რაც წინა საკვალიფიკაციო ციკლში საქართველოს ნაკრებმა საკუთარ თავზე იწვნია.
სლოვაკებმა მესაროშის მიერ 68-ე წუთზე გატანილი გოლით გაიმარჯვეს.
ლუქსემბურგისა და საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებებს კი ეს დღე არ გამოუყენებიათ. ლუქსემბურგელთა პრობლემები ნაკლებად გვაღელვებს, აი, ჩვენი ფეხბურთის ფედერაციას კი ჩივაძის გუნდისთვის სპარინგ-პარტნიორის მოძიება მართებდა.
საერთაშორისო სანაკრებო დღეს უქმად ყოფნა საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების წისქვილზე ნამდვილად არ დაასხამს წყალს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე: წილისყრით უკმაყოფილო ნამდვილად არ ვარ
U21. წილისყრა: გრანდებიდან მხოლოდ ჰოლანდია გვერგო