გია ცეცაძე: კარგი შეკრება გვქონდა, მაგრამ მთავარი ახლა იწყება

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდისთვის ემზადება.

მოგეხსენებათ, გუნდში მთავარი მწვრთნელი შეიცვალა, თანამდებობიდან გადადგა "ზესტაფონის" მთავარ მწვრთნელად დანიშნული კახა კაჭარავა, რომელმაც გუნდი შესარჩევი ციკლიდან ელიტრაუნდში გაიყვანა.

ის გია ცეცაძემ შეცვალა და მისი ხელმძღვანელობით, 19-წლამდელებმა პირველი ერთკვირიანი შეკრება 6 თებერვალს დაასრულეს. გუნდმა "გაგრასთან" საკონტროლო მატჩი ჩაატარა (0:2), რომლის შემდეგაც "ლელომ" ცეცაძეს შეკრების შეფასება სთხოვა.

"მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შემდეგ ეს ჩვენი სამწვრთნელო შტაბის მიერ
მოწყობილი პირველი შეკრება იყო.

რამდენიმე ფეხბურთელი ვერ გამოვიძახეთ - ზოგი ლეგიონერია, ზოგიც თავის
კლუბში ემზადება. მოწვეული მოთამაშეების 90
პროცენტს კარგად ვიცნობდი და დანარჩენების საქმეში ნახვაც მსურდა. "გაგრამდე" ორმხრივი თამაში გვქონდა.

შეკრება და ეს მატჩები ერთ მიზანს ემსახურებოდა - ჩვენთვის მთავარი იყო, გამოძახებული ფეხბურთელები საქმეში მენახა, გამეცნო და მათი პლუს-მინუსები უკეთ გამეგო.

ადრეც ვთქვი, რომ ახალ მოთამაშეებს ვერ აღმოვაჩენთ, მაგრამ გარკვეულ ტაქტიკურ ცვლილებებსაც ვგეგმავდი და მაინტერესებდა, ორი დღის განმავლობაში დავალებებს როგორ შეასრულებდნენ.- შედეგებს კი ამჯერად მნიშვნელობა არ ჰქონდა.

შემიძლია გითხრათ, რომ კარგი მატჩი გამოგვივიდა. არ ვამბობ, რომ "იფრინეს", მაგრამ ჩემი ხედვა საკმაოდ კარგად აითვისეს.

ყველანაირად ცდილობენ, თამაში გააუმჯობესონ და ახლა წარმოდგენა ყველაზე შემექმნა.

ყველაზე ძნელი ეტაპი ახლა იწყება, 40 კანდიდატიდან 18 საუკეთესო უნდა შევარჩიოთ. იმედია, მომავალ შეკრებას უკვე სრული შემადგენლობით ჩავატარებთ",
- ამბობს ცეცაძე.

* * *
რა შეიცვალა ნაკრების მთავარი მწვრთნელის მისვლის შემდეგ? ამ კითხვით ქუთაისის "ტორპედოს" 18 წლის ცენტრალურ მცველს, ნიკა სანდოხაძეს მივმართეთ, რომელიც მეორე ციკლია, ამ თაობის გუნდების კაპიტანია:

"ახალს არ ვიტყვი, მწვრთნელის შეცვლა გუნდზე გავლენას ახდენს. გამიხარდა, ცეცაძე რომ დაინიშნა, რადგან ფეხბურთელებთან ურთიერთობა ეხერხება და მასთან მუშაობა მსიამოვნებს.

საინტერესო ვარჯიშები და თამაშები გვქონდა. არიან ახალი სახეები, ყველას კარგად არც ვიცნობდი.

ელიტრაუნდისთვის სერიოზულად უნდა მოვემზადოთ, რადგან ძლიერი მეტოქეები გვყავს. ფავორიტად ინგლისი ითვლება, მაგრამ ბოლო წლების შესარჩევისა და ელიტრაუნდის შეხვედრებმა გვაჩვენა, რომ შეუძლებელი არც მისი დამარცხებაა.

ის მაიმედებს, რომ ამხანაგური თამაშები საკმაოდ ძლიერ მეტოქეებთან გველის და გუნდის შეთამაშებისა და დაბალანსების საშუალება გვექნება".


სანდოხაძეს მიმდინარე სეზონში ქუთაისის "ტორპედოს" ძირითად გუნდში ჯერ ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. ცხადია, დავინტერესდით, როგორ ახერხებს ფორმის შენარჩუნებას მოთამაშე, რომელიც 19-წლამდელებისთვის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა:

"ჯერჯერობით "ტორპედოს" შემადგენლობაში თამაშები არ მიწევს, მაგრამ დუბლებში ვთამაშობ და პრაქტიკის ნაკლებობას დიდად არ ვუჩივი. თუმცა, იმედი მაქვს, ნელ-ნელა წინ წავიწევ და მალე უმაღლეს ლიგაშიც გამოვჩნდები".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა შეკრება ტესტ-მატჩით დაასრულა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული