ალექსანდრე ჩივაძე ორჯერ იყო საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, მაშინ ჩვენი ეროვნული გუნდი სულ სხვა ფეხბურთს თამაშობდა, სულ სხვა პლეადა იყო და მწვრთნელიც სულ სხვა, სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდა გუნდში...
ჩივაძეს განსაკუთრებული იუმორი აქვს და იცის ფეხბურთელებთან ურთიერთობა. ერთხელ უმცროსმა მიშა მესხმა მითხრა, ჟურნალისტები ასე მწარედ რატომ აკრიტიკებთ ეროვნულ ნაკრების მწვრთნელს ჩივაძეს, მან ხომ დიდი
ჩივაძეზე საუბარი მართლაც დიდ ხანს შეიძლება, ოღონდაც ამჯერად ის ლაპარაკობს სხვადასხვა საინტერესო თემაზე...
- მახსოვს, საბჭოთა კავშირის ნაკრების შეკრებაზე რომ ჩავედი 1979 წელს, ვარჯიშები მანეჟში გვიწევდა ხელოვნურ საფარზე. გუნდს კონსტანტინე ბესკოვი თავკაცობდა, რომლის თანაშემწეები სულ რაღაცას იწერდნენ და ინიშნავდნენ.
თურმე ფეხბურთელების მონაცემებს აჯამებდნენ და მერე ამის ანალიზს აკეთებდნენ. ბურთის ჩაჭრა, ზუსტი გადაცემა ტექნიკური წუნი, კარში დარტყმა - ყველაფერს ითვლიდნენ. მერე ამ ყველაფერს მსოფლიოს სახელგანთქმული ფეხბურთელების მაჩვენებლებთან ადარებდნენ.
ბესკოვმა თავისთან მიხმო და მკითხა, შენ სულ ასე თამაშობ, იცი რა მაჩვენებლები გაქვსო? შენს გუნდში თუ ამას არ აკეთებენ, ეს კარგი არ არისო.
რა თქმა უნდა, დავინტერესდი საკუთარი მაჩვენებლებით და აღმოჩნდა, რომ წუნი ათი პროცენტი მქონდა, აქტიურობის მაჩვენებელი ძალიან მაღალი, ბურთთან სათამაშო დროის დიდ ნაწილს ვატარებდი.
როცა ეს ყველაფერი ფეხბურთელმა იცის, მოედანზე გასვლისას ძალაუნებურად აქცევს ამას ყურადღებას. თამაშის დროს სულ ამაზე ვერ იფიქრებ, თუმცა როცა იცი, რომ შენს ყველა მოქმედებას ინიშნავენ და ითვლიან, ამით კიდევ უფრო მეტ კონტროლს უწევ საკუთარ თავს.
მე სულ იმის მომხრე ვიყავი და ვარ, რომ მცველი აქტიური იყოს, სამწუხაროდ, ბევრ მცველს არ შეუძლია ცენტრის იქით გადასვლა, შენ თვითონ უნდა იყო ისეთი, რომ ეს მოახერხო.
- როგორ ფიქრობთ, დღეს ქართული გუნდების მწვრთნელები აწარმოებენ ფეხბურთელებზე ასეთ დაკვირვებასა და ანალიზს?
- მწვრთნელმა თვითონ უნდა იცოდეს, ეს საჭიროა თუ არა. დღეს ისეთი დროა, რომ ნებისმიერ გუნდზე მოიპოვებ ინფორმაციას.
მძღოლი მანქანას რომ მართავს სიჩქარეთა მექანიკური გადამცემი კოლოფით, დამწყები მძღოლი ამ ყველაფერს რომ აკვირდება, მწვრთნელმაც უნდა იცოდეს, რა დროს რა უნდა გააკეთოს, დააკვირდეს ფეხბურთელს და მიხვდეს, რა პოზიცია შეურჩიოს.
თბილისის "დინამოში" 1973 წელს მივედი გასინჯვაზე, ორი წელიწადი დუბლებში მომიწია ყოფნა. მანამდე ჩემთვის არავის უთქვამს, რომ აუცილებელია მუცლის მაგარი პრესი და ძალა არა მხოლოდ ფეხში, არამედ ხელშიც. მანამდე, ასე ვთქვათ, ველურად ვიზრდებოდი, მწვრთნელები სწორად თამაშს და კარგად მოქცევას მასწავლიდნენ.
ხურცილავა, ძოძუაშვილი, ჭელიძე, ასათიანი, ნოდია, მაჩაიძე..."დინამოში" ასეთი ფეხბურთელები დამხვდნენ და მათგან დარიგებას ვიღებდი.
ერთხელ გივი ჩოხელმა მიმიყვანა ტანვარჯიშულ ღერძთან და მხოლოდ ორჯერ ავიზიდე. ნოდარ ახალკაცმა ორი კვირა მომცა გამოსასწორებლად და ღამეები არ მეძინა, ძალაზე ვვარჯიშობდი.
ხურცილავა ბუნებრივად ჯანიანი გახლდათ, ფეხბურთელების უმეტესობას კი ეს ასე არ ჰქონდა. ახალკაცი გუცავსა და ყიფიანს ვიქტორ სანეევთან აგზავნიდა სავარჯიშოდ, რათა ფეხბურთელებს საკუთარ თავზე ემუშავათ და ფიზიკური კონდიციები უკეთესი ჰქონოდათ.
მწვრთნელი დიდი ფაქტორია, ოღონდაც ფეხბურთელმაც უნდა იმუშაოს საკუთარ თავზე. ყიფიანი 1974 წელს უჟგოროდში გაუშვეს ფეხის სამკურნალოდ, ამ ქალაქიდან კი შესაძლებელი იყო 1974 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მატჩების ტელეტრანსლაციების ყურება და ყიფიანმა რომ უყურა კრუიფსა და სხვა დიდებულ ფეხბურთელებს, მერე სულ სხვანაირად მიუდგა ფეხბურთს...
- ფარმაკოლოგიის, მედიცინის როლი თანამედროვე ფეხბურთში - საინტერესოა თქვენი აზრი ამ საკითხზე. ლეგენდები დადიოდა ვალერი ლობანოვსკის მეთოდებზე...
- ფარმაკოლოგია უმაღლეს დონეზე უნდა იყოს, ეს აუცილებელია, ოღონდაც ფუნდამენტი თვითონ ფეხბურთელში უნდა იყოს, ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდის ექიმის კვალიფიკაციას, ზედმეტობა ფარმაკოლოგიაში დაუშვებელია. სამჯერადი ვარჯიშების აუცილებლობასაც ვერ ვხედავ.
რაც შეეხება ლობანოვსკის, 1980 წელს რომ მივედი ნაკრების შეკრებაზე, ის ხელოვნურ საფარზე გვავარჯიშებდა. ასეთი მოედანი გასწავლის სწორად აზროვნებას, ერთი შეხებით თამაშს, კარგად ჩანს ფეხბურთელის შესაძლებლობები. ცუდ მინდორზე კი ჯერ უნდა მოათვინიერო ბურთი, რასაც დრო მიაქვს და პოზიციაც იკარგება.
სხვათა შორის იმავ, 1980 წელს გავხდი საბჭოთა კავშირის საუკეთესო ფეხბურთელი.
- იმ პერიოდში, როცა ფეხბურთელი იყავით, რომელ ცენტრალურ მცველს გამოარჩევდით, ყველაზე უფრო ვისი თამაში მოგწონდათ?
- მაშინ ასეთი რამდენიმე იყო, შირეა და კოლოვატი იტალიის ნაკრებში, კარლ-ჰაინც ფიორსტერი და შტილიკე გერმანიაში, პეცაი ავსტრიაში, პასარელა არგენტინაში...
- მცველების ერთ ხაზზე თამაში - ამ ტაქტიკურ განლაგებას თვენი ფეხბურთელობის დროსაც მიმართავდნენ...
- მე და შოთა ხინჩაგაშვილი ვთამაშობდით ასე, ეს ტაქტიკურად განათლებული ფეხბურთელების საქმეა, უმაღლესი პილოტაჟი. საბჭოთა კავშირის ნაკრებში მე და ხიდიატულინიც ასე ვამაგრებდით დაცვის ცენტრს, ბოროვსკი და ბალტაჩა კი ამაზე უარს ამბობდნენ, მათ თავდამსხმელზე პერსონალურად თამაში ერჩივნათ.
საინტერესო ვარიანტია სამი მცველით თამაშიც, ანუ 3-5-2 სქემა, ალბათ გახსოვთ, ბერტი ფოგთსის მწვრთნელობისას ასე რომ თამაშობდა გერმანიის ნაკრები, 1996 წელს ევროპის ჩემპიონი გახდა, მათიას ზამერის ფაქტორმა მაშინ დიდი როლი ითამაშა.
საქართველოს ჩემპიონატში კი ხანდახან ისე ხდება, რომ ერთი თავდამსხმელის წინააღმდეგ ოთხი მცველი თამაშობს და ამ გუნდის მწვრთნელი მშვიდად უყურებს თამაშს.
მხოლოდ ლიცენზია საქმეს არ შველის, მწვრთნელი მოაზროვნე ადამიანი უნდა იყოს.
- ბატონო საშა, მოდით ის პერიოდი გავიხსენოთ, პირველად რომ ჩაიბარეთ საქართველოს ეროვნული ნაკრები. მაშინ როგორ ცდილობდით დაცვის აწყობას?
- იმ ნაკრებით მეტს მივაღწევდით, მაშინდელ ნიჭიერ ფეხბურთელებს მეტი გამოცდილება რომ ჰქონოდათ. მაშინაც 3-5-2 განლაგებას ვიყენებდით.
ზაზა რევიშვილი "დინამოს" ძირითადში ვერ ხვდებოდა, მაგრამ ნაკრებში ვიძახებდი, მარჯვენა ფლანგს ვაბარებდი, აქტიური იყო, სულ ბურთს ითხოვდა.
ფეხბურთელი რომ მიიღებს ბურთს, მინიმუმ ორი თანაგუნდელი უნდა იხსნებოდეს. რასაც "ბარსელონა" თამაშობს, ფეხბურთში ამაზე მეტს ვერაფერს ვერ მოიგონებ, ერთი-ორი შეხება, მთელი გუნდის ერთიანი აზროვნება...
მოაზროვნე ფეხბურთელი მართლაც დეფიციტია.
- გუნდში ძალიან მნიშვნელოვანია საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაც. მაშინდელ ნაკრებში როგორ იყო ამ მხრივ ვითარება?
- საყრდენი ნახევარმცველი იგივეა, რაც მოთამაშე - მწვრთნელი, რომელმაც უნდა მართოს ყველაფერი. ნემსაძე-ჯამარაული-ქინქლაძე: სასწაული რგოლი იყო.
ბულგარეთთან შინ თამაშის წინ ჯამარაულს ტრავმა ჰქონდა და მის გამოძახებას არ ვაპირებდი. ჯამარაული ჩვენთან, ვეტერანებთან თამაშითაც ცდილობდა ფორმაში შესვლას, ვაკვირდებოდი მას და გადავწყვიტე, მაინც გამეყვანა ის მოედანზე ბულგარეთთან.
ვუთხარი, რამდენსაც შეძლებ, იმდენი ხანი ითამაშე, თუ ოცი წუთის მერე მოითხოვ შეცვლას, არ არის პრობლემა-მეთქი.
ჯამარაული ისეთი ფეხბურთელი იყო, რომელიც სულ ბურთს ითხოვდა. შემოქმედ ფეხბურთელს ბურთის ართმევას ასწავლი, მაგრამ ისეთ მოთამაშეს, რომელიც ბურთს ემალება, წინ თამაშს უკვე ვეღარ ასწავლი.
- იმ ნაკრების ფეხბურთელების გამოუცდელობა ახსენეთ, თუმცა როცა ნაკრები პირველად ჩაიბარეთ, არც თქვენ იყავით გამოცდილი მწვრთნელი...
- ბესკოვთან, ლობანოვსკისთან და ახალკაცთან მქონდა ნამუშევარი და კონსპექტებს ვადგენდი. 1987 წელს, როცა თბილისის "დინამოში" მწვრთნელად გერმან ზონინი დაგვინიშნეს და მისი ვარჯიშები რომ ვნახეთ, ყველაფერი ნათელი იყო...
ბაქოს "ნეფთჩისთან" გვაქვს თამაში და დიღმის ბაზაზე ვართ შეკრებაზე, წყნარი საათია, მაგრამ ბაზაზე ცეკას პირველი მდივანი ჯუმბერ პატიაშვილი მოვიდა და გაგვაღვიძეს, გააღვიძეს ზონინიც, რომელიც ახალი დანიშნული იყო "დინამოს" მწვრთნელად. მაშინ მამის სახელით მიმართავდნენ და ზონინმაც ჯუმბერ ილიჩის ნაცვლად პატიაშვილს უთხრა: "იზვინიტე ჯამბულიჩ!"
ამის შემდეგ პატიაშვილი ჩემსკენ წამოვიდა და მითხრა, ჩემი მმართველობის დროს საქართველოს შესაძლოა მოაკლდეს პური, ხორცი ან შაქარი, მაგრამ "დინამო" რომ გავარდეს უმაღლესი ლიგიდან, ჩემი პირველი მტერი შენ იქნებიო.
ასეთი საუბრის შემდეგ მე, სულაქველიძე, გაბელია და შენგელია ზონინის ოთახში შევედით, ვუთხარით, ვარჯიშზე ყველაფერი ისევ თქვენ იქნებით, ოღონდ ყველაფერი ჩვენი შეხედულებისამებრდ უნდა გაკეთდესო. დაველაპარაკე ფეხბურთელებსაც, გუნდში ფაქტობრივად საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
უმაღლეს ლიგაში დავრჩით, უეფას თასზე კი სამი ეტაპი ვითამაშეთ, კინაღამ ბერემენის "ვერდერი" გამოვაგდეთ.
ნაკრებში ჩემ მწვრთნელობას რაც შეეხება, რომ ეცლიათ, მართლაც კარგი გუნდი ჩამოყალიბდებოდა, ჩემით წავედი, ზეწოლა იყო მასმედიიდან, იყო სხვა ხელისშემშლელი ფაქტორებიც.
- ნაკრების ახლანდელ მდგომარეობაზე რას იტყოდით? ფაქტია, ბევრს არ მოსწონს ის სათამაშო სტილი, რაც თემურ ქეცბაიას აქვს არჩეული...
- ნაკრების დონეზე თამაში სულ სხვა არის, სულ სხვა თვისებებია საჭირო, ფეხბურთელი შინაგანად უნდა იყოს ლიდერი, თავდაჯერებულობა უნდა ჰქონდეს, ჩვენი ნაკრების ფეხბურთელები კი მოედანზე ჩუმად არიან.
საქართველოს ნაკრებში ბოლოს შოთა არველაძე იყო ისეთი ლიდერი, თანაგუნდელებს მოედანზე რომ ესაუბრებოდა, მაგრამ ის ხომ ფორვარდი იყო და ამ პოზიციიდან ლიდერობა რთულია.
როცა გუნდი მოედანზეა, ფეხბურთელი უნდა ყვიროდეს...
- ალბათ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ისეთი ნიჭიერი ფეხბურთელების პლეადა უნდა მოვიდეს, მნიშვნელოვან წარმატებებს რომ მიაღწევს...
- თბილისის "დინამოს" ისტორიაში ორჯერ იყო ასეთი თაობა - 1964 და 1981 წლების გუნდს ვგულისხმობ. მათ შორის იყო წყვეტა, არადა ნიჭიერი ფეხბურთელები მაშინაც იყვნენ "დინამოში": ძოძუაშვილი, ხურცილავა, ასათიანი, ნოდია... მაგრამ ნოდარ ახალკაცამდე მწვრთნელი არ გამოჩნდა. ნიჭიერი პლეადა პლუს მწვრთნელი - წარმატება ასე მოდის.
- საქართველოს ამ ნაკრებშიც არიან ნიჭიერი ფეხბურთელები...
- ყენია, ანანიძე, ოქრიაშვილი... კლასიკური ცენტრფორვარდი დავინახე ვაწაძეში და ძალიან გამიხარდა. კარგია, რომ გიორგი ჭანტურია "ალანიაში" გადავიდა, რუსეთში ისეთი ფეხბურთია, რომ ნიჭიერი მოთამაშე ძალაუნებურად მოექცევა გუნდურ სქემაში.
ფეხბურთში სწორედ ინდივიდუალისტები წყვეტენ ყველაფერს, ამიტომაც ნიჭიერ ფეხბურთელს მოფერება და გუნდურ სქემაში მოქცევა სჭირდება.
- ახალგაზრდული ნაკრების თავკაცად შარშან დაინიშნეთ, ცხრაწლიანი პაუზის შემდეგ ისევ მწვრთნელობას დაუბრუნდით. მანამდე არ გქონიათ შემოთავაზებები?
- როცა ბადრი პატარკაციშვილი იყო "დინამოს" პრეზიდენტი, მაშინ მთავაზობდნენ მწვრთნელობას, მაგრამ იმ დროს ნაკრებში უკვე ვმუშაობდი მთავარ მწვრთნელად და "დინამოს" შემოთავაზებაზე უარი ვთქვი.
- ფეხბურთელობის დროს რომელი უცხოური კლუბებიდან გქონდათ შემოთავაზება?
- რომელ ძლიერ გუნდებსაც ვეთამაშეთ ევროსარბიელზე, ყველა იმ კლუბიდან იყო ინტერესი. 32 წლის ვიყავი, ფეხბურთის თამაშს თავი რომ დავანებე.
მაშინ საბრძნეთიდან იყო მოწვევა, მაგრამ უარი ვთქვი, გადაღლილი ვიყავი, თუ სხვა ფეხბურთელები თამაშის მერე დასასვენებლად სახლში მიდიოდნენ, მე, როგორც კაპიტანს, ზემდგომ ინსტანციებში მიბარებდნენ და ფაქტობრივად პატაკს იბარებდნენ.
- საქართველოს სტადიონებზე ძალიან ცოტა ხალხი დადის ფეხბურთის საყურებლად...
- კარგი ფეხბურთელები რომ გამოჩნდებიან, ხალხიც მივა სტადიონზე. თუმცა, მხოლოდ ამაში არ უნდა იყოს საქმე, საქართველოში ქინქლაძე, ნემსაძე, ჯამარაული და არველაძეები რომ თამაშობდნენ, მაშინაც ცოტა მაყურებელი დადიოდა ეროვნული ჩემპიონატის თამაშებზე.
ხალხის სტადიონზე მიყვანას შესაბამისი სოციალური ფონიც სჭირდება, დღეს საქართველოში ხალხს უჭირს, კაცს ოჯახი ჰყავს შესანახი და არ ეფეხბურთება.
- როცა თქვენ თამაშობდით ფეხბურთს, ყველაზე უფრო ვის სანახავად დადიოდა ხალხი საბჭოთა კავშირის სტადიონებზე?
- ბლოხინი, ბესონოვი, ბურიაკი, გავრილოვი, ჩერენკოვი, დასაევი, ხიდიატულინი, ოგანესიანი... ფეხბურთი შემოქმედმა კაცმა უნდა ითამაშოს.
BBC-ის ვერსიით ათ საუკეთესო გოლში მოხვდა ჩემს მიერ "ვესტ ჰემის" კარში შეგედებული ბურთი, "ლივერპულთან" სტუმრად 1:2 რომ წავაგეთ, იქ გატანილი ჩემი გოლიც დღემდე ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ალექსანდრე ჩივაძე: სფფ-ში პრეზიდენტის რიგგარეშე არჩევნებზე საუბარიც კი ზედმეტია