ოქროს ჭაბუკები

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები ელიტრაუნდშია. ეს გასულ შაბათს გაცხადდა, ჩვენს ჭაბუკებს ჯგუფიდან შვედებთან მატჩში ფრეც ხელს აძლევდათ, მაგრამ გურამ სამუშიას გატანილი გოლით ჩვენმა გუნდმა მეტოქე 1:0 დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა. ჩვენი ჭაბუკთა ნაკრების რამდენიმე წევრს შვედედთან მატჩზე, ჯგუფურ რაუნდსა და მომავალზე ვესაუბრეთ.


ბაჩანა არაბული: სწორი ტაქტიკა ავირჩიეთ და ამან გაამართლა
ჩვენი გუნდის მიერ მოპოვებულ 7 ქულაში თავდამსხმელმა ბაჩანა არაბულმა ლომის წვლილი დაიდო. შეგახსენებთ, რომ 10 ნომრიანი მაისურით მოასპარეზე ფორვარდმა პოლონეთთან გამარჯვების გოლი გაიტანა, ინგლისთან კი ანგარიში გაათანაბრა და ქულა მოგვაპოვებინა.
თუმცა დასკვნით შეხვედრაში უგოლოდ დატოვა მოედნი.

- ამჯერად ვერ გავიტანე, მაგრამ მთავარია მოვიგეთ და ელიტრაუნდში გავედით. ჩემთვის უმთარესი ეს შედეგია და გახარებული ვარ. ეს შეხვედრა ორივე გუნდისთვის გადამწყვეტი იყო. ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა მეტოქეს სჯობდე, მაგრამ უნდა გაგიმართლოს კიდეც. მოწინააღმდეგეს ფრე წაგების ტოლფასი იყო და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მოეგოთ. ამიტომაც იძალეს შვედებმა მეორე ტაიმში. ასე ვთქათ, ვა-ბანკზე წავიდნენ და სწორედ ამ დროს დავსაჯეთ.

- შესვენების შემდეგ კონტრშეტევაზე თამაში მწვრთნელის დავალება იყო?
- სწორედ ეს იყო ჩვენი ჩანაფიქრი და როგორც ხედავთ, ტაქტიკამ გაამართლა. ელიტრაუნდში გავედით.


გურამ სამუშია: ...გადავწყვიტე, შეუჩერებლივ დამერტყა
ერთადერთი გოლის გამტანს, ზუგდიდის "ბაიას" შემტევ ნახევარმცველ გურამ სამუშიას საგოლე ეპიზოდი სიხარულისგან დაავიწყდა, მაგრამ შეძლო და აღიდგინა.

- არც ერთ მხარეს დასაკარგი არაფერი გვქონდა და ბოლომდე ვიბრძოლეთ. ბედნიერი ვარ, რომ გულშემატკივარი გავახარეთ. მწვრთნელის დავალება შევასრულეთ და შედეგი ამან მოიტანა. შვედები კონტრშეტევაზე დავიჭირეთ, ჩვენმა მარჯვენა ნახევარმცველმა თემურ მარკოზაშვილმა გამოზომილად ჩააწოდა საჯარიმოში და თავით გავიტანე. ბურთის მოძრაობა რომ დავინახე, მყისიერად გადავწყვიტე, შეუჩერებლივ დამერტყა. ცხადია, ბურთის მიღება-დამუშავებას მეტოქე არ დამაცდიდა. დავარტყი და გავიტანე კიდეც.


ავთო ენდელაძე: სიტყვა შევასრულე, საქართველო გავახარეთ!
გახსოვთ საქართველოს ჩემპიონატის მეგოლე და ბომბარდირი ზვიად ენდელაძე? მისი ვაჟიც მამის დარად თავდამსხმელია და გოლები მასაც გააქვს. პოლონეთთან სასტარტო ტურში ანგარიში სწორედ მან გახსნა და ჩვენი გუნდის საბოლოოს შედეგს, ელიტრაუნდში გასვლას ჯგუფური ეტაპის პირველი გოლით დაუდო სათავე.

- შვედებს კარგი გუნდი ჰყავდათ. გაგვიჭირდა მეტოქის გატეხვა, მაგრამ შევძელით. ჩვენთვის ფრეც საკმარისი იყო, მაგრამ მოსაგებად გავედით მოედანზე, ბოლომე ვიბრძოლეთ და შრომაც დაგვიფასდა.

- გაიხსენე ჯგუფურ რაუნდში ჩვენი ნაკრებიდან პირველი გოლი როგორ გაიტანე...
- პოლონელების დაბნეულობით ვისარგებლე, მეკარისთვის დაბრუნებული უხერხული გადაცემა ჩავჭერი, გოლკიპერი მოვატყუე და... წარმატებით დავიწყეთ ჯგუფში თამაში და კარგად დაწყებული საქმე ბოლომდე მივიყვანეთ.

- შვედებთანაც შეგეძლო ბურთის გატანა...
- კი, მაგრამ ამჯერად არ გამიმართლა. მთავარია, მოვიგეთ, რა მნიშვნელობა აქვს ვინ გაიტანა.

- ჩვენი ნაკრები ელიტრაუნდშია. რა განცდა გეუფლება?
- უზომოდ ბედნიერი ვარ. ჯგუფის მასპინძელი ვიყავით დ სხვაგვარად არც შეიძლებოდა. ჯგუფიდან რომ არ გავსულიყავით, უბრალოდ, ახლობლებთან გამოჩენის შემრცხვებოდა.

- საფეხბურთო ოჯახიდან ხარ, მამაშენმა რა გითხრა...
- ბაღდათიდან ვარ და მითხრა, მთელი ბაღდათი შენი და მთელი ნაკრების გულშემატკივრია და ამ ხალხის მოლოდინი უნდა გაამართლოო. ვუთხარი, ჯგუფიდან გავალთ-მეთქი და ბედნიერი ვარ, რომ სიტყვა შევასრულეთ, ბაღდადიც და მთელი სქართველო გავახარეთ.


გაბრიელ თებიძე: გოლის არგაშვება ჩემი მოვალეობა იყო
გურამ სამუშიას მიერ გატანილ ერთადერთ გოლამდე ჩვენი გუნდი მეკარე გაბრიელ თებიძემ იხსნა - რთული ბურთი მოიგერია, თორემ შვედებს ის გოლი რომ გაეტანათ, ღმერთმა იცის, რა შედეგით დასრულდებოდა შეხვედრა. თუმცა ყველაფერი კარგად დამთავრდა. ამ წარმატებაში კიპერმა გაბრიელ თებიძემ თავისი წვლილი შეიტანა.

- იმ შვედმა მართლაც სახიფათოდ დაარტყა. ბურთის მოძრაობას ვაკონტროლებდი და მოვიგერიე. მეკარის მოვალეობა კარის მშრალად შენახვაა და იმ რთული ბურთის არგაშვება ჩემი მოვალეობა იყო. ბედნიერი ვარ, რომ ამ დიდ წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანე. ალბათ ყველა დამეთანხმება, - ელიტრაუნდში გასვლა დავიმსახურეთ.

- ყველაზე მეტად გარჯამ რომელი შეხვედრაში მოგიწია?
- რა თქმა უნდა, ინგლისთან მოპოვებული ქულა ჩვენთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო.

- კარში მშვიდად და აუღელვებლივ იდექი, გეტყობა მტკიცე ხასიათი გაქვს...
- ასეთი ვარ. ნერვიულობით საქმეს არ ეშველება, უფრო აიჭრები და თამაში არ წაგივა. რაც შემეძლო გავაკეთე. მინდოდა გოლი საერთოდ არ გამეშვა ამ ტურნირში, თუმცა მაინც გავედით ჯგუფიდან.


ყოველდღიური სპორტული გაზეთი
"ლელო"




მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული