U17. გერმანია-საქართველო 4:1 - სასარგებლო ტესტი გერმანულ "მანქანასთან"

AutoSharing Option
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრებმა, ელიტრაუნდისთვის მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში, გერმანიის ნაკრებთან გამართული ამხანაგური შეხვედრა ანგარიშით 1:4 დათმო.

მატჩი ქალაქ რედა ვიდენბრუკის სტადიონ "ტიონის არენაზე" ჩატარდა. როგორც წინასწარ იყო ცნობილი, ყველა ბილეთი გაიყიდა და ახალგაზრდული ნაკრებების დაპირისპირებამ მაყურებელთა სრული ანშლაგით ჩაიარა.

სტადიონი საფეხბურთო კლუბ "შალკე 04"-ის პრეზიდენტის საკუთრებაა და მასთან ერთად, მატჩს არაერთი საპატიო სტუმარი და სკაუტი დაესწრო. მათ შორის იყო საფეხბურთო კლუბ "ჰანოვერის" მთავარი მწვრთნელი მირკო სლომკაც. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას კი გენერალური მდივანი რევაზ არველაძე და ტექნიკური დირექტორი ნიკოლოზ ჩხეიძე წარმოადგენდნენ.

საგანგებოდ
ამ მატჩისთვის ჰოლანდიიდან ჩამოვიდა არნემის "ვიტესის" პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია.

მიუხედავად იმისა, რომ პატარა "ჯვაროსნებმა" მატჩი სამბურთიანი სხვაობით წააგეს, ყველამ ერთხმად აღნიშნა, რომ ელიტრაუნდის წინ ამ დონის გუნდთან სპარინგი ჩვენს ნაკრებს უდავოდ დადებითად წაადგება, რადგან გერმანიის 17-წლამდელთა ნაკრები ძალიან ძლიერი, შეკრული, შეთამაშებული და მართლაც უმაღლესი დონის გუნდია.

ასეთ გუნდებთან მატჩებით კი ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელები განებივრებულნი ნამდვილად არ არიან.

ფაქტია, რომ სწორედ ასეთ გუნდებთან ჭიდილში იღებენ გამოცდილებას და სასარგებლო გაკვეთილებს ჩვენი მოთამაშეები.

ქართველმა ფეხბურთელებმა მეორე ტაიმი პირველზე გაცილებით უკეთ ჩაატარეს და რამდენიმე თითქმის ასპროცენტიანი საგოლე მომენტიც ჰქონდათ - კერძევაძეს, ზარანდიას, ჭანტურიას...

შეიძლება ითქვას, რომ ახალგაზრდა გერმანელი მსაჯებიც, ცოტა არ იყოს და მკაცრად ექცეოდნენ ქართველ ფეხბურთელებს. ამაზე მეტყველებს გოშაძის კარში დანიშნული ორი თერთმეტმეტრიანიც... თუ პირველ შემთხვევაში პენალტი ეჭვს არ იწვევდა, მეორე შემთხვევაში არბიტრმა აშკარად გადაამლაშა.

დანარჩენ გოლებს თუ შევეხებით, ყველა ბურთი დაცვის ხაზის გამოუსწორებელი შეცდომების შედეგად მივიღეთ - სამივე გოლი მეკარესთან ერთი-ერთზე დარჩენილმა ფეხბურთელებმა გაიტანეს. ფაქტია, რომ ელიტრაუნდამდე ამ მხრივ კვლავ სერიოზული სამუშაოა...

რაც შეეხება ლუკა ზარანდიას მიერ გატანილ გოლს, ქართველმა შემტევმა ბურთი მარჯვენა ფლანგზე მიიღო და ჩვეული დრიბლინგითა და ფინტებით საჯარიმოში რამდენიმე მცველს თავგზა აურია. შემდეგ მათ მეკარეც მიაყოლა და ცარიელი კარის დალაშქვრა უკვე აღარ გასჭირვებია.

მოკლედ, ასეთი დონის მეტოქესთან ამხანაგური მატჩით ყველა კმაყოფილი დარჩა.

17-წლამდელები ჰოლანდიაში გაემგზავრებიან, სადაც მორიგ ტესტ-მატჩს უკვე "ვიტესის" ასაკობრივ გუნდთან ითამაშებენ.

გიორგი დევდარიანის გუნდი სამშობლოში 10 მარტს დაბრუნდება და შეკრებას თბილისში გააგრძელებს.

ამხანაგური მატჩი
06.2013. რედა ვიდენბრუკი, გერმანია. სტადიონი "ტიონის არენა"
გერმანიაU17-საქართველოU17 4:1 (2:0)
გოლები: ვერნერი (10 პენ, 33), ზარანდია (45), ფლიუკე (58), ვალდშმიდტი (80); (77-ე წუთზე ვალდშმიდტმა ვერ გამოიყენა თერთმეტმეტრიანი)

გერმანია: ფანკი, ბერგერი, ტიჩგრაბერი, კერერი, ტაჰი, პრეისინგერი, მულტოპი, ოტსუნალი, ვერნერი, ავდიჯა, ბრანდტი
შეცვლაზე შევიდნენ: ჰუსიჩი, ტიკვიჩი, კრანიტსი, დრაგონი, ჰოფგარტნერი, პარკერი, ფლიუკე, ბოდენრიოდერი, ვალდშმიდტი, სულეიმანი, კლოსტერმანი
მთ. მწვრთნელი - შტეფან ბიოგერი
საქართველო: გოშაძე, შულაია, მარგველაშვილი, ტაბიძე, თევზაძე, პატარკაციშვილი, გოროზია, ხარაიშვილი, კერძევაძე (კაპ), ზარანდია, რ. ჭანტურია
შეცვლაზე შევიდნენ: ბერიძე, რუხაძე
მთ. მწვრთნელი - გიორგი დევდარიანი

მსაჯი: დასტინ სიკორსკი (გერმანია)

სფფ-ის პრესსამსახური

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
თუ ქართული ფეხბურთის განვითარება უნდათ - ყველა ასაკში შექმნან ალტერნატიული ნაკრები. ახალი ფეხბურთელების შემოწმებაც გაადვილდება და სპარინგიც მუდმივად ეყოლებათ. ძირითად შემადგენლობასაც მეტი მოტივაცია ექნება კლასის ასამაღლებლად.
guja_kakhadze
13:55 07-03-2013
0

სიახლეები პოპულარული