გიორგი ილურიძე: იქნებ ნაკრებში ადგილი დავიმკვიდრო

AutoSharing Option
გიორგი ილურიძეს ახალგაზრდულ ნაკრებში სულ სამი შეხვედრა აქვს ჩატარებული. რთული სათქმელია, რას უნდა მივაწეროთ ეს უცნაურობა - ნაკრების წინა დამრიგებელთა გულგრილობას თუ სხვა რამეს.

გორის "დილას" 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა "ანჟიში" ორი სეზონი გაატარა და მართალია, ძირითადად, დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, რუსეთის პრემიერლიგაში ხუთი შეხვედრის ჩატარება მოასწრო. მან გორის დილაში" დაამტკიცა, რომ ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული ახალგაზრდაა.

განახლებულ ჩემპიონატში ორი ტური ჩატარდა და ილურიძე გორის "დილას" ერთ-ერთ ლიდერად მოგვევლინა. "ზესტაფონთან" მოგებაში (2:1) დიდი წვლილი დაიდო და თბილისის "დინამოსთანაც" ურიგოდ არ გამოიყურებოდა.

არ უნდა
დავივიწყოთ გიორგის შთამბეჭდავი სანაკრებო სტატისტიკა: 19-წლამდელთა ნაკრებში ჩატარებულ სამ შეხვედრაში მეტოქეთა კარი ხუთჯერ აიღო, ხოლო ახალგაზრდულში გამართულ სამ მატჩში - ორჯერ!

ალექსანდრე ჩივაძემ ავსტრიაში ახალგაზრდული ნაკრები უკვე წაიყვანა, სადაც შეკრებას გამართავს და საკონტროლო მატჩებში (ალბანეთთან, ხორვატიასთან და აზერბაიჯანთან) საინტერესო მოთამაშეებს გამოსცდის.

ჩივაძეს არც თვალი ღალატობს და არც ობიექტურობა და გამოძახებულთა შორის გორის "დილას" მოთამაშეც დაასახელა.

"მიწვევებით განებივრებული არ ვყოფილვარ და ამიტომაც ბატონი საშას დაინტერესებამ ძალიან გამახარა. სულ ნაკრებში სამი თამაში დამიგროვდა - ეს არის და ეს.

იმედია, ავსტრიულ შეკრებაზე თავის გამოჩენასა და გუნდში დამკვიდრებას მოვახერხებ.

ეს ჩემი შანსია და აუცილებლად უნდა გამოვიყენო.

სხვათა შორის, გუნდის შემადგენლობას თუ გადავხედავთ, საინტერესო ნაკრები შეიკრიბა. მიმაჩნია, რომ პერსპექტიული ჯგუფი ყალიბდება და ახალ შესარჩევ ციკლში ანგარიშგასაწევ ძალად ჩამოვყალიბდებით",
- ამბობს ილურიძე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული