საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პოლონეთთან 1:3 დამარცხდა

AutoSharing Option
მეორე დღეა, რაც საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პოლონეთში ვარჯიშობს. 22 მარტს გია ცეცაძის გაწვრთნილებმა ქალაქ პულავში ამ ქვეყნის 19-წლამდელებთან ამხანაგურად ითამაშეს.

მასპინძლებმა შეხვედრა კარგად დაიწყეს: პოლონელები 22-ე წუთზე ბრემენის "ვერდერის" თავდამსხმელმა მარტინ კობილანსკიმ დააწინაურა - 1:0.

ეს საინტერესო ისტორიის მქონე მოთამაშეა, დაიბადა გერმანიაში და მონაცვლეობით თამაშობდა გერმანიისა (U-16, U-18) და პოლონეთის (U-15, U-17, U-19) ასაკობრივ ნაკრებებში.

28-ე წუთზე გდანსკის "ლეხიას" შემტევმა ნახევარმცველმა ლუკაშ კაჩპრჟიჩკიმ სხვაობა გაზარდა - პოლონელები 2:0 დაწინაურდნენ.

45-ე წუთზე ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში შეამცირა - 2:1. პოლონური ინტერნეტ-გამოცემების ცნობით,
თბილისის "დინამო 2"-ის თავდამსხმელმა გოლი კუთხურიდან გაიტანა.

თუმცა, მეორე ტაიმის 64-ე წუთზე სტუმართა კარი მესამედ მიშელ პალუჩიმ აიღო და საბოლოო ანგარიშიც 3:1 დააფიქსირა.

24 მარტს გუნდები მეორედ კვლავ პულავში დაუპირისპირდებიან და ქართველი 19-წლამდელების ეს შეკრება დასრულდება.

გუნდის შემდეგი მოსამზადებელი ეტაპი აპრილში პორტუგალიაში დაიგეგმა, სადაც ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას. მაისის ბოლოს კი ბელგიაში ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შეხვედრები დაიწყება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული