საქართველოს 19-წლამდელებმა პოლონეთთან მეორედაც წააგეს

AutoSharing Option
24 მარტს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები პოლონეთს მეორედ შეხვდა. 22 მარტს გია ცეცაძის გაწვრთნილებმა ქალაქ პულავში პირველი სპარინგი 1:3 დათმეს.

ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გია ცეცაძემ პირველ მატჩში, ფაქტობრივად, მეორე შემადგენლობა ათამაშა.

ძირითადში ბევრი ისეთი ფეხბურთელი მოხვდა, ვინც ნაკრების შეკრებაზე პირველად გამოიძახა -მწვრთნელს მათზე დაკვირვება სურდა.

24 მარტს გუნდები მეორედ კვლავ პულავში დაუპირისპირდნენ და მასპინძლებმა ამჯერადაც დამაჯერებელი ანგარიშით გაიმარჯვეს, თუმცა, შეხვედრის შედეგზე დიდი გავლენა მოახდინა 31-ე წუთზე მომხდარმა ამბავმა - მსაჯმა ერთ-ერთი ქართველი მოედნიდან გააძევა და კაცნაკლულნი დავრჩით,
თუმცა პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მასპინძლებმა რიცხობრივი უპირატესობით მეორე ნახევარში ისარგებლეს. ანგარიში სწრაფად გახსნეს - ქართველების კარი 52-ე წუთზე შჩეცინის "პოგონის" ფორვარდმა კამილ ზელინსკიმ აიღო 1:0.

მეორე ტაიმის დასასრულს კაცნაკლული სტუმრები დაიღალნენ და პოლონელებმა მიზანს ზედიზედ ორჯერ მიაღწიეს: 87-ე წუთზე "ვერდერის" თავდამსხმელმა მარტინ კობილანსკიმ სხვაობა ორამდე გაზარდა, მსაჯის მიერ დამატებულ დროში კი სტრუჟეს "კოლიაჟის" მოთამაშე კამილ კუროვსკიმ მესამეც გაგვიტანა და საბოლოოდ, მასპინძლებმა 3:0 გაიმარჯვეს.

ამ შეხვედრით ქართველი 19-წლამდელების შეკრება დასრულდა, დელეგაცია სამშობლოში დღეს დაბრუნდება.

ცეცაძის გაწვრთნილები ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდის შეხვედრებისთვის მზადებას აპრილში განახლებენ და პორტუგალიაში ოთხთა ტურნირში მიიღებს მონაწილეობას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული