გიორგი ქვილითაია: ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები პერსპექტიული გუნდია

AutoSharing Option
ავსტრიაში ათდღიანი შეკრების დროს საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამი ამხანაგური შეხვედრა გამართა - ალბანეთს 2:0 მოუგო, აზერბაიჯანთან 1:1 ითამაშა, ხოლო მალაიზია 7:1 გაანადგურა.

"ლელოსთან" ინტერვიუში, ავსტრიული შეკრების შეფასებისას, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ ბრძანა:

"უნგრული "დიორის" თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია ახალგაზრდულ ნაკრებში პირველად იყო მოწვეული და საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა".

ახალგაზრდულ ნაკრებში გიორგი ქვილითაიამ პირველივე შეხვედრაში ალბანელებს გოლი გაუტანა. მწვრთნელი მისი თამაშით კმაყოფილი დარჩა და ჩვენც დავინტერესდით - რა შთაბეჭდილებით
დაბრუნდა 19 წლის თავდამსხმელი "დიორ ეტოში".

"ეს იყო ახალგაზრდულ ნაკრებში პირველი გამოძახება და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გახლდათ სადებიუტო შეხვედრაში გოლის გატანა. ამის მერე უფრო თავისუფლად დავიწყე თამაში.

პირველი მატჩი ალბანეთთან ჩვენი უპირატესობით მიდიოდა, ბურთს მუდმივად ჩვენ ვფლობდით და საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტიც შევქმენით. მოედანზე 55-ე წუთზე შევედი და მე-60 წუთზე გავიტანე.

მეორე თამაში აზერბაიჯანელებთან სასტარტოში დავიწყე და მატჩის შემდეგ მწვრთნელი კმაყოფილი დარჩა. მალაიზიასთან კი გუნდს ვეღარ დავეხმარე, რადგან "დიორ ეტოს" მწვრთნელმა ბატონ საშას სთხოვა - იქნებ ადრე დაგვიბრუნოთ ჩვენი ფეხბურთელიო.

ჩივაძის კომენტარებმა ძალიან გამახარა. თავიდანვე რომ შეგაქებენ, ეს დიდი სტიმულია",
- ამბობს ქვილითაია.

ახალგაზრდული ნაკრები შესარჩევ ეტაპს სექტემბრიდან დაიწყებს: ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოსახვედრად ჩვენს გუნდს ჰოლანდიასთან, შოტლანდიასთან, სლოვაკეთთან და ლუქსემბურგთან მოუწევს გაჯიბრება.

გიორგი იმედოვნებს, რომ "ჯვაროსნები" წარმატებას მიაღწევენ:

"ძლიერი მეტოქეები გვყავს, მაგრამ ავსტრიაში დავრწმუნდი, რომ ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ძალიან კარგად დაკომპლექტებული, ერთ მუშტად შეკრული, ტექნიკური და შემტევი გუნდია, რომელსაც ნებისმიერ მეტოქესთან ექნება შანსი.

გუნდში ისეთი ბრწყინვალე გარემოა, შეკრებაზე მისვლა და ვარჯიშზე გატარებული თითოეული წუთი სიამოვნებას მანიჭებდა. რა თქმა უნდა, ეს ჩვენი მთავარი მწვრთნელის დამსახურებაა.

ბატონი საშას ავტორიტეტი, ადამიანებთან ურთიერთობა და მოთამაშეთა საბრძოლველად განწყობის უნარი მართლაც განსაკუთრებულია".


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

ალექსანდრე ჩივაძე: ნაკრებს მიღმა არავინ დარჩება
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მალაიზიას გადაურბინა
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები აზერბაიჯანთან ფრეს დასჯერდა
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ავსტრია მოგებით დაიწყო
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული