ზვიად სტურუა: ნიჭიერი მეკარეები გვეზრდებიან

AutoSharing Option
ბოლნისის "სიონის" ახალი სპორტული დირექტორი 34 წლის ზვიად სტურუა საკმაოდ წარმატებული მეკარე გახლდათ.

კარიერა "სამტრედიაში" დაიწყო. ითამაშა წყალტუბოს "სამგურალში", "ქუთაისის "ტორპედოში", თსუ-ში, "ვიტ ჯორჯიაში", თბილისის "ლოკომოტივსა" და "დინამოში", საჩხერის "ჩიხურაში", ბათუმის "დინამოში", რუსთავის "ოლიმპში", "გაგრაში", ხოლო კარიერა 2010 წელს ფოთის "კოლხეთში" დაასრულა.

2005-07 წლებში საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 3 ოფიციალური თამაში ჩაატარა.

სულ ორად-ორი მეკარეა საქართველოში, რომლებმაც 11-მატჩის განმავლობაში კარის "მშრალად" შენახვა მოახერხა - ერთი ფედერაციის დღევანდელი ტექნიკური დირექტორი ნიკა ჩხეიძეა, მეორე კი "სიონის" დღევანდელი სპორტული დირექტორი.

სტურუამ კარიერა ნაადრევად, 32
წლის ასაკში დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო. არის საქართველოს 15 და 16-წლამდელთა ნაკრებების მეკარეთა მწვრთნელი.

- საკმაოდ წარმატებულმა მეკარემ კარიერა ნაადრევად რატომ დაასრულე?
- "კოლხეთში" თამაში აღარ მიწევდა და მივხვდი, სჯობდა, კარიერისთვის წერტილი დამესვა. მაშინ 32 წლის ვიყავი. სიმართლე გითხრათ, ვერ წარმოვიდგენდი, ბუცებს ასეთ ასაკში თუ ჩამოვკიდებდი. გული მწყდებოდა, ფეხბურთი ხომ ნარკოტიკივით არის და ვერ ველეოდი. მაგრამ ასე მოხდა, ერთ დღეს ხომ ყველაფერი მთავრდება.

- ასაკობრივ ნაკრებებსა და კლუბში მუშაობას ერთმანეთს როგორ უთავსებ?
- ეს არც ისე ძნელია, რადგან ასაკობრივ ნაკრებებს დატვირთული გრაფიკი არ აქვთ. მეორე მხრივ, "სიონი" და ლადო ბურდული ხელს მიწყობენ. როდესაც შეკრება დაიწყება, ნაკრებთან ერთად ყოფნის უფლება მომცეს.

- "სიონმა" საინტერესო ცვლილებები განახორციელა, მაგრამ ჯერ მძიმე სატურნირო მდგომარეობაში ხართ.
- წლეულს მოკრძალებული მიზანი გვაქვს, უმაღლეს ლიგაში ადგილი უნდა შევინარჩუნოთ. იმედიანად ვარ და მჯერა, ამას შევძლებთ. საქმე ისაა, რომ რაიონის ხელმძღვანელობა "სიონს" იმხელა ყურადღებას აქცევს, შეუძლებელია, ამან შედეგი არ გამოიღოს. მომავალი წლიდან კი ყველაფერი გაკეთდება, საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი რომ გავხდეთ.

- "სიონში" ვინ მიგიწვია?
- როდესაც ლადო ბურდული გენერალურ დირექტორად დააწინაურეს, მე სპორტული მიმართულების ჩაბარება შემომთავაზა. კარგად მიცნობდა და მენდობოდა, რადგან ნაკრებში ერთად გვითამაშია და მეგობრული ურთიერთობა გვქონდა. ლადოს ნდობისთვის მადლობა მინდა ვუთხრა.

- კარიერის შემდეგ რას აკეთებდი?
- ბანკში ვმუშაობდი, მაგრამ ფეხბურთს ვერ ველეოდი და "ბ" სამწვრთნელო ლიცენზია ავიღე. მადლობა ნოდარ აკობიას, რომელიც ჩემით დაინტერესდა და ნაკრებში მიმიწვია. სწავლის გაგრძელებას კვლავ ვაპირებ და მსურს, "ა" კატეგორიის სემინარებს დავესწრო.

- ასაკობრივ ნაკრებებში იმედისმომცემი მეკარეები გვეზრდებიან?
- ადრე თუ ნაკრებში მეკარეების პრობლემა იყო, ახლა ლორია, რევიშვილი, კვასხვაძე გვყავს და ეროვნულის მწვრთნელს ეს სადარდებელი მოხსნილი აქვს. ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატებშიც ძალიან პერსპექტიული ბიჭები არიან. მიმაჩნია, რომ წლების შემდეგ ისინი ეროვნულის მეკარეებს თავისუფლად შეცვლიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული