ფაქტია, რომ მათი ნახვისას სასიამოვნო ამბები არ გაგვახსენდება:
პირველი ვლადიკავკაზის "ალანიას" გასახდელშია გადაღებული და ქართველი ლეგიონერების, გიორგი ჭანტურიასა და მამუკა კობახიძის მაისურებია გამოსახული.
მეორე "დინამოს" ერთ-ერთი შეხვედრის დროს არის დაფიქსირებული - ახალგაზრდა დინამოელები, ნიკა კვეკვესკირი (რომელიც ერთი ხანობა, ახალგაზრდული ნაკრების კაპიტანი იყო), ლაშა პარუნაშვილი და ჯაბა ჯიღაური ტრიბუნაზე მოწყენილი საახეებით სხედან და, დარწმუნებული ვარ, თითოეული მოედანზე შევარდნას ლამობს.
თითოეული მათგანი ახალგაზრდული ნაკრების კანდიდატი გახლავთ, მაგრამ სასურევლ დონეზე სათამაშო პრაქტიკა არც ერთს აქვს:
უკეთეს მდგომარეობაში არც დინამოელები არიან: ჯიღაურმა მიმდინარე სეზონში თბილისურ გუნდში სულ 2-ჯერ ითამაშა, პარუნაშვილმა კი მხოლოდ ერთხელ.
არადა, ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ალექსანდრე ჩივაძეს მათი იმედი აქვს. მართალია, ნიკა კვეკვესკირი ახალგაზრდულ ნაკრებში აღარ თამაშობს, მაგრამ 22 წლისაა და სეზონში სულ რვა შეხვედრა ჩაატარა.
საერთოდ, ახალგაზრდული ნაკრების ბევრი მოთამაშე უთამაშებელია. არაფერს ვამბობთ მეკარე თორნიკე ზარქუაზე, რადგან გიორგი ლორია "დინამოს" კარში მყარად დგას.
ტრავმირებულია დათა ხოჭოლავა, რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ სამჯერ ითამაშა.
ერთ-ერთი ყველაზე გულდასაწყვეტი აჩიკო ტვილდიანის უთამაშებლობაა. საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ყოფილი კაპიტანი გუნდში გიორგი დევდარიანმა მიიყვანა და თავდაპირველად ხშირად ათამაშებდნენ, საშემოდგომო ეტაზე 6-ჯერ ითამაშა და გორის "დილასთან" მოგებაში წვლილი გოლით შეიტანა. მაგრამ დუშან უჰრინი მას და მის კბილა ბიჭებს არ ენდობა და ამბობს, მეტი მონდომება და პროფესიონალიზმი სჭირდებათო.
არადა, ეს ის თაობაა, რომელმაც წარმატებებს ადრეულ ასაკში მიაღწია და უახლოეს მომავალში დიდ სარბიელზე მათ გამოჩენას იმედით ველოდით.
გადავხედოთ საქართველოს ნაკრების შემადგენლობას და დარწმუნდებით, რომ ჩივაძის გუნდს სერიოზული პრობლემები აქვს, რადგან სათამაშო პრაქტიკა ძალიან ბევრ მოთამაშეს აკლია.
ალექსანდრე ჩივაძემ მარტში ავსტრიაში გამართულ ტურნირზე 22 მოთამაშე გამოიძახა. თითოეულის მაგალითი განვიხილოთ საიმისოდ, თუ რა მდგომარეობაა საქართველოს რანგით მეორე ნაკრებში.
მეკარეები
გიორგი ნადირაძე იშვიათი გამონაკლისია, რომელიც თავისი კლუბის, ცხინვალის "სპარტაკის" ძირითად შემადგენლობაში ენდობიან, მაგრამ ის პირველ ლიგაში თამაშობს. კახაბერ მეშველიანი "ზესტაფონის" დუბლშემადგენლობაში გამოდის. ასევე დუბლშემადგენლობაშია "დინამოს" მეკარე ლევან ტყეშელაშვილი.
მცველები
მამუკა კობახიძეზე, დათა ხოჭოლავასა და არჩილ ტვილდიანზე უკვე მოგახსენეთ. დავით კოხია ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" დუბლშემადგენლობაში თამაშობს, გიორგი ჯგერენაია მარიუპოლის "ილიჩევეცის" განაცხადში ხშირად ვერ ხვდება - მიზეზი ბოლოდროინდელი ტრავმებია. ასევე დუბლებშია გიორგი გაგნიძე ("დინამო 2").
ნახევარმცველები
თავიანთი გუნდის ძირითად შემადგენლობებში თამაშობენ თორნიკე ოქრიაშვილი (მარიუპოლის "ილიჩევეცი", უკრაინა) და დავით კირკიტაძე (საჩხერე "ჩიხურა"). პრაქტიკის ნაკლებობას არც მერაბ გიგაური (ქუთაისის "ტორპედო") და გიორგი პაპავა ("დინამო") უჩივიან. ახალგაზრდული ნაკრების დინამოელი კანდიდატებიდან ამ უკანასკნელს ყველაზე მეტი სათამაშო პრაქტიკა აქვს. მაგრამ კვეკვესკირი, პარუნაშვილი, ჯიღაური და ლაშა ჩაფიძე დუბლშემადგენლობებში არიან და სევდიანი თვალებით უქცერენ მთავარი "დინამოს" მატჩებს.
შეუძლებელია, გული არ დაგწყდეს, არნემის "ვიტესში" პრაქტიკა აშკარად რომ დააკლდა ვალერი ყაზაიშვილს - ამ ნიჭიერმა ახალგაზრდამ სეზონში სულ 4 მატჩი ჩაატარა, ოთხივე შეცვლაზე და მოედანზე გატარებული სულ რაღაც 88 წუთი მეტისმეტად ცოტაა. არადა, შარშან ამ დროს პორტუგალიის საერთაშორისო ტურნირზე ბომბარდირი გახდა, მანამდე იყო 17-წლამდელთა ელიტრაუნდის ბომბარდირი და გვეიმედებოდა, რომ არნემული კლუბის ძირითად შემადგენლობაში გზას გაიკვლევდა - ჰოლანდიაში ხომ ყაზაიშვილმა ძალიან ეფექტურად დაიწყო.
თავდამსხმელები
საბედნიეროდ, უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ გორის "დილაში" გიორგი ილურიძეს. 16 მატჩი ითამაშა დანიური სუპერლიგის "ორჰუსში" (14 ძირითადში) დავით სხირტლაძემ და აშკარაა, მწვრთნელს თავი მოაწონა. ჯერჯერობით, გიორგი ქვილითაიას უნგრულ "დიორ ეტოს" რეზერვისტებში აკვირდებიან, გიორგი ჭანტურიას ალანიური ამბები კი უკვე მოგახსენეთ.
* * *
სტატისტიკა არც ისე მშრალია: ნაკრებში გამოძახებული 22 მოთამაშიდან მუდმივი სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ 9-ს აქვს - დამეთანხმებით, სრული კატასტროფაა. განსაკუთრებული პრობლემებია დაცვაში - ექვსივე ფეხბურთელი ან დუბლშემადგენლობაშია, ან სათამაშო პრაქტიკა აკლია.
შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, რომ გამოსავალი 14 იანვარს ფეხბურთის ფედერაციაში 12-თა საბჭოს წევრებთან თემურ ქეცბაიას მიერ გაჟღერებული ინიციატივა არის, რაც ახალგაზრდა ფეხბურთელების მეტ დასაქმებას გულისხმობდა.
ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა უმაღლესი ლიგის გუნდებს ძირითად შემადგენლობაში 21 წლამდელი 2 ახალგაზრდის თამაშის დაკანონება შესთავაზა - ასე ასაკობრივი ნაკრებების კანდიდატები სათამაშო პრაქტიკას მიიღებენ და გაიზრდებიანო.
გასაგებია, რომ ახალგაზრდულის ფეხბურთელებს პრაქტიკა აკლიათ, რაც ნაკრებების მწვრთნელებს საქმეს უძნელებს. ისიც გვესმის, რომ ქეცბაიას ინიციატივის ამოქმედება დიდ სტიმულს მისცემს ახალგაზრდულის წევრებს, მათ, ვისაც ბოლო სამი წლის განმავლობაში შესარჩევი ეტაპები, ფაქტობრივად, არ ჩაუგდიათ და სულ ელიტრაუნდში გადადიოდნენ. ეროვნული ნაკრების შეკრებაზე ზოგიერთი მოთამაშის ჩამოუსვლელობის გამოც, იდეალური ვარიანტი ადგილობრივ ჩემპიონატში დასაქმებულთა გამოძახება იქნებოდა. მაგრამ უკვე გამოჩნდა, რომ ეს არარეალური პროექტია და კლუბები მხარს არ უჭერენ - მათ საკუთარი პრობლემები და ამოცანები აქვთ გადასაჭრელი.
არადა, ძალიან სწრაფად მირბის დრო, რომელიც დიდი ფეხბურთის მატარებლიდან დაუნდობლად ისვრის ნიჭიერ, მაგრამ პრაქტიკამოკლებულ ახალგაზრდებს. ამიტომ გვადარდებს კითხვა - როგორ უნდა დავხვდეთ შესარჩევ ციკლში ჰოლანდიას, შოტლანდიას, სლოვაკეთსა და ლუქსემბურგს, ქართველმა გულშემატკივარმა მორიგი იმედგაცრუება რომ არ მიიღოს?
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
აი ეს არის ამათი უთამაშებლობის მიზეზი. უაზარტობა, მარიაჟობა და არაბრძოლიუნარიანობა.