პრესკონფერენციას 19-წლამდელთა ნაკრების სრული შემადგენლობაც ესწრებოდა.
ზვიად სიჭინავა: "მე ბელგიაშიც ვუთხარი ბიჭებს და ახლაც ვიმეორებ, რომ ისინი გმირები არიან.
საქართველოში ბავშვთა ფეხბურთი მკვდარი რომ არაა, ამ ბიჭებმა დაამტკიცეს. ძალიან მაგრები არიან და არ დავიღლები მათზე ლაპარაკით.
ამ ნაკრებს ჰყავს მეკარე, რომელსაც გიორგი ლორიას მერე, ნომერ პირველი შემიძლია ვუწოდო. ლუკა ზარანდიამ კი
ალბათ, ინგლისელები უკვე ვეღარ გვიტანენ, რადგან ზედიზედ ორი წელია, მათ ასაკობრივ ნაკრებებს ჯგუფში ვტოვებთ.
ახლა ჩვენი მიზანი უფრო რთული და საპასუხისმგებლოა. 20 ივლისიდან ჩვენ ყველა წავალთ ლიტვაში და ბიჭებს მხარში ამოვუდგებით, რომ იგივე არ განმეორდეს, რაც შოტლანდიასთან მატჩში მსაჯმა იკადრა.
მიზანი ერთია, რომ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დროშა ღირსეულად წარმოვაჩინოთ. 4 ივნისს გია ცეცაძეს კონტრაქტს გავუხანგრძლივებთ.
როცა ის ამ ნაკრების მწვრთნელად დავნიშნეთ, მეკითხებოდნენ - რატომ ცეცაძეო? დღეს მე ყველას ვპასუხობ - იმიტომ! იცით, რომ ფედერაციას დაფინანსება თითქმის 50 პროცენტით გაუნახევრდა, მაგრამ გეუბნებით, რომ ამ ბიჭებს არაფერი მოაკლდებათ და ყველაფერი გეგმის მიხედვით იქნება.
ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ქართველი ჟურნალისტები ლიტვაში წამოვიდნენ და თავიანთი თვალით ნახონ ყველაფერი. იმედი მაქვს, სახელმწიფო გვერდში დაუდგება ნაკრებს და ყველაფერი კარგად იქნება".
გია ცეცაძე: "ბიჭებს კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ როცა თანადგომა და პატრონობა ყველაზე მეტად გვჭირდებოდა, ფედერაციის ხელმძღვანელები ჩვენს გვერდით იყვნენ და მხარში გვედგნენ.
ეს წარმატება ერთმანეთის და ჩვენი საქმის სიყვარულმა მოგვიტანა. ჩვენ ევროპის ჩემპიონატზე სტატისტების როლში ნამდვილად არ ვიქნებით.
ჯანსაღი და რეალური ამბიციები გვაქვს და ვფიქრობ, სამეულში მოსახვედრად ვიბრძოლებთ.
ხვალიდან ფედერაციის ხელმძღვანელებთან ერთად დავსხდებით და ყველაფერს დეტალურად გავწერთ. ორი შეკრება გვექნება და ტესტ-მატჩები.
ლიტვაში ჩემპიონატამდე 5-6 დღით ადრე გავემგზავრებით და დასკვნით მომზადებას იქ გავივლით.
ვფიქრობ, ქართული ფეხბურთის ხიბლი შეტევაა და ჩემი გუნდი ასეთ ფეხბურთს თამაშობს. ჩვენი თამაში დაბალანსებულია.
როცა ბურთით ვართ, ყველა გატანას ცდილობს; ხოლო როცა ბურთით არ ვართ, ყველა ჩვენი კარის მცველია.
მთავარია, ფეხბურთი ვითამაშოთ და თამაშით ვთქვათ ჩვენი სათქმელი. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ჩემს სამწვრთნელო შტაბს მადლობა ვუთხრა.
მათ გარეშე მე ვერაფერს გავხდებოდი. ზაზა ბაკურაძე, თემურ ლორთქიფანიძე, გრიგოლ ჭანტურია, ჩვენი სამედიცინო შტაბი, გუნდის მენეჯერი - დავით დათუნაშვილი - ყველას დიდი მადლობა".
რევაზ არველაძე: "ფედერაციის უპირველესი ვალდებულებაა, რომ ყველა ნაკრებს შესაბამისი პირობები შევუქმნათ. დღეს ჩვენთვის მთავარი საფიქრალი მომავალი ევროპის ჩემპიონატია.
ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ 19-წლამდელები იდეალურად მომზადებულები შეხვდნენ ევროპირველობას. თუ ვინმე მხარში ამოგვიდგება, ხომ კარგი... ჩვენ ფიფას კონგრესზე წასვლა გადავდეთ და ბელგიაში ჩავედით, რადგან სხვანაირად არც შეიძლებოდა.
10 ასეთ კონგრესს გადავდებ და ასეთი თამაშის სანახავად ყოველთვის წავალ. ამაზე დიდი სიხარული და ბედნიერება არ არსებობს. მეც მინდა ყველას მადლობა ვუთხრა - გიას, სამწვრთნელო შტაბს და ბიჭებს".
პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ ფედერაციის ხელმძღვანელობა და 19-წლამდელთა ნაკრები სპორტის სამინისტროში, მინისტრთან შესახვედრად წავიდნენ.
ლევან ყიფიანმა ყველას მიულოცა ეს წარმატება და აღნიშნა, რომ სახელმწიფო მათ მაქსიმალურ მხარდაჭერას ჰპირდება.
ლევან ყიფიანი: "ასეთი წარმატებებით განებივრებულები არ ვართ და თქვენი გამარჯვება ორმაგად სასიხარულოა. კიდევ ერთხელ გილოცავთ!
მე პირველი მატჩის შემდეგ უკვე დარწმუნებული ვიყავი, რომ ტურნირს დადებითი შედეგით დავამთავრებდით.
აქედან ყველა თქვენს გვერდით ვიყავით. ძალიან მინდა, რომ ევროპის ჩემპიონატზე კარგად იასპარეზოთ. ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად, ჩვენ დავსახავთ გეგმებს, რომ ლიტვაში გამგზავრებამდე, მოსამზადებლად ყველა პირობა შეგიქმნათ".
სფფ-ის პრესსამსახური
ასევე იხილეთ:
გია ცეცაძე: ჩვენი ცეკვები - ხორუმი, აჭარული, მთიულურიც - სულ შეტევაა
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
თემურ ქეცბაია 19-წლამდელთა ნაკრებზე: ამ ბიჭებს უნდა მივხედოთ [VIDEO]
ნაკრების მწვრთნელს თვეში 209500 ლარს რომ უხდი რა გამართლება აქვს, ზოგჯერ თვე– თვენახევარი საერთოდ არ ჩამოდის საქართველოში