გია ცეცაძე: პირველი შეხვედრა სწორედ ფავორიტთან სჯობდა

AutoSharing Option
ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის წილისყრის შედეგების კომენტარი და ჩვენი შანსების შეფასება საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, გია ცეცაძეს ვთხოვეთ.

- უკვე გაჩნდა პირველი კომენტარები - ბევრმა ჩათვალა, რომ წილისყრაში გაგვიმართლა.
- მეც ასე მიმაჩნია, B ჯგუფში მოვხვდით და ისეთ გრანდებს ავცდით, როგორებიც არიან ესპანეთი, ჰოლანდია, პორტუგალია.

ფინალურ ეტაპზე ნებისმიერ მეტოქესთან ძნელია თამაში, მაგრამ A ჯგუფში ფსიქოლოგიურად უფრო მძიმე შეხვედრები გველოდა. სერბეთთან და საფრანგეთთან ბრძოლა უფრო მერჩივნა.

ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეტოქეებს არ ვაფასებთ, ეს სისულელე იქნებოდა, უბრალოდ, ჩვენს ბავშვებში არსებულ დამოკიდებულებას
ვგულისხმობ. თორემ, იმ ჯგუფში რომ მოვხვედრილიყავით, იქაც გასვლისთვის უნდა გვებრძოლა.

პირველ ჯგუფში მხოლოდ ერთი აშკარა აუტსაიდერია - ლიტვა. მიმაჩნია, რომ მასპინძლის სტატუსის მიუხედავად, მათ ყველა დანარჩენი აშკარად აღემატება.

19-წლამდელებში ესპანელებს, პორტუგალიელებსა და ჰოლანდიელებს ყოველთვის კარგი შედეგები ჰქონდათ. მაგრამ ჩემი აზრით, ნახევარფინალში გასვლის შანსი პორტუგალიას აქვს.

- თუმცა, ჩვენთან ევროპის 19-წლამდელების ორგზის ჩემპიონი საფრანგეთია.
- ჩემი აზრით, მეტოქეთა შორის, ძალთა თანაფარდობა ასეთია - ჯერ საფრანგეთი, შემდეგ თურქეთი და სერბეთი. თუმცა ეს წინასწარი გათვლებია და სავსებით შესაძლებელია, ტურნირის მსვლელობისას წინასწარი გათვლები აირიოს.

ასეთ ტურნირზე მთავარი მობილიზაცია და ძალების კონცენტრაციაა და შესაძლოა, ერთი შეხედვით სუსტმა ნაკრებმა უფრო მეტს მიაღწიოს.

- ყველაზე მეტად რომელი მეტოქეები გსურდათ?
- კარგი იქნებოდა, ლიტვა და სერბეთი ერთად შეგვხვედროდა, მაგრამ ასე არ ხდება. წილისწყრის შედეგით ისედაც კმაყოფილი ვარ.

- ადრე თქვით, რომ ფინალში გასვლაზე ან მინიმუმ სამეულზე ოცნებობდით. წილისყრამ იმედები გაგიძლიერათ თუ შეგისუსტათ?
- ახლაც იგივეს ვფიქრობ და მიმაჩნია, რომ ძალების მობილიზებით, ეს სავსებით შესაძლებელი იქნება.

შედეგი სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული. ჩვენ გვაქვს დასახული პროგრამა მინიმუმი - გავიდეთ ჯგუფიდან და ეს სავსებით რეალური მგონია.

პირველ ჯგუფშიც აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებდით, მაგრამ რეალობა უკეთესია. ჩვენ სერბეთთან ვითამაშეთ და ამ გუნდს ვიცნობთ.

საფრანგეთსა და თურქეთს კი ზედმიწევნით შევისწავლით და იქედან გამომდინარე, თუ როგორ თამაშობენ, ჩვენც ისე მივუდგებით.

უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი თამაში მოვახვიოთ თავს. მათი მატჩების ჩანაწერები მაქვს და ახლა დეტალურად შევისწავლით

- ცნობილია კალენდარიც - მატჩების განრიგი მოგეწონათ?
- მეტოქეების მსგავსად, ესეც მომეწონა.

- მაინც რატომ, ტურნირს ხომ ჯგუფის ფავორიტთან, საფრანგეთთან შეხვედრით ვხსნით?
- სწორედ ეს მახარებს. მგონია, რომ პირველი შეხვედრა სწორედ ფავორიტთან სჯობდა.

- მოსამზადებელი გეგმა უკვე შეადგინეთ?
- ეს ელიტ რაუნდის შემდეგაც ვიცოდით, მაგრამ დასაზუსტებელი გვქონდა, სად მოვემზადებოდით. 5 ივლისს თბილისში შევიკრიბებით და იმავე საღამოს ლატვიაში გავემგზავრებით.

ჩვენი შერჩეული მოსამზადებელი ცენტრი ლიტვასთან ძალიან ახლოს არის. იქ 10 დღე ვივარჯიშებთ და 16 ივლისს ლიტვაში გადავალთ.

- ზოგიერთი მოთამაშე კლუბებს ევროპის ლიგაზე დაეხმარება და შეკრებაზე ყველა მიგყავთ?
- ზუსტად არ ვიცით, ერთად წავალთ თუ რამდენიმე მოთამაშე შემდეგ შემოგვიერთდება.

მაგალითად, ქუთაისის "ტორპედოს" მოთამაშეებს ევროპის ლიგაზე გამოსვლა ელით, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, კლუბები ხელს გვიწყობენ და მათ შორის, "ტორპედოც". ამ თანადგომისთვის გუნდებს მადლობას ვუხდი.

- შემადგენლობაში ცვლილება იქნება?
- მხოლოდ იმ შემთხვევაში, ღმერთმა არ ქნას და ვინმე თუ დაშავდა. მაგრამ, ყველა ფეხბურთელის შემცვლელი წინასწარ მოფიქრებული გვყავს.

- ანუ "უნტერჰახინგის" მოთამაშეს, ლუკა ჰუფნაგელს არ გამოიძახებთ?
- ლუკა ძალიან კარგი მოთამაშეა, მაგრამ არ გაუმართლა, ელიტ რაუნდამდე ტრავმა მიიღო და ტურნირი გამოტოვა.

მისმა შემცვლელებმა კი ტურნირი კარგად ჩაატარეს და თავი გამოიჩინეს. ამ წარმატებაში ყველამ თითო-თითო აგური მაინც დადო. იცით, ბელგიაში მსაჯებმა რაც გვიქნეს და ყველა ფეხბურთელი ვათამაშეთ, მხოლოდ მეკარე ბაჩო მიქავა ვერ დაგვეხმარა. ახლა რომელიმე მათგანის დატოვება გაუმართლებელი იქნებოდა და გამორიცხულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U19. დაჩი ცნობილაძე: ვიცით, მეტოქეებს რა დავუპირისპიროთ
გია ცეცაძე: ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ და ჯგუფიდან გავიდეთ
გაგვიმართლა - საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მეტოქეები ცნობილია

გია ცეცაძემ Sportall.ge-ს მკითხველებს უპასუხა [VIDEO]
გია ცეცაძე: ჩვენი ცეკვები - ხორუმი, აჭარული, მთიულურიც - სულ შეტევაა
ზვიად სიჭინავა: დაფინანსება გაგვინახევრდა, მაგრამ ამ ბიჭებს არაფერს მოვაკლებთ
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
გია ცეცაძე: მინდა, უეფას გასაგონად ვთქვა, რომ ქართველები მათხოვრები არ ვართ!
U19. ბელგია - საქართველო 0:2 - მზიანი ღამე ბელგიაში [VIDEO]
U19. საქართველო-შოტლანდია 3:1 - ძლევაი საკვირველი [VIDEO]
U19. საქართველო - ინგლისი 1:1 - პირველი ფრე და შენარჩუნებული შანსი
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეე ლუკა ძალიან მაგრა თამაშობს გერმანიაში, ბაიერნს დუბლი შეუსრულა და გერმანელებიც ტყუილა არ იწვევდნენ თავიანთ ნაკრებში, ლუკა აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს ნაკრებში!

მართლა არ გაუმართლა, გამარჯვებული შემადგენლობის გამოცვლა არ შეიძლება, მაგრამ იქნებ როგორმე რამე მოხდეს ისე რომ მაინც ჩამოვიდეს.. ძალიან მენანება ლუკა ფინალურ ეტაპზე რომ არ ითამაშოს საქართველოსთან ერთად.
giorgi
19:50 15-06-2013
0
გიორგი შენ როგორ მოიქცეოდი ცეცაძის ადგილზე?!ამოაგდებდი იმ პიროვნებას რომელმაც Lუკას მაგივრად იბრძოლა ამ ეტაპის მოსაპოვებად?! ჩემი აზრით ცეცაძე კაცურად და ადამიანურად იქცევა!!!ლუკას წინ აქვს ყველაფერი,ივარჯიშებს და ახლიდან ეცდება ადგილის მოპოვებას ნაკრებში,ოღონდ შემდეგ წელს
Vova
12:35 17-06-2013
0

სიახლეები პოპულარული