ქართული ფეხბურთი

ასაკობრივი ნაკრებები

[გაიცანით 19-წლამდელები] გაბრიელ თებიძე: მეტოქეზე კი არა, წარმატებაზე ვფიქრობთ

AutoSharing Option
დოსიე
გაბრიელ თებიძე
დაიბადა: 1994 წლის 10 ნოემბერს (18 წლის)
პოზიცია: მეკარე
სიმაღლე: 185 სმ
წონა: 79 კგ

საკლუბო კარიერა
2012: რუსთავის "მეტალურგი 2"
2012/13: "ჩიხურა 2"

სანაკრებო კარიერა
საქართველო U17 - 6
საქართველო U19 - 6

სანაკრებო დებუტი: ევროპის U-17 ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი. 18.10.10. საქართველო 2:1 პოლონეთი

საქართველოს ეროვნულ თუ ასაკობრივ ნაკრებებს ძლიერი მეკარე ბევრჯერ ჰყოლიათ, მაგრამ გამორჩეულები - იშვიათად. თუმცა ბოლო დროს ეროვნულშიც და ასაკობრივშიც ასეთები გამოჩნდნენ.

მაგალითად, ბელგიაში გამართულ ელიტრაუნდის მატჩებზე გაბრიელ თებიძემ დაამტკიცა, რომ ეროვნულ ნაკრებს საიმედო
მეკარე ეზრდება. სწორედ მისი დიდი დამსახურებაა, ჩვენი 19-წლამდელები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე რომ გავიდნენ: თებიძემ ტურნირი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა, შოტლანდიასთან კი პენალტი საჭირო დროს მოიგერია!

1:0-ს ვიგებდით და ესპანელმა არბიტრმა კაცი გაგვიგდო - სავსებით შესაძლებელი იყო, მეტოქეს ანგარიში გაეთანაბრებინა და მერე მშვიდობით, ევროფინალო... ვინ გაამტყუნებდა თებიძეს?!

დიდი გზის დასაწყისი
ფეხბურთი ძალიან მიყვარდა და 7 წლისა "ნორჩ დინამოელში" მიშა პირადაშვილთან შევედი. 8 თუ 9 წლის ვიყავი, როდესაც "ოლიმპში" თემურ ფოცხვერიასთან გადავედი. ბოლოს კი გუბაზ დოლიძესთან ვვარჯიშობდი, რომელსაც გუნდი ჯერ 35-ე სკოლაში ჰყავდა, ბოლოს კი - "ოლიმპში".

საკლუბო კარიერაზე რა გითხრათ, სულ ჭაბუკებში ან დუბლშემადგენლობაში ვთამაშობდი. სისტემატურად სათამაშო პრაქტიკა მხოლოდ ელიტლიგაში "ოლიმპის" შემადგენლობაში და "მეტალურგის" დუბლებში მქონდა. ბუნებრივია, სულ სხვაა სანაკრებო მატჩები, მაგრამ ტონუსს ვინარჩუნებდი და დარწმუნებული ვარ, ეს ელიტრაუნდშიც დამეხმარა.

რუსთავის "მეტალურგის" განაცხადში სულ 6-ჯერ მოვხვდი, 3-ჯერ კი - ევროპის ლიგის განაცხადში. მაგრამ 2012 წელს გუნდი დავტოვე და შემოდგომაზე "ჩიხურას" დუბლშემადგენლობაში მიმიწვიეს.

ყველა ასაკობრივ ნაკრებში მითამაშია, 13-წლამდელების გარდა.

შეტევამ გაგვხსნა
ელიტრაუნდში პირველად კობა ჟორჟიკაშვილის 17-წლამდელებში ვითამაშე. თბილისმა მაშინ შესარჩევ ციკლს პირველად უმასპინძლა. თანაც, ინგლისი, შვედეთი და პოლონეთი ჩამოვიდა, ხალხიც დაინტერესდა და "დინამო-არენაზე" საკმაოდ ბევრი მაყურებელი მოვიდა.

პატარა სტადიონებზე თამაშს შეჩვეულებისთვის უცებ დიდ არენაზე გადასვლა რთულიც იყო, მაგრამ 15-16 წლის ბიჭებმა ამდენი გულშემატკივარი რომ დავინახეთ, ძალა მოგვეცა და რაც შეგვეძლო, ვაჩვენეთ.

ბელგიაში სერიოზული მეტოქეები გვყავდა, მაგრამ ემიგრანტები მოდიოდნენ და ისე გულიანად გვამხნევებდნენ, რომ ეს ბიჭებსაც გადაგვედო და ნამდვილი ქართველების მეომარი სულისკვეთება გამოავლინეს.

როდესაც ნაკრებში გია ცეცაძე მოვიდა, თამაშის სტილი რადიკალურად შეცვალა, მთელი გუნდი შეტევაზე გადაიყვანა და ამან ბიჭებზე კარგად იმოქმედა. მივხვდით, რომ შეტევა შეგვეძლო. თანაც, ძნელია, დაცვაში რომ ზიხარ და კონტრშეტევების მოლოდინით თამაშობ.

თავიდან გაგვიჭირდა, ამხანაგურებში ჯერ პოლონეთთან წავაგეთ და საწყისი ორი მატჩი პორტუგალიის ტურნირზეც დავთმეთ - მასპინძლებთან და სერბეთთან, მაგრამ მესამე შეხვედრა რუსეთს მოვუგეთ, ელიტრაუნდამდე კი - სერბეთს. ამან ძალიან კარგად იმოქმედა და ბელგიაში იმედიანად წავედით. მივხვდით, რომ შეტევა და წარმატების მიღწევა შეგვეძლო.

გამორჩეული ეპიზოდი კარიერაში
ელიტრაუნდში, შოტლანდიასთან შეხვედრამდე, ცეცაძემ სიფრთხილე გვირჩია. იმდენი ყვითელი ბარათი გვქონდა, შეიძლებოდა, შემდეგი შეხვედრა ნებისმიერ ჩვენგანს გამოეტოვებინა.

მაგრამ დაიწყო შეხვედრა და მეტოქესთან ერთად, მსაჯიც გვიტევდა - ყვითელი ბარათები აჩვენა კაჭარავას, მთივლიშვილს, ენდელაძეს, არაბულს, სანდოხაძეს; მერე მთივლიშვილი და არაბული გაგვიძევა. საერთოდ, ესპანელი არბიტრი ძალიან ცუდად გვექცეოდა და აშკარად გვჩაგრავდა.

თამაშს ყველაზე მშვიდად მე ვუყურებდი. ამ დროს ჩვენს კარში პენალტი დანიშნა და ესპანელის უსამართლობამ ჩემზე ძალიან იმოქმედა. ძალიან რთული მომენტი იყო. მთელი გუნდი იმედით მიყურებდა და პენალტი უნდა ამეღო.

სხვა გამოსავალიც არ იყო. ვერ გეტყვით, რა და როგორ მოხდა. ერთი ეს მახსენდება: მარკ ბეკმა დაარტყა, რომელსაც შევატყვე, რომ ძალიან ნერვიულობდა, ბურთთან აღელვებული მივიდა და მეც რატომღაც იქით გადავხტი, სადაც დაარტყა. ნერვიულობის გამო სუსტად გაისროლა და ავუღე.

ძალიან დიდი სიხარული იყო - ბიჭებმა იწვალეს და მეც დავეხმარე და გამარჯვებაში პატარა წვლილი შევიტანე. ეს აღებული პენალტი ჩემს კარიერაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს.

ტორპედოში წასვლა არ ვიჩქარე
ახლა "ჩიხურასთან" ერთად ვემზადები. ქუთაისის "ტორპედოში" გადასვლის შანსი მქონდა, მაგრამ არ ავჩქარდი. ჩემი კარიერისთვის ევროპულ კლუბში გადასვლა უკეთესი იქნება. ჯერ ასეთი წინადადება არ მიმიღია, მაგრამ მირჩევნია, ევროპის ჩემპიონატის დასრულებას დაველოდო. ვითამაშებ და იქნებ ევროპაში საინტერესო წინადადება გამოჩნდეს.

სკოლა უკვე დავამთავრე, მაგრამ სამწუხაროდ, ფეხბურთს იმხელა ენერგია და დრო მიაქვს, რომ სწავლის გასაგრძელებლად ჯერ ვერ მოვიცალე. არადა, ცუდი არ იქნებოდა.

ევროფინალისთვის ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ვემზადები. მთავარია, მაღალ დონეზე თამაშს უკვე შევეჩვიეთ.

ტურნირს საფრანგეთთან მატჩით ვიწყებთ. ის ჯგუფის ფავორიტია და ამ ქვეყანას ყოველთვის ძლიერი ასაკობრივი ნაკრებები ჰყავდა, მაგრამ ქართველი ქომაგის გახარებაზე ვფიქრობთ და არა მეტოქის ტრადიციებზე. ეს კი დიდი სტიმულია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
[გაიცანით 19-წლამდელები] ლაშა დვალი: ჩვენი თაობა წინას შეცდომებზე გაიზარდა
[გაიცანით 19-წლამდელები] დავით მთივლიშვილი: ოდესმე რამე ჩვენც ხომ უნდა მოვიგოთ?
[გაიცანით 19-წლამდელები] ბაჩო მიქავა: სამი წელი თავდასხმაში ვთამაშობდი
[გაიცანით 19-წლამდელები] გიორგი ფანცულაია: ვიცი, ეს მამას ჩემზე მეტად გაუხარდება
[გაიცანით 19-წლამდელები] ლუკა ზარანდია - "აიაქსამდე" "ტორპედოში"?
[გაიცანით 19-წლამდელები] გურამ სამუშია: არავისზე ნაკლებები არ ვართ
[გაიცანით 19-წლამდელები] ბუდუ ზივზივაძე: ჩვენ შიში უკვე დავძლიეთ!
გაბრწყინებული საქართველო: ჰქმენ, რაც შენი ფერია
ასევე დაგაინტერესებთ