ნიკა კაჭარავა: ძალიან გამოცდილი და შეთამაშებული დაცვის ხაზი გვყავს

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების ლატვიური შეკრება დასასრულს უახლოვდება და ფეხბურთელები უკვე ევროპის ჩემპიონატამდე დარჩენილ დღეებს და საათებს ითვლიან.

"თითქოს დრო ნელა გადის, არადა, ძალიან გვინდა, უკვე პირველი თამაში იყოს" - ამბობენ ნაკრების წევრები.

14 ივლისის შემდეგ ორჯერადი ვარჯიშები შეწყდა. 15 ივლისს უკვე მხოლოდ საღამოს ვარჯიში იქნება და როგორც არაერთხელ გამცნეთ, 16 ივლისს, დილის 11 საათზე გუნდი ბოლო ტესტ-მატჩს ითამაშებს რიგის "დაუგავასთან" და ნაშუადღევს უკვე ლიტვაში გაემგზავრება.

საღამოს ვარჯიშებზე, ძირითადად, სათამაშო კომპონენტებისა და ტაქტიკური სქემების დახვეწა მიმდინარეობს.

ფეხბურთელები მაქსიმალური კონცენტრაციით ცდილობენ, სათამაშო
სიტუაციასთან მიახლოებული გარემო შექმნან და ბოლომდე იხარჯებიან.

სწორედ ვარჯიშების შესახებ ვკითხეთ ნაკრების ფორვარდს - ნიკა კაჭარავას.

- დატვირთვები უკვე აღარ გვაქვს და ძირითადად, ტექნიკურ და ტაქტიკურ კომპონენტებზე ვმუშაობთ.

ეს ლოგიკურია, რადგან 1 კვირაში უკვე პირველი თამაში გვიწევს. ჩვენი ვარჯიშები სულ ბურთთან ერთადაა.

16-ში კი, როგორც იცით, ბოლო ტესტი გვექნება და ახლა ამ თამაშისთვის ვემზადებით. ჩვენი შეტევა აგებულია გუნდურ თამაშზე.

ფეხბურთი ინდივიდუალისტების თამაშიცაა და ჩვენც საკმაოდ გვყავს გუნდში კარგი ინდივიდუალისტები, მაგრამ ეს ინდივიდუალიზმი ყოველთვის არ ჭრის და დამუშავებული გვაქვს კომბინაციები, რომლებიც ჩვენს შეტევებს ეფექტურს ხდის და გვიადვილებს მეტოქის კარზე ზეწოლას.

ვფიქრობ, ჩვენ გუნდური თამაშის ხარჯზე უნდა გავიდეთ ფონს.

- შენი აზრით, მეტოქეებთან შედარებით, რა უპირატესობა აქვს საქართველოს ნაკრებს?

- საფეხბურთოს რომ თავი დავანებოთ, საქართველოს ნაკრებს ის უპირატესობაც აქვს, რომ დებიუტანტი და უცხო გუნდია. შესაბამისად, ცოტა ზემოდან გვიყურებენ.

ასე იყო ელიტრაუნდშიც და ეს, საბოლოოდ, ჩვენი კოზირი აღმოჩნდა. თუმცა, ელიტრაუნდის მერე ბევრმა შეგვაფასა და დაგვაფასა.

ევროპაზე სხვა კოზირები გვექნება. გუნდური თამაში და შეტევაა ჩვენი უპირატესობა და ამაში ძალიან დიდი რესურსი გვაქვს.

აუცილებლად უნდა აღვნიშნო ჩვენი ძალიან გამოცდილი და შეთამაშებული დაცვის ხაზი და განსაკუთრებით - მეკარე.

ფანტასტიკური გოლკიპერი გვყავს გაბი თებიძის სახით. გუნდში ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი ჩვენი მეკარეა.

ჩემი ამპლუის ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უკან ამდენი საიმედო ადამიანი მეგულება და თანაგუნდელების იმედი მაქვს.

- ნიკა, რამდენიმე დღის წინ თქვენ გაეცანით ფრანგების მთავარი მწვრთნელის მოსაზრებას, სადაც ის ამბობს, რომ ისინი მეტოქეებს არ იცნობენ და ელიტრაუნდიდან გამომდინარე, ფავორიტად თურქებს მიიჩნევენ...
- კარგია, თუ არ გვიცნობენ... ჰოდა, 20 ივლისს გაგვიცნობენ. ყველაზე საინტერესო ისაა, ვის უფრო მეტი ექნება სასაუბრო თამაშის შემდეგ. ჩვენ იმედიანად ვართ. დაუმარცხებელი მეტოქე არ არსებობს და ეს უკვე დავამტკიცეთ.

სფფ-ის პრესსამსახური

რიგა, ლატვია


ასევე იხილეთ:
ნიკა სანდოხაძე: ჩვენი ნაკრების ყველას უნდა ეშინოდეს!

ლაშა დვალი: გამოცდილება და თავდაჯერებულობა ევროპაზე ძალიან დამეხმარება

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა "სკონტო 2" გაანადგურა
19-წლამდელების მეტოქე: ფრანგების დამრიგებელი ფავორიტად თურქეთს თვლის

U19-ის ევროპული დღიური - ნაკრები 12 ივლისს შეივსება
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული