გია ცეცაძემ ფეხბურთელები ლიტვაში პირველად 17 ივლისს, დილით ავარჯიშა. რიგის "დაუგავასთან" შეხვედრაზე მხოლოდ სტატისტიკური მონაცემები გაგაცანით. მერე უკვე ფედერაციის ვებგვერდმა მატჩის ფრაგმენტებიც გაავრცელა და შეუძლებელია გვერდი ავუაროთ გოლს, რომელიც ლუკა ზარანდიამ გაიტანა.
ქუთაისის "ტორპედოს" თავდამსხმელი, რომელიც ნაკრებში ყველაზე უმცროსია, მეტოქის 5 მცველს გასცდა, ზედ მეკარე მიაყოლა და ულამაზესი გოლი გაიტანა.
იხილეთ ვიდეო
კომენტარი მთავარი მწვრთნელის ასისტენტს, ზაზა ბაკურაძეს ჩამოვართვით:
"სამუშაო კიდევ ბევრია, სრულყოფილებამდე შორს ვართ, მაგრამ
ისიც მაიმედებს, რომ ბელგიაში შეხვედრების შემდეგ ბიჭები თავდაჯერებულები გახდნენ და ჩემი აზრით, გრანდების შიში დაძლიეს. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს".
ფედერაციის პრესსამსახურის თანამშრომლის, ეკა ელოშვილის თქმით, 18 ივლისიდან გუნდი იწყებს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მსაჯებთან და დელეგატებთან, რომლებიც დეტალურად აუხსნიან თამაშის წესების ახალ ფორმულირებას და ფეხბურთელებს წინასწარ გააფრთხილებენ, რა საქციელზე შეიძლება დაიმსახურონ სასჯელი.
19 ივლისს სასტუმროში ჩვენი გუნდის მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე პრესკონფერენციას გამართავს, რომლის შემდეგაც მოთამაშეთა ფოტოსესიაა დაგეგმილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"