რა მდგომარეობაშია ჩვენი გუნდი, ამაზე "ლელოს" ფიზმომზადების მწვრთნელმა თემურ ლორთქიფანიძემ ილაპარაკა.
აქვე ვიტყვით, რომ ბატონი თემური 19-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბში ყველაზე გამოცდილი სპეციალისტია და წლების წინ საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მწვრთნელად და მწვრთნელის ასისტენტად უმუშავია. სხვათა შორის, სწორედ თავის დროზე მასთან ვარჯიშობდა გუნდის ამჟამინდელი მთავარი მწვრთნელი გია ცეცაძე.
- როგორც ვიცი, თქვენ გიორგი ქინქლაძის ერთ-ერთი აღმზრდელი მწვრთნელი ხართ. ტალანტები ამ ნაკრებშიც არიან თუ უფრო შრომისმოყვარეობა გამოარჩევთ?
- მე ის მახარებს, რომ ნიჭიერებიც არიან
- ნაკრებებში საბჭოთა პერიოდშიც გიმუშავიათ და გულწრფელად თქვით - ეს ბიჭები ევროფინალისთვის ფიზიკურად მზად არიან?
- დიახ, ამაში დარწმუნებული ვარ. მაგრამ ფეხბურთში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იღბალს, სწორი გზის არჩევას და ა.შ.
ჩემი სამწვრთნელო კარიერიდან ვასკვნი, რომ ფეხბურთში ყველაზე ძნელი სწორედ პირველი ნაბიჯის სწორად გადადგმაა - რომელ გუნდში და რომელ მწვრთნელთან მოხვდები, სჭირდები თუ არა იმ მწვრთნელს და ა.შ.
ამ ბიჭებში კი დიდ პოტენციალს ვხედავ. თუ ასეთივე მონდომებით გააგრძელეს მუშაობა და კლუბებშიც ხელს შეუწყობენ, კარიერულ წარმატებას აუცილებლად მიაღწევენ.
- "დაუგავასთან" მატჩიდან გამომდინარე, რას იტყვით გუნდის მზადებაზე?
- საგოლე მომენტების რეალიზაციის დაბალი მაჩვენებელი გვქონდა, მაგრამ იმედია, ბიჭები ოფიციალურ შეხვედრებში მეტ მობილიზაციას შეძლებენ და დაკვირვებით ითამაშებენ. ამ ეტაპზე მაინც კმაყოფილები ვართ.
როდესაც ლატვიაში ჩავედით, ბიჭებს სათამაშო ტესტი ჩავუტარეთ და რაღაც ხარვეზები იყო. თუმცა კარგი კვება, დასვენება და ვარჯიშები გვქონდა, ტრენაჟორებზე ვარჯიშით ძალიან მნიშვნელოვანი სამუშაო გავწიეთ, ნელ-ნელა ხარვეზები აღმოიფხვრა და მიმაჩნია, რომ ახლა ბიჭები სათამაშოდ მზად არიან.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"