გიორგი ნემსაძე მწვრთნელობას იწყებს: ნიჭიერი და ხალასი თაობა მოდის...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და საქართველოს ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე, დიდი ალბათობით, ყველაზე უმცროსი ასაკის ნაკრებს ჩაიბარებს.

2011 წლის მარტში ნემსაძე თბილისის "დინამოს" სპორტულ დირექტორად დაინიშნა, მაგრამ წელიწადნახევარში კლუბი დატოვა და სამწვრთნელო საქმიანობას შეუდგა.

"ახლახან გადაწყდა, რომ საქართველოს კიდევ ერთი, 2001 წელს დაბადებულთა ნაკრები ჩამოყალიბდება და ჩემი დანიშვნის აზრიც მაშინ გაჩნდა.

ამ საკითხს აღმასკომი მალე განიხილავს და თუ დაამტკიცებენ, მუშაობას იანვრიდან დავიწყებ.

საერთოდ, 2001 დაბადებულების ძალიან კარგი თაობა მოდის, უნიჭიერესი ბავშვები არიან და გამიხარდება, თუ მათთან მუშაობის საშუალება მექნება.

გეგმის
მიხედვით, ეს ბავშვები 4 წელი უნდა ვზარდოთ და 17-წლამდელთა ნაკრებამდე შეთამაშებულ გუნდად ჩამოვაყალიბოთ",
- ამბობს ნემსაძე.

მან კარიერა "დინამოში" დაიწყო და ამ კლუბშივე დაასრულა. უთამაშია იტალიის, გერმანიის, შვეიცარიის, შოტლანდიისა და თურქეთის გუნდებში. ნემსაძე წლების განმავლობაში კაპიტნობდა საქართველოს ნაკრებს, რომლის შემადგენლობაშიც 69 შეხვედრა აქვს ჩატარებული.

ნემსაძე არ მალავს, რომ მწვრთნელობის სურვილი ჯერ კიდევ უცხოეთში თამაშის დროს გაუჩნდა:

"ახლახან დავასრულე A კატეგორიის სამწვრთნელო ლიცენზირების კურსები და მალე გამოცდებს ჩავაბარებ.

მწვრთნელობის სურვილი ჯერ კიდევ შვეიცარიაში, "ციურიხში" თამაშის დროს გამიჩნდა. უფრო სერიოზულად ამაზე შოტლანდიური "დანდის" კაპიტნობისას დავფიქრდი. ვარჯიშების ჩანაწერებს ვაკეთებდი და მწვრთნელებს ჩემთვის საინტერესო საკითხებზე ველაპარაკებოდი - ვარჯიშების დაგეგმვაზე, მიმართულებებზე, აქცენტებზე და ასე შემდეგ.

მაგრამ მწვრთნელობის განსაკუთრებით დიდი სურვილი "დინამოს" სპორტული დირექტორობისას გამიჩნდა - გული ისევ მოედნისკენ მიმიწევდა. მერე უკვე სწავლასაც სერიოზულად მოვკიდე ხელი და გარკვეული პრაქტიკაც მივიღე ბავშვებთან.

გოჩა ტყებუჩავასთან 1998 წელს დაბადებულთა ნაკრებში ასისტენტად ვიმუშავე და მივხვდი, რომ ჩემი მოწოდება სწორედ მწვრთნელობა იყო. ძალიან ნიჭიერი და ხალასი თაობა მოდის, გონებაგახსნილი ბავშვები არიან. იმედია, მათ სწორ გზაზე დავაყენებთ".

ზაფხულში ნემსაძეს ბოლნისის "სიონის" მთავარ მწვრთნელად იწვევდნენ, მაგრამ უარი თქვა:

"ლადო ბურდული მიწვევდა. ნდობამ გამახარა და მეც მსურდა, გვერდში დავდგომოდი, უმაღლეს ლიგაში მუშაობაც საინტერესო გამოწვევა იყო, მაგრამ ყველაფერი რომ ავწონ-დავწონე, თავი შევიკავე".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
მე, რიგით გულშემატკივარს ეს ინფორმაცია, ძალიან გამიხარდა და იმედიც მომეცა, რომ ქართულ ფეხბურთში, განსაკუთრებით ბავშვთა ფეხბურთში მოვა ახალი თაობა, ევროპული გამოცდილებით, კომპეტენტურები,სუფთა ხელებით და ნამდვილად თავის საქმეზე შეყვარებული დიდი ამბიციების მწვრთნელები. იქნებიან მისაბაძი სპეციალისტები. ნელ-ნელა შიეცვლება გაჭირებულ დროს ამ სფეროშო მოსული შემთხვევითი ხალხი. რა თქმა უნდა ეს ყველას არ ეხება. ბევრმა შემთხვევით მოსულმა დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ მოსულმა ფეხბურთში. რაც მთავარია ფეხბურთში უნდა განვითარდეს ლეგალური ბიზნესი და თითქმის ბოლომდე აღმოიფხვრას კორუფცია, რამაც ასე დააძაბუნა და დააჩაჩანაკა ქართული ფეხბურთი. გიორგის გულით ვუსურვებ დიდ წარმატებებს არჩეულ გზაზე, ფეხბედნიერი ყოფილიყოს მისი მოსვლა და ბევრი მასავით წესიერი, პატიოსანი, ფეხბურთის და შრომისმოყვარე გვეხილოს, ახალი ევროპა მოვლილი ფეხბურთელებიდან.
gizog
16:41 17-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული