აკაკი შულაია: ფეხბურთელს შიში არ უხდება

AutoSharing Option
თბილისის "დინამოსა" და "მერანის" შეხვედრაში დაკვირვებული გულშემატკივარი მარტვილელთა 11 ნომერს აუცილებლად გამოარჩევდა.

აკაკი შულაია მოედანზე 25-ე წუთზე ტრავმირებული ლაშა კუჭუხიძის ნაცვლად გამოჩნდა. ის "მერანის" დამრიგებელმა მალხაზ ჟვანიამ ჯერ მარცხენა ფლანგზე დააყენა და ყურადღება სისწრაფით, ტექნიკითა და შეუპოვრობით მიიქცია, მეორე ტაიმში კი უკვე თავდასხმაში გადაისროლა, რადგან აქცენტი სწრაფ კონტრშეტევებზე გააკეთა და ამ ბიჭმა წინა ხაზშიც გაამართლა: 62-ე წუთზე შოთა კერძევაძის ჩინებული პასითა და დინამოელთა უყურადღებობით ისარგებლა და გიორგი ლორიას გაუტანა.

აქტიურობით მერეც გამოირჩეოდა და უნდა ითქვას, რომ "დინამოს" მცველებს ძალიან აწუხებდა.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

ვფიქრობთ, საქართველოს ჩემპიონატში საინტერესო და პერსპექტიული ფეხბურთელი გამოჩნდა - აკაკი შულაია 17 წლისაა.

აი, რას ამბობს მასზე "მერანის" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი, ეროვნული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გივი დიდავა:
"შულაიას იმიტომ გამოარჩევ, რომ გუნდში ერთ-ერთი ყველაზე მზარდი ფეხბურთელია და ძირითად შემადგენლობაში ადგილი 16 წლის ასაკში დაიმკვიდრა.

მიმაჩნია, რომ ის არა მარტო "მერანის", არამედ ჩემპიონატის ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელად ყალიბდება. ეფექტურიც არის, ტექნიკურიც და დიდი ფეხბურთელისთვის დამახასიათებელი მონაცემებიც გააჩნია".


გივი კვარაცხელია, თბილისის "დინამოს" მცველი:
"შულაია? "მერანის" 11 ნომერი? საკმაოდ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა და ამის მიუხედავად, მესიამოვნა, ნიჭიერი ბიჭი რომ აღმოვაჩინე.

ძალიან მომეწონა, მართლაც ნიჭიერია და სწრაფი, ასაკის მიუხედავად, ძალაც აქვს, ბოლომდე იბრძვის, მშვენივრად იხსნება და, რაც მთავარია, გოლის გატანა იცის.

თუ ბევრი იშრომა, დიდი მომავალი აქვს. თამაშის შემდეგ ვუთხარი კიდეც - ღმერთმა ქნას, დიდი ფეხბურთი ითამაშო, სამაგისოდ ყველაფერი გაქვს-მეთქი".


და აი, 1-ელ ოქტომბერს ალექსანდრე ჩივაძემ აკაკი შულაია საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში გამოიძახა. იქამდე კი "ლელომ" აკაკის ინტერვიუ ჩამოართვა:

- ბევრი გვინახავს, "დინამო არენაზე" პირველად გასული ფეხბურთელი დათრგუნულა. თქვენ მსგავსი არაფერი გეტყობოდათ და თამამად თამაშობდით...
- "დინამოს", თანაც საქართველოს მთავარ სტადიონზე რომ ეთამაშები, შიში რა მოსატანია, ამ დროს თავის გამოჩენაზე უნდა იფიქრო. გასაგებია, რომ სერიოზული გუნდია და ბევრი ცნობილი მოთამაშე ჰყავს, პიროვნულად ყველას პატივს ვცემ, მაგრამ მოედანზე შიშით გასვლა სირცხვილია.

- პატარა სიხარული არ არის, "დინამო არენაზე" პირველივე მატჩში რომ გაიტანეთ...
- ეს თავისთავად სასიხარული იყო. თანაც, ლორიასა და "დინამოს" რომ გაუტან, ეს გრძნობა ორმაგდება.

- გიორგი დევდარიანის 17-წლამდელთა ნაკრებში თამაშობდით...
- დიახ, დევდარიანი სულ მიწვევდა, მათ შორის, საერთაშორისო ტურნირებზეც, შესარჩევშიც და ელიტრაუნდზეც. სულ ნაკრებში 8 შეხვედრა ჩავატარე.

- ნაკრებშიც მარჯვენა მცველად გათამაშებდნენ, მაგრამ ჩემპიონატში წინა ხაზზეც გაყენებენ. საერთოდ, რა პოზიციის მოთამაშე ხართ?
- ერთ-ერთ საერთაშორისო ვებგვერდზეც მცველებში დამწერეს, ალბათ - ნაკრების მატჩებიდან გამომდინარე. დევდარიანს ფლანგზე სწრაფი მცველი სჭირდებოდა და პოზიცია ამიტომ შემიცვალა, მაგრამ სულ შეტევაში ჩართვას მავალებდა და იქაც, ფაქტობრივად, შემტევი ვიყავი. არადა, ბავშვობიდან თავდასხმაში მაყენებდნენ. "მერანშიც" ხან ფლანგიდან ვუტევ, ხან - ცენტრფორვარდის პოზიციიდან.

- მარტვილელი ხართ?
- არა, ხობელი ვარ, "კოლხეთის" საფეხბურთო სკოლაში ვვარჯიშობდი, 14 წლიდან კი "მერანში" მიმიწვიეს - ჯერ ჭაბუკთა ლიგაში გამოვდიოდი, შემდეგ დუბლებში, უმაღლეს ლიგაში კი წლეულს გადმომიყვანეს.

მიხარია, 16 წლისას უმაღლეს ლიგაში თამაშის საშუალება რომ მომეცა. საერთოდ, მიმაჩნია, რომ პერსპექტიულ გუნდში მოვხვდი. "მერანში" ბევრი ახალგაზრდა შევიკრიბეთ, მწვრთნელი მალხაზ ჟვანია გვენდობა, გვათამაშებს და ჩვენც ვცდილობთ, იმედები არ გავუცრუოთ.

გულწრფელად ვამბობ, ლიდერების მართლა არ გვეშინია და ვცდილობთ, ყველასთან საკუთარი ფეხბურთი ვითამაშოთ.

"დინამოსთან" ეს ძალიან ძნელი იყო, მაგრამ გარკვეულ ეპიზოდებში მაინც შევძელით. "დინამომ" გამოცდილებისა და კლასის ხარჯზე გვაჯობა. სამწუხარო ის არის, რომ მარტვილში არ გვათამაშებენ, არადა, საკუთარი გულშემატკივარი დიდი ძალაა.

- რომელიმე გუნდი თუ გიწვევდათ?
- პირადად არავინ დამლაპარაკებია, მაგრამ რაც ვიცი, წინადადებები იყო გორის "დილადან", "ზესტაფონიდან", თბილისური გუნდებიდან, "საბურთალოდან". თუ არ მეშლება, თბილისის "დინამოც" დაინტერესდა.

მაგრამ ჯერ "მერანში" ვარ და სეზონის მსვლელობისას ტრანსფერზე ბევრი ფიქრი არაფერს მარგებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული