ვალერი ყაზაიშვილი: მაყურებელი უნდა შემოვატრიალოთ!

AutoSharing Option
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ჰოლანდიასთან სამარცხვინოდ წააგო - 0:6. ამ ანგარიშით საკუთარ მოედანზე ფარერები, ანდორა და სან მარინოც აღარ მარცხდებიან.

რაც უნდა ძლიერი იყოს მოწინააღმდეგე, ჩვენი გუნდის ასეთ მარცხს ვერავინ შეეგუება.

ფეხბურთელები იმდენად დათრგუნულები არიან, ლაპარაკი არ სურთ. არნემის "ვიტესის" ნახევარმცველი ვალერი ყაზაიშვილი ამ თემაზე მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.

შეგახსენებთ, რომ წლეულს ყაზაიშვილმა ჰოლანდიური "ვიტესის" ძირითადში დაიმკვიდრა ადგილი. ერედივიზიონში ჩატარებული 9 ტურიდან 20 წლის შემტევ ნახევარმცველს ერთიც არ გამოუტოვებია, აქედან 8-ჯერ სასტარტო შემადგენლობაში იყო და აქტივში 2 გოლიც აქვს.

- ალექსანდრე
ჩივაძემ ახალგაზრდულ გუნდში ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებიც გამოიძახა და ჰოლანდიასთან ბრძოლას მაინც ველოდით...

- წაგებას არ ველოდით, მოგება გვსურდა და ამისთვის ვემზადებოდით, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდა. არც მინდა ამაზე ლაპარაკი, იმდენად ცუდი გასახსენებელია ის თამაში.

- ამის შემდეგ ფსიქოლოგიური სტრესიდან გამოსვლა და შოტლანდიასთან ბრძოლა ძნელი იქნება.
- სტრესიდან გამოსვლა როგორმე უნდა მოვახერხოთ, მოგებაზე ვიფიქროთ და ყველანაირად ვეცადოთ, მაყურებელი კვლავ ჩვენკენ შემოვატრიალოთ. ეს კი მხოლოდ შეცდომების გამოსწორებით იქნება შესაძლებელი. მეტი მობილიზება და დაკვირვება გვმართებს.

- მგონი, ასეთ მარცხს ყველაზე კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგენდით...
- ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი... გთხოვთ რა, ამაზე აღარ ვილაპარაკოთ, ძალიან უსიამოვნო თემაა.

- პირადად თქვენთვის საკლუბო კარიერა წარმატებულად აეწყო და "ვიტესის" ძირითად შემადგენლობაში დაიმკვიდრეთ ადგილი. არადა, შარშან დუბლებს ვერ გასცდით.
- ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, 20 წლის ასაკში ჰოლანდიის უმაღლესი დივიზიონის გუნდის ძირითად შემადგენლობაში რომ ვთამაშობ.

- თქვენი აზრით, რა გახდა ამის მიზეზი?
- მეორე წელია, რაც "ვიტესში" ვარ, გუნდსაც შევეჩვიე და ჰოლანდიელთა მოთხოვნებსაც. ეტყობა, ვარჯიშების დროსაც კარგად წარმოვაჩინე თავი. ცხადია, ამ ორ წელიწადში ბევრი რამ ვისწავლე, გამძლეობაშიც მოვუმატე და ფიზიკურადაც კარგად ვარ. ერთი სიტყვით, იქაურ მოთხოვნებს ფეხი ავუწყვე.

- ჰოლანდიური თუ ისწავლეთ?
- ჯერ ვერა, თუმცა თანაგუნდელებთან ურთიერთობა არ მიჭირს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U21. საქართველო VS შოტლანდია - ფსიქოლოგის ფაქტორი
გიორგი ჭანტურია: ამას არ ვიმსახურებდით, ყველაფერი ჩვენი შეცდომების ბრალია
მკითხველის კომენტარები / 1 /
ადამიანი დამარცხების მიზეზს თუ ვერ ხედავს როგორ გამოასწორებს?

მოწინააღმდეგე ბურთთან რიცხვობრივ უპირატესობას როდესაც ქმნის მიხვდით, რომ ფიზიკური კონდიციებით გჯობნით და ეცადეთ ეს უპირატესობა არ გამოაყენებინოთ!

ამისთვის უამრავი საშუალება არსებობს და დარწმუნებული ვარ ნაკრების მწვრთნელმა ეს კარგად უნდა იცოდეს.

დღეს იმედიანად ვარ და წარმატებას გისურვებთ!

გაიხარეთ და ჩვენც გაგვახარეთ!!!!
guja_kakhadze
10:39 14-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული