გიორგი ჭანტურია: ეტყობა, ეროვნულ ნაკრებში თამაშს ჯერ არ ვიმსახურებ

AutoSharing Option
გიორგი ჭანტურიას ჰოლანდიური ერედივიზიონის მე-3 ტურის შემდეგ არ უთამაშია. არნემის "ვიტესმა" შინ "ტვენტე" 1:0 რომ დაამარცხა და გიორგი 18-კაციან განაცხადშიც ვერ მოხვდა, მაშინ გაირკვა, რომ კიდევ 7 მატჩს ვერ ჩაატარებდა - ფიფამ რუსეთში მიღებული დისკვალიფიკაცია აუმოქმედა...

საბედნიეროდ, დისკვალიფიკაცია საერთაშორისო შეხვედრებს არ შეეხო და "ვიტესის" ქართველმა ლეგიონერმა საქართველოს ახალგაზრდულ გუნდში ჰოლანდიისა და შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშა. 21-წლამდელთა თავკაცი ალექსანდრე ჩივაძე ჭანტურიას ენდო და გუნდის კაპიტნადაც დანიშნა.

საინტერესო და საყურადღებოა ერთი ეპიზოდი: ემოციური და ფეთქებადი ჭანტურია აშკარად შეცვლილი ჩანს, რაზეც შოტლანდიასთან შეხვედრის მეორე
ტაიმში მომხდარი ფაქტი მეტყველებდა: როცა სტუმარ-მასპინძელს პატარა კონფლიქტი მოუვიდა, გიორგი მათ შორის გამშველებლად ჩადგა..
.
ჭანტურიას შოტლანდიასთან მოგებული მატჩის შემდეგ ვესაუბრეთ:

- ბოლო სანაკრებო შეხვედრებს როგორ შეაფასებდით?
- ჰოლანდიასთან თამაშზე რა უნდა ვთქვა?! შესაძლოა, ჩვენზე უკეთესი გუნდი იყო, მაგრამ ასეთ წაგებას არ ვიმსახურებდით. ძალიან უხეში შეცდომები დავუშვით და მიმაჩნია, რომ სამარცხვინო ანგარიშით მხოლოდ ამის გამო წავაგეთ. მაგრამ ამ შედეგისთვის მაყურებელს ბოდიში მოვუხადეთ მეც და ბიჭებმაც.

- შოტლანდიასთან ხასიათი გამოგვიკეთეთ...
- იმიტომ, რომ ჰოლანდიასთან წაგებას ძალიან განვიცდიდით და მოსაგებად ყველაფერი გავაკეთეთ. მგონია, რომ გულშემატკივრის წინაშე გარკვეულწილად რეაბილიტაცია მაინც მოვახერხეთ. მცირე ეპიზოდებს თუ არ ჩავთვლით, 90 წუთის განმავლობაში ჩვენი უპირატესობა აშკარა იყო.

- მაგრამ პირადად თქვენ პენალტი ვერ გამოიყენეთ. ზედმეტად თავდაჯერებული ხომ არ იყავით 11-მეტრიანის შესრულებისას?
- მეკარემ არ უნდა შენიშნოს, რომ საკუთარი თავის არ გჯერა. მაგრამ პირველი დარტყმა გავიტანე და ვერ გავიგე, მსაჯმა რატომ არ ჩათვალა. ეტყობა, რომელიღაც შოტლანდიელი ადრე შევარდა საჯარიმოში და ამის გამო გამამეორებინა დარტყმა... მთავარი მაინც ისაა, რომ მოვიგეთ.

- დისკვალიფიკაცია როდის გიმთავრდებათ?
- უკვე დამთავრდა და როცა ჰოლანდიაში ჩავალ, ვითამაშებ კიდეც.

- მართალია, თითქოს ჰოლანდიელები თქვენს დასჯას არ აპირებდნენ?
- ასე უნდა ყოფილიყო, მაგრამ რუსებმა მოითხოვეს - კოკორინმა თამაშები გამოტოვა და ჭანტურიაც დასაჯეთო.

- ამ პერიოდში ფორმას როგორ ინარჩუნებდით?
- უთამაშებლად ეს ძნელია, მაგრამ გუნდთან ერთად ვვარჯიშობდი. ჯანმრთელი ფეხბურთელისთვის ძალზე რთულია ასეთ სიტუაციასთან შეგუება. პატარა ტრავმა კი მაწუხებდა, მაგრამ არაფერია, უკვე მოვირჩინე.

- რუსეთის პრემიერლიგაში თამაშმა რამე შეგძინათ?
- ისეთ კარგ მწვრთნელთან ვთამაშობდი, შეუძლებელი იყო, ბევრი არ მესწავლა და იქ გატარებულ პერიოდში მიღებული გამოცდილება მომავალშიც გამომადგება.

- 2008 წლის აგვისტოს ომამდე დიდი ხნით ადრე, ვალერი გაზაევს ქართველი მოთამაშეების აყვანა არ სურდა. ახლა დამოკიდებულება შეცვალა, მაგრამ პირად ურთიერთობაში როგორ განწყობას ავლენდა?
- დამიჯერეთ, ძალიან კარგი ურთიერთობა გვქონდა. გაზაევი კარგი მწვრთნელიც არის და პიროვნებაც. საერთოდ, გუნდშიც არანაირ აგრესიას არ ვგრძნობდი. პირიქით, აშკარა პატივისცემასა და სითბოს ავლენდნენ.

- ცენტრფორვარდი არ ხართ, მაგრამ "ვიტესიდან" ბონის წასვლამ შემადგენლობაში ადგილი გამოათავისუფლა და ძირითადში დამკვიდრების მეტი შანსი გაქვთ...
- ჩემთვისაც არ აქვს მნიშვნელობა, ფლანგზე დამაყენებენ თუ ცენტრალურ თავდამსხმელად. თამაში დიდი სიამოვნებაა და მთავარია, გუნდის ინტერესი გაითვალისწინო.

- კლუბშიც და ნაკრებშიც თამაშის საკუთარ თავზე აღება გიყვართ. ამას მწვრთნელებიც გავალებენ?
- გააჩნია სიტუაციას და თამაშს. არის კონკრეტული ვითარება, როცა მწვრთნელი არ და ვერც გეტყვის, რომ თამაში საკუთარ თავზე აიღო, მაგრამ თავად უნდა მიხვდე, რომ ინიციატივის აღება აუცილებელია. ზოგჯერ მწვრთნელი ამას მავალებს კიდეც.

- ასეთი რამ არასოდეს მომხდარა - სამ ქართველს ჰოლანდიის ერედივიზიონის გუნდის ძირითადში ერთად მოხვედრის შანსი გაქვთ - თქვენ, კაშიას და ყაზაიშვილს...
- ეს ჩვენთვის ძალიან კარგია, რადგან "ვიტესის" მიზანი ჩემპიონთა ლიგაში მოხვედრაა - ჩვენი სურვილიც და მიზანიც სწორედ ამ დონის ტურნირში მონაწილეობაა.

- რამდენად რეალურია, რომ "ვიტესმა" წლეულს ჩემპიონობისთვის იბრძოლოს?
- ალბათ, ამას ახლა ვერ შევძლებთ, რადგან პსვ და "აიაქსი" ყველა კონკურენტს აშკარად სჯობიან. მაგრამ მაღალი ადგილისთვის აუცილებლად ვიბრძოლებთ.

- ჰოლანდიაში რომ ქართველი თამაშობს, შეუძლებელია, ეროვნულ ნაკრებში მოხვედრის პრეტენზია არ ჰქონდეს...
- ეტყობა, ჯერ საამისოდ მზად არ ვარ. მაგრამ იმედია, ნაკრების მწვრთნელთა ყურადღებას მალე დავიმსახურებ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:

U21. საქართველო-შოტლანდია 2:1 - ჩივაძემ მიზანში მოარტყა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
ეს გამოსწორებულა. ძალიან ჭკვიანი ინტერვიუ აქვს, როცა დავიმსახურებ მაშინ ვითამაშებო.
ჰოლანდიასთან წაგება უხეში შეცდომების ბრალი იყოო. და კიდევ არასწორი ტაქტიკის და დაბალი სისწრაფის.
koka
15:35 20-10-2013
0
მე მივესალმები ამ ბიჭის ნაკრებში თამაშს პაქტია ტალანტია.....
giorgi
17:28 20-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული