პორტრეტი: ჩივაძის ფეხბურთელი გიორგი ქვილითაია

AutoSharing Option
ფეხბურთელს ბოლომდე რომ ენდობი, ეს წმინდა საქმეა - მოთამაშე მწვრთნელის ნდობას რომ გრძნობს, ტვირთი ეხსნება და თამაში უადვილდება.

თუ როგორი მწვრთნელია ალექსანდრე ჩივაძე, ამაზე კამათი შეიძლება, ოღონდაც ვერავინ უარყოფს, რომ ჩივაძემ კარგად იცის ფეხბურთელის ფასი - ისეთი ფეხბურთელი უყვარს, ვინც მართლა ფეხბურთს თამაშობს, "პიტბულის" ფორმაციის მოთამაშე მის გემოვნებაში არ ჯდება...

ჟურნალისტობასთან ერთად, სხვადასხვა კლუბში მომიწია სელექციონერობამ და საქართველოს ქვედა ლიგების მატჩებს ხშირად ვესწრებოდი. გიორგი ქვილითაიას თამაში პირველად მაშინ ვნახე, "სასკოს" ფეხბურთელი რომ იყო. მას რამდენიმე პოზიციაზე შეეძლო თამაში და ყურადღებას
ამითიც იქცევდა.

"როცა "სასკოში" ვიყავი, მითამაშია შეტევის მარცხენა ფლანგზეც და შუა ხაზშიც, თავდამსხმელის უკან. როცა გუნდს დასჭირდებოდა, პოზიციის შეცვლა მიწევდა", - ამბობს ქვილითაია, ვინც უკვე ჩამოყალიბებული, ნომინალური ცენტრფორვარდია.

წინა სეზონში ქვილითაიამ გოლების გატანას ისე მოუხშირა, უმაღლესი ლიგის წამყვანი გუნდების ყურადღება დაიმსახურა. იმავე სეზონში, პირველი ლიგის შეხვედრაში, "სასკო" დიღმის ბაზაზე ესტუმრა "დინამო 2"-ს და 4:2 დაამარცხა. დინამოელებს სამი გოლი სწორედ ქვილითაიამ გაუტანა. იმ თამაშის მერე მისი, როგორც ფეხბურთელის, ფასი გაიზარდა.

"იყო დაინტერესება "დინამოდან", "ზესტაფონიდან", გორის "დილადან", რუსთავის "მეტალურგიდან", ქუთაისის "ტორპედოდან"...

მაგრამ უნგრეთში, "დიორი ეტოში" წავედი, ევროპულ კლუბი ვარჩიე. კონტრაქტი ექვსი თვე პლუს ხუთი წლის სისტემით გავაფორმე. ექვსი თვის მერე კონტრაქტში რაღაც-რაღაცები უნდა შეცვლილიყო, თუმცა ასე არ მოხდა და უნგრეთიდან წამოვედი",
- გვითხრა ქვილითაიამ.

ზაფხულში საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ავსტრიაში ჰქონდა შეხვედრა და ჩივაძემაც პირველად მაშინ გამოიძახა ქვილითაია. 21-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი ამ თავდამსხმელით კმაყოფილი დარჩა - თავისი გემოვნების ფეხბურთელი დაინახა.

"დიორიდან" წამოსვლის შემდეგ ქვილითაიას უქმობა მოუწია, რამდენიმე ხანი უგუნდოდ იყო.

"უნგრეთიდან რომ ჩამოვედი, ტრავმა მქონდა და ვერც ერთ გუნდში ვერ მივედი. მერე გორის "დილაში" მიმიწვიეს ლევან სილაგაძემ და გიორგი დევდარიანმა, ვინც ჯერ კიდევ 19-წლამდელთა ნაკრებიდან მიცნობდა", - ამბობს ქვილითაია.

გიორგიმ საფეხბურთო გზა "ნორჩი დინამოელიდან" დაიწყო. მაშინ ამ გუნდს თენგიზ კაცია წვრთნიდა. შემდეგ გუნდმა სახელი შეიცვალა და ასე შეიქმნა "სასკო", რომელსაც ისევ კაცია ჩაუდგა სათავეში.

"ჩემს მწვრთნელებს, კაციას და შალვა კვარაცხელიას, მადლობას ვუხდი ყველაფრისთვის", - ესეც გვითხრა ქვილითაიამ.

ჩვენმა ახალგაზრდულმა ნაკრებმა 10 ოქტომბერს ჰოლანდიასთან 0:6 რომ წააგო, მომდევნო შეხვედრა ოთხი დღის შემდეგ ჰქონდა შოტლანდიასთან. ჰოლანდიასთან ჩივაძემ ცენტრფორვარდად დავით სხირტლაძე ათამაშა, შოტლანდიასთან კი გარისკა და სხირტლაძის ნაცვლად ქვილითაიას ენდო.

"რისკის ფაქტორი მართლაც არსებობდა. შოტლანდიასთან თამაშის წინ ჩივაძე დამელაპარაკა. ვუთხარი, რომ მზად ვიყავი სათამაშოდ, ჯანს არ ვუჩივი-მეთქი. მწვრთნელიც მენდო და მისი მადლობელი ვარ".

შოტლანდიასთან მატჩის შემდეგ, პრესკონფერენციაზე, ჩივაძემ თქვა - ქვილითაია მეტს იმსახურებსო. ამ თავდამსხმელს "დილაში" ჯერჯერობით მეტწილად შეცვლებზე უწევს თამაში და ჩივაძე ალბათ ამას გულისხმობდა.

"ორი თვე გამიცდა, შესაბამისად, ვერ გავიარე წინასასეზონო მოსამზადებელი შეკრება. 25 დღეა, რაც თამაში დავიწყე", - განმარტავს ქვილითაია.

გიორგის ისიც ვკითხეთ, თუ რა კონკრეტული დავალება მისცა მწვრთნელმა შოტლანდიასთან მატჩისთვის:

"ბურთი უნდა შემენარჩუნებინა, ნახევარმცველებსა და მცველებს უნდა დავხმარებოდი წინ ამოსვლაში".

ქვილითაია შოტლანდიასთან გატანილ ორივე საგოლე კომბინაციაში მონაწილეობდა.

"ვარჯიშებზე ვამუშავებდით მსგავს კომბინაციებს. იმას როდი ვამბობ, რომ ზუსტად ასეთი კომბინაციები გვქონდა დაგეგმილი, თუმცა ჰოლანდიასთან მატჩის შემდეგ ჩივაძე შორეულ დარტყმებზე მიგვითითებდა და შოტლანდიასაც ორივე გოლი შორიდან გავუტანეთ".

ქვილითაია რბილი მანერით მოთამაშე თავდამსხმელია და თავით თამაშიც კარგად ეხერხება.

"ვფიქრობ, თავით თამაში ნორმალურად გამომდის, თუმცა მირჩევნია, ბურთი მივიღო და მერე გადავაწოდო თავისუფალ ზონაში თანაგუნდელს, ვიდრე მხოლოდ იმაზე ვიფიქრო, რომ როგორმე მოვიგო პირველი ბურთი და მცველების ზურგს უკან გავგზავნო. უფრო ბურთის შენარჩუნებაზე ვზრუნავ".

ბოლოს ქვილითაიამ ისიც გვითხრა - 20 წლის ვარ, რაღაც-რაღაცები ჯერ კიდევ მოსამატებელი მაქვს და იმედია, ასეც მოხდებაო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
U21. საქართველო-შოტლანდია 2:1 - ჩივაძემ მიზანში მოარტყა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 3 /
კარგი ბიჭი ჩანს, მაგრამ არ არის საჭირო წინასწარ ქება დიდება.
ქართველს თუ გინდა უმტრო, უნდა აქო და ადიდო.
ramo
16:36 16-10-2013
0
ქვილითაია კარგი შემტევია, კარგ პირობებში ბევრად უკეთ შეუძლია თამაში.მაღალ დონეზე შეუძლია თამაში,ტექნიკურია.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული