ჯაბა ჯიღაური: ამ ასაკში კი ვართ ნიჭიერები, მაგრამ მერე რა გვემართება არ ვიცი

AutoSharing Option
საჩხერის "ჩიხურას" ნახევარმცველი ჯაბა ჯიღაური ბოლო წლების ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად ითვლებოდა.

"დინამოში" კარიერა ზღაპრულად დაიწყო: 2010/11 წლების სეზონის ბოლო მატჩში კახა კაჭარავამ ქუთაისის "ტორპედოსთან" ძირითადში დააყენა და ახალგაზრდა ნახევარმცველმა დებიუტი ულამაზესი გოლი აღნიშნა...

ალექს გარსიას დროს ჯიღაური ძირითად შემადგენლობაში უკვე ხშირად ხვდებოდა. ტექნიკური დინამოელი მოლდოვურ "მილსამთან" ევროპალიგის სადებიუტო შეხვედრაში საფეხბურთო სითამამითაც დაგვამახსოვრდა...

მაგრამ შეიცვალა დრო და დამოკიდებულება: დუშან უჰრინს მასში რაღაც არ მოეწონა და 2013 წლის ზამთარში იჯარით "ჩიხურაში" გაუშვა, სადაც დღემდე თამაშობს. ჯაბა არ მალავს, რომ "დინამოში" დაბრუნებაზე
ოცნებობს. მას საკლუბო თემაზეც ველაპარაკეთ და სანაკრებოზეც.

ალექსანდრე ჩივაძემ ის ჰოლანდიასთანაც ათამაშა და შოტლანდიასთანაც, თან სქოთებს გოლიც გაუტანა და ჩვენების გამარჯვებაში (2:1) დიდი წილიც დაიდო...

- შოტლანდიასთან შეხვედრის შემდეგ ბევრი სინანულით აღნიშნავდა - ჩვენი ფეხბურთელები ამ ასაკში ნიჭიერები არიან, მაგრამ გავა წლები და ისინი უკეთესად და მაღალ დონეზე ვეღარ ითამაშებენო...
- ჩვენი ფეხბურთელები, შოტლანდიელებთან შედარებით, მართლაც ბევრად უკეთ გამოიყურებოდნენ. იმავეს ვიტყვი მთლიანად ნაკრებზეც. ჭანტურიას რომ პენალტი გამოეყენებინა, დარწმუნებული ვარ, დიდი ანგარიშით მოვუგებდით. თამაშის გადარჩენის შანსი ისევ ჩვენი მოდუნების გამო გაუჩნდათ...

ისე, მართალია - ჩვენთან რომ ბიჭები არიან, მათი მსგავსი შოტლანდიაში ნამდვილად არ ჩანდა, აი, ამის მერე რა ხდება და რა გვემართება, ნამდვილად არ ვიცი. თუმცა არც შოტლანდიელთა დაკნინება მინდა - მე მგონი, ბრიტანელების სისუსტე ჩვენი კარგი თამაშის დამსახურება იყო.

საკუთარი თამაში "დავიჭირეთ" და ფეხი ამიტომაც ვერ გაანძრიეს. არადა, "სელტიკის", "აბერდინის" და ბევრი ცნობილი კლუბის მოთამაშეები ჰყავდათ.

- თქვენი აზრით, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ბევრი მოთამაშე შეძლებდა "სელტიკისა" და "აბერდინის" დონის კლუბებში თამაშს?
- ჩვენ ბევრი რამ გვიშლის ხელს. ერთი ის, რომ არ გვიცნობენ, მეორე - ევროკავშირელები არ ვართ...

ბევრი პრობლემაა, თორემ რამდენი ნიჭიერი მოთამაშე გვყავს, ეს გამოჩნდა. კი ბატონო, ჰოლანდიასთან წავაგეთ, მაგრამ შოტლანდიაც არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი.

ჩემი აზრით, პრობლემები რომ არ გვექმნებოდეს, ჩვენი ნაკრების ძალიან ბევრი წევრი შოტლანდიის პრემიერლიგაში დამკვიდრებას მოახერხებდა.

ჩვენი უპირატესობა ხომ აშკარა იყო. აბა, მათ პირობებში მოაქციეთ ჩვენი მოთამაშეები და დარწმუნდებით, რომ არანაკლებ სწრაფად ითამაშებდნენ.

- ჯგუფიდან ახალგაზრდული ნაკრების გასვლა რეალური გგონიათ?
- პირველ ადგილზე ლაპარაკი უკვე ძნელია. ჰოლანდიასთან წაგება დიდი დარტყმა კი იყო, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრი თამაშია დარჩენილი და არავინ იცის, რა მოხდება.

ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მეორეადგილოსნებიც ხვდებიან და იქნებ, ეს მაინც მოვახერხოთ. საამისოდ, შემდეგ შეხვედრაში შოტლანდია გასვლაზეც უნდა დავამარცხოთ.

- რამდენად გაძლევთ საჩხერის "ჩიხურაში" მომზადების დონე იმის საშუალებას, რომ ახალგაზრდულ ნაკრებში კარგ ფორმაში მყოფი გამოცხადდეთ?
- არსებულ პირობებს შეძლებისდაგვარად ვიყენებ და ვცდილობ, კარგად ვივარჯიშო, მოვემზადო, რეჟიმი დავიცვა და ისე ვიცხოვრო, როგორც ნამდვილ სპორტსმენს შეეფერება. თუ რა გამომდის და რა - ვერა, ეს მწვრთნელებმა შეაფასონ.

- "ჩიხურას" ევროთამაშებიდან და ახალგაზრდული ნაკრების შეხვედრებიდან დარჩა შთაბეჭდილება, რომ საჩხერეში გადასვლამ თქვენზე ფსიქოლოგიურად კარგად არ იმოქმედა. თბილისის "დინამოში" უფრო თავდაჯერებული ჩანდით, საკუთარ თავზე თამაშს უფრო ხშირადაც იღებდით...
- შეიძლება... ამაზე ლაპარაკი მაინც გამიჭირდება. ალბათ, გარედან უფრო კარგად ჩანს. საერთოდ, სადავო არაა - თბილისის "დინამოში" თამაში ნებისმიერ ფეხბურთელზე კარგად მოქმედებს, მით უფრო - ახალგაზრდაზე, უფრო თავდაჯერებულიც ხდები.

"დინამოში" ყველა სხვა გუნდზე უკეთესი პირობებია. მაგრამ სიმართლე გითხრათ, თავად ვერ ვგრძნობ, რომ უფრო შებოჭილი გავხდი.

- "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ თქვა, რომ "სტიაუას" მაგალითი მოსწონს, რომელიც საკუთარ აღზრდილ ახალგაზრდებს ეყრდნობა. თქვენც "დინამოს" აკადემიის აღზრდილი ხართ, დღემდე ამ კლუბს ეკუთვნით და გუნდში დაბრუნება რეალური ხომ არ არის?
- რა თქმა უნდა, მინდა, თავი გამოვიჩინო და "დინამოში" დავბრუნდე. ეს ჩემთვის გამორჩეული კლუბია, მას ვეკუთვნი და მისი ფორმით ფეხბურთელიც უფრო კარგად ჩანს. ჯერ ჩემთვის ასეთი რამ არ უთქვამთ, მაგრამ იმედი მაინც მაქვს, რომ ასეც მოხდება.

ჯიღაურს დინამოში დაბრუნების იმედი აქვს (იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ჟორა,ამათ უმეტესობას ასაკი გადაკეთებული აქვთ და ამიტომაც ჯობიან ბავშვებს,მერე რომ კცდებიან იმიტომ ხდებიან უსუსურები
Vova
11:23 20-10-2013
0
მართლა ვერ გავიგე რეებს ლაპარაკობს ეს ბიჩი. ურტიერთგამომრიცხავ რაგაცეებს ყვება, ამათ განათლება სცჰირდებატ თუნდაც ის საპეხბურთო განათლება რომელსაც ქვია რომ რაგაცას მიაგციონ , უგუნურ რაგაცეებს ლაპარაკობს და რა ფეხბურთი უნდა ითამაშონ ამათმა
zuka
01:22 20-10-2013
0

სიახლეები პოპულარული