ვასილ მაისურაძე: უნდა ვაღიაროთ, რომ საქმე რთულადაა

AutoSharing Option
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის 2014 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩებისთვის ემზადება. 13-დან 18 ნოემბრამდე თბილისი კვლავ უმასპინძლებს მინი-საკვალიფიკაციო ტურნირს, რომელშიც ჩვენი მეტოქეები ჰოლანდია, მოლდოვა და უელსი იქნებიან.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვასილ მაისურაძემ რჩეულები ოქტომბერში შეკრიბა და სერბეთთან გორში ორი ამხანაგური მატჩი (1:1, 4:4) ათამაშა.

მაისურაძეს სწორედ მოსამზადებელი ეტაპის მიმდინარეობაზე ვესაუბრეთ.

- შეკრებაზე როდიდან გადადიხართ?
- 4 ნოემბერს სასტუმრო "ბომონდ გარდენში" შევიკრიბებით და დასკვნით მოსამზადებელ ეტაპს დავიწყებთ. შეკრება ხანმოკლეა, სულ 9-დღიანი და იმედია, კლუბები ფეხბურთელებს უპრობლემოდ გამოუშვებენ.

- შესარჩევ ეტაპამდე საკონტროლო
შეხვედრას არ გეგმავთ?

- სამწუხაროდ, ვერ ვითამაშებთ.

- რატომ?
- ჩვენი ფეხბურთელების დიდი ნაწილი პირველ ლიგაში თამაშობს, სადაც 3 და 5 ნოემბერს ტურის მატჩებია დაგეგმილი. 13 ნოემბერს კი პირველი მატჩი გვაქვს და არ გვინდა, ფეხბურთელები ზედმეტად დავტვირთოთ.

- ეს გუნდი იმ ასაკის მოთამაშეებისგან დაკომპლექტდა, რომლებმაც 2012 წელს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე თქვენი ხელმძღვანელობით ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს...
- ბირთვი იგივეა, 1995 წელს დაბადებული ჭაბუკები გვყავს. ამას გარდა, ერთი წლით უმცროსი რამდენიმე ნიჭიერი მოთამაშეც დავიმატეთ. აქვე ვიტყვი, რომ განაცხადში ადგილი გარანტირებული არავის აქვს.

- საბოლოო განაცხადს როდის გამოაქვეყნებთ?
- უახლოეს პერიოდში.

- ბოლო შეკრებაზე გამოძახებულთა შორის ევროპის ჩემპიონატზე ნათამაშები ბევრი ფეხბურთელი აღარ იყო. რა იყო ამის მიზეზი?
- სამწუხაროდ, ზოგიერთმა ფეხბურთელმა მას მერე ვერ მოუმატა ისე, როგორც გვსურდა და როგორც 19-წლამდელთა დონეს შეეფერება. საერთოდ, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ მხრივ ჩვენს ფეხბურთში საქმე რთულადაა.

- რატომ? წარმატება თავში აუვარდათ, შრომა ეზარებათ თუ რამე სხვა მიზეზია?
- უმრავლესობას შრომა არ ეზარება, მაგრამ მიზეზი სხვა რამ არის და წესით, ეს ყველამ კარგად უნდა იცოდეს - ჩვენი ჩემპიონატის დონე. ფეხბურთელი სწორედ საკუთარ ჩემპიონატში უნდა გაიზარდოს, მაგრამ მითხარით - როგორ, რა პირობებში?

ჩვენი მეტოქე ჰოლანდიელები "ფეიენოორდში", "აიაქსსა" და "პსვ ეინდჰოვენში" თამაშობენ, აქეთ მხარეს კი საქართველოს პირველი ლიგის კლუბების მოთამაშეები არიან. ისინი ცდილობენ, მოუმატონ, განვითარდნენ, მაგრამ ეს ძალიან ძნელია. პირველ ლიგაში თამაში ნამდვილად არ არის სათაკილო, მაგრამ ჩვენს ბავშვებს არ აქვთ ის პირობები, როგორიც - ჰოლანდიელებს და იმ გუნდის მოთამაშეებს, რომლებიც 2012 წელს სლოვენიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე და მანამდე დავამარცხეთ. ეს ფეხბურთელების განვითარებაზე ძალზე უარყოფითად მოქმედებს.

თუმცა, იმედია, ამ სამი შეხვედრისთვის ყველა მოთამაშე მწყობრში იქნება, შესაძლებლობების მაქსიმუმს გამოვავლენთ და პირველ შესარჩევ ეტაპს გადავლახავთ.

შესარჩევი მატჩების განრიგი
13 ნოემბერი
ჰოლანდია-მოლდოვა
საქართველო-უელსი

15 ნოემბერი
ჰოლანდია-უელსი
საქართველო-მოლდოვა

18 ნოემბერი
მოლდოვა-უელსი
საქართველო-ჰოლანდია

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 5 /
რაღაც ამანაჩ ხომ არ დაკარგა ხალისი?!ისე მაგარი რომ ყოფილიყო სირბანჯურასავიტ დინამოდან არ აახვევინებდნენ,,,
Vova
22:48 28-10-2013
0
გუჯა კოკაკოლაზე გაზრდილი თაობაა რას თხოვ?!70%წელგადაკეთებული,სანამ ბავშვებს ეთამაშებიან თანასწორად ჩანან და როცა ოპონენტები კაცდებიან თვითონ ხდებიან ფარჩაკები
Vova
22:51 28-10-2013
0

სიახლეები პოპულარული