U19. საქართველო VS უელსი - მაქსიმალური მობილიზება, თუნდაც მინიმუმისთვის!

AutoSharing Option
13 ნოემბერს ვასილ მაისურაძის მიერ გაწვრთნილი საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე პირველ შეხვედრას გამართავს - "მიხეილ მესხზე" უელსს დაუპირისპირდება, ხოლო "დინამო არენაზე" ჰოლანდია მოლდოვას შეხვდება.

საქართველოსა და უელსის ნაკრებების მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას (14:00) "საზოგადოებრივი მაუწყებლის" პირველი არხი განახორციელებს.

შესარჩევის თბილისური ციკლი 18 ნოემბრამდე გაგრძელდება.

საქართველოს ნაკრების ბირთვს ის ფეხბურთელები შეადგენენ, რომლებმაც მაისურაძის ხელმძღვანელობით 2012 წელს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

მწვრთნელმა დაასახელა ის 18 ფეხბურთელიც, რომლებიც ევროშესარჩევში 19-წლამდელთა ნაკრების ღირსებას დაიცავენ:

მეკარეები: ბექა ქურდაძე ("საბურთალო"), ნიკა შერმადინი
("მეტალურგი", რუსთავი);
მცველები: ალექსანდრე გურეშიძე, გიგა სამხარაძე, ოთარ კაკაბაძე (ყველა - "დინამო"), ჯემალ ტაბიძე, გიორგი თევზაძე (ორივე - "საბურთალო"), ნიკოლოზ ჭანტურია ("ტორპედო");
ნახევარმცველები: გიორგი გოროზია, მათე ცინცაძე, ნიკოლოზ ახვლედიანი, ლუკა კიკაბიძე (ყველა - "ტორპედო"), გიორგი აბურჯანია ("დილა"), ლევან შენგელია ("დილა 2"), გიორგი პაპუნაშვილი ("დინამო");
თავდამსხმელები: დავით ჯიქია ("ტორპედო"), ლუკა ზარანდია ("ლოკომოტივი"), ილია კერძევაძე ("დილა 2").

სამწუხაროდ, გუნდში დანაკლისია - ვარჯიშზე მეკარე ოთარ გოშაძე დაშავდა და ნაკრებს ვეღარ დაეხმარება.

12 მაისს 19-წლამდელებმა მატჩისწინა ოფიციალური ვარჯიში ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრ "ბასაზე" ჩაატარეს. წვრთნაზე 15 წუთით მედიაც დაუშვეს. აქვე რამდენიმე კომენტარსაც გთავაზობთ:

ოთარ კაკაბაძე (მცველი. 2012 წელს 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში დაასახელეს):
"ახლა ჩვენგან მინიმუმ ევროპის ჩემპიონატზე გასვლას ითხოვენ. რა თქმა უნდა, მიზანი ახლაც იგივეა, მაგრამ წინ ჯერ უელსს უნდა მოვუგოთ.

რთული ბარიერებია გასავლელი და ვნახოთ, რა გამოგვივა. შემადგენლობა საკმაოდ შეცვლილია, რამდენიმე ძველი ფეხბურთელი გვაკლია. სამაგიეროდ, ბევრი ახალი და საინტერესო მოთამაშეც გვყავს".

ილია კერძევაძე (თავდამსხმელი):
"კარგი შეკრება გვქონდა და ტურნირის გახსნას იმედით ველით, თუმცა პირველი შეხვედრა ყოველთვის მძიმეა. ამას ისიც ემატება, რომ უელსის ნაკრებზე ინფორმაცია არ გვაქვს.

ნებისმიერ შემთხვევაში, მაქსიმალური მობილიზება გვჭირდება, ტურნირი გამარჯვებით რომ დავიწყოთ და გულშემატკივარი გავახაროთ".

* * *
მატჩისწინა წვრთნა XI ჯგუფის სხვა მონაწილეებმაც გამართეს. ჰოლანდიამ და მოლდოვამ "დინამო არენაზე" ივარჯიშეს, უელსმა - ვაკეში. 19 საათზე კი "მიხეილ მესხის" მედიაცენტრში ტურნირის ოფიციალური პრესკონფერენცია შედგა, რომელზეც ერთად წარდგნენ საქართველოს, მოლდოვას, ჰოლანდიისა და უელსის ნაკრებთა მთავარი მწვრთნელები.

გაურკვეველი მიზეზის გამო უელსელთა მთავარი მწვრთნელის, გარნეტ ვილიამსის ნაცვლად, მედიასთან შეხვედრაზე უელსის ნაკრების მეკარეთა მწვრთნელი ჯერი ვუდი გამოცხადდა.

ჯერი ვუდი (უელსი):
"პირველი შთაბეჭდილებები დადებითია. ჩვენ ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს. ალბათ, მეტოქეთა მწვრთნელებიც ანალოგიურს იტყვიან. იმედია, წინ საინტერესო ტურნირი გველის და წარმატებას მივაღწევთ".

ვიმ ვან ზვამი (ჰოლანდია):
"კარგი მოსამზადებელი ეტაპი გავიარეთ. სექტემბერსა და ოქტომბერში რამდენიმე საკონტროლო შეხვედრა ჩავატარეთ, მაგრამ ოფიციალურ მატჩებს მაინც სხვა დატვირთვა და ემოცია აქვს.

ახლა მხოლოდ მოლდოვასთან კარგად თამაშზე ვფიქრობთ, რადგან კარგი დასაწყისი ყოველთვის მნიშვნელოვანია - ჩვენს ასაკში ხომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს. ასე, მაგალითად, შესარჩევ ტურნირს გამოეთიშნენ საფრანგეთი, იტალია და ხორვატია.

მოკლედ, სამივე მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჰოლანდიის მიზანი პირველი ადგილის დაკავებაა".


იური ოსიპენკო (მოლდოვა):
"სასიამოვნოა, რომ კვლავ საქართველოში ვარ. თბილისში პირველად არ ჩამოვსულვარ და იმედია, თავს ისე ვიგრძნობთ, როგორც საკუთარ სახლში.

ჩვენ ძალიან ძლიერ ჯგუფში მოვხვდით, მაგრამ აქ დასასვენებლად არ ვართ. მჯერა, კარგად ვითამაშებთ და ყველასთვის ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებით".


ვასილ მაისურაძე (საქართველო):
"ჰოლანდიელების მსგავსად, ჩვენც აქცენტი პირველ შეხვედრაზე გადავიტანეთ. უელსთან მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია და მის შედეგზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

ძლიერი ჯგუფია და ფავორიტის დასახელებისგან თავს შევიკავებ".


ჩვენი ჯგუფის სრული კალენდარი კი ასეთია:
13 ნოემბერი
"მიხეილ მესხი"
საქართველო-უელსი 14:00

"დინამო არენა"
ჰოლანდია-მოლდოვა 15:00

15 ნოემბერი
"მიხეილ მესხი"
საქართველო-მოლდოვა 14:00

"დინამო არენა"
ჰოლანდია-უელსი 15:00

18 ნოემბერი
"მიხეილ მესხი"
საქართველო-ჰოლანდია 15:00

"დინამო არენა"
უელსი-მოლდოვა 15:00

სულ ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე 13 ჯგუფია. ელიტრაუნდში თითოეული ჯგუფის 2-2 გამარჯვებული გადის და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი ემატება.

ელიტრაუნდის ყველა მონაწილე 19 ნოემბერს გახდება ცნობილი. 28 ნაკრები 7 ჯგუფში გადანაწილდება. ამ ჯგუფების გამარჯვებულები ფინალურ ეტაპზე (19-31 ივლისი) იასპარეზებენ მასპინძელ უნგრეთთან ერთად.

ელიტრაუნდის 20 მონაწილე უკვე გამოვლინდა: ჩეხეთი, კვიპროსი, რუმინეთი, ლიტვა, ირლანდია, შვედეთი, ბელგია, ისლანდია, გერმანია, შოტლანდია, ალბანეთი, ბულგარეთი, ინგლისი, შვეიცარია, დანია, ისრაელი, თურქეთი, ჩერნოგორია, რუსეთი, უკრაინა.

საინტერესოა, რომ ელიტრაუნდის მიღმა დარჩნენ საფრანგეთი, იტალია, საბერძნეთი და ხორვატია.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვასილ მაისურაძე: ჰოლანდიასთან მაინცდამაინც მოგებას ნუ მოგვთხოვთ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული